მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ისრაელი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის უკან მდგომი სარდალი მოკლა - Netgazeti

ისრაელი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის უკან მდგომი სარდალი მოკლა - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ცნობით, ისრაელის ოპერაციის შედეგად მოკლულია ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი ალირეზა თანგსირი.

„გასულ ღამეს, ზუსტი და მომაკვდინებელი ოპერაციის შედეგად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის, თანგსირისა და საზღვაო სარდლობის სხვა მაღალჩინოსნების ლიკვიდაცია მოახდინეს. ჩვენ გავაგრძელებთ ირანში სრული ძალით მოქმედებას, რათა ომის მიზნებს მივაღწიოთ“, — განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა.

კაცმა ამ ოპერაციას ასევე უწოდა „მნიშვნელოვანი გზავნილი ამერიკელი პარტნიორებისთვის, რაც ასახავს ისრაელის თავდაცვის ძალების დახმარებას ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაში“.

ირანის ხელისუფლებას თანგსირის გარდაცვალების ცნობებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

CNN-ის ცნობით, თანგსირი სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა საჯარო სივრცეში მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს. ის იყო მთავარი ფიგურა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის თითქმის სრული ბლოკადის უკან.

ომის განმავლობაში ის სოციალურ ქსელებში აქტიურობდა. თანგსირის ბოლო პოსტი პლატფორმა X-ზე სამშაბათით თარიღდება, სადაც ის აღნიშნავდა, რომ სრუტეში ნებისმიერი გემის გავლა ირანის საზღვაო უწყებასთან სრულ კოორდინაციას საჭიროებს.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია