
პროკურატურის წინ მაღაროელებს საპროტესტო აქცია არ გაამართვინეს - Netgazeti
დღეს, 26 მარტს, თბილისში, პროკურატურის წინ პოლიციამ მაღაროელებს საპროტესტო აქცია არ გაამართვინა.
როგორც მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, მათ აქცია ყველანაირი კანონი დავიცავით ჰქონდათ დაგეგმილი, მათ შორის ჰქონდათ დაწერილი ოფიციალური განცხადებაც. თუმცა ამის მიუხედავად, მაღაროელებს აქცია არ გაამართვინეს.
„დღეს გვქონდა დაგეგმილი საპროტესტო აქცია პროკურატურის შენობის წინ. მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი კანონი დავიცავით, მივმართეთ ოფიციალურად და ასე შემდეგ.
მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ოთხი ჭიათურელი არის უსამართლოდ დაკავებული, თითქოსდა ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით. მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა, რომელმაც გამოიტანა განაჩენი 20 იანვარს, დღემდე ვერ დაწერა და არ ჩააბარა განჩინება ოფიციალურ დონეზე. აი, ეს კიდევ ერთი დარღვევა.
ჭიათურიდან აქ ჩამოსულებს დაგვხვდა კიდევ ერთი არასასიამოვნო სიურპრიზი პოლიციელების მხრიდან. არ გვაძლევენ უფლებას, რომ პროკურატურის წინ მითითებულ ადგილზე ჩავატაროთ საპროტესტო აქცია და გვთავაზობენ დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით, სადაც ერთის მხრივ არის პსპ-ს სააფთიაქო ქსელი, მეორეს მხრივ არის ბინათმშენებლობა და უზარმაზარი ხმაურია. ფაქტობრივად აზრიც კი ეკარგება იქ საპროტესტო აქციის ჩატარებას.
ჩვენ პროტესტის ნიშნად ვწყვეტთ საპროტესტო აქციას და ვუცხადებთ უარს, უნდობლობას, უარყოფას იმ ახლად მიღებულ კანონს, რის საფუძველზეც უნდა დაიცვა წესები, ხუთი დღით ადრე მიმართო, მან უნდა მოგცეს ნებართვა რა ლოკაციაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თითქოს მშვიდობიანი და უწყინარი კანონი მიიღეს შეკრების და მანიფესტაციის შესახებ, მაგრამ იმდენად გაამკაცრეს, ფაქტობრივად საპროტესტო აქცია სადაც საჭიროა, რომ ჩაატარო, მის ნაცვლად გთავაზობენ ისეთ ადგილს, საიდანაც საპროტესტო აქციის ჩატარებას აზრიც არ ექნება.
ამიტომ ჩვენ ვბრუნდებით ისევ ჭიათურაში და პროტესტის ნიშნად აღარ გავაგრძელებთ საპროტესტო აქციას. მინდა მოვუწოდო ასევე, ვთხოვო ყველას, რომ ის კანონები ვითომ უწყინარი იყო თავიდან, ამ ფორმით მიიღეს, იმდენად ამკაცრებენ დროდადრო და ნელ-ნელა ისე უჭერენ მოსახლეობას, გაჭირვებულ ადამიანებს მარწუხებს, რომ ბოლოს, ალბათ, ერთი დიდი აფეთქების ტალღა იქნება საჭირო, რომ ეს კანონები, რომელიც უსამართლოდ არის მიღებული, პირწმინდად იყოს განულებული“, – განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.
მაღაროელებს პროკურატურასთან ის გადაწყვეტილება უნდა გაეპროტესტებინათ, რომლის შედეგადაც მათ თანამებრძოლებს ჯერ ბრალი წარედგინათ და შემდეგ პატიმრობა მიესაჯათ დანაშაულისთვის, რომელიც მათი თქმით, არ ჩაუდენიათ.
აქციის ორგანიზატორებს ასევე სურდათ, რომ პროკურატურისთვის მოეთხოვათ დაინტერესდეს და გამოიძიოს ქალაქ ჭიათურაში სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევები, კორუფციული სქემები, სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი გამოყენება და ბევრი სხვა ფაქტი.
მაღაროელები ასევე ითხოვენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა შეისწავლოს ჭიათურის მერიის და ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობა.
მაღაროელები კვლავ ითხოვენ ტელევიზიებისგან, რომ მათთან არგუმენტირებულ დებატებში მიიწვიონ ირაკლი კობახიძე და მარიამ ქვრივიშვილი.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge