
რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთში 350 ტონა ხორბალი გაიგზავნა - Netgazeti
სომხეთში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ტრანზიტით კიდევ ერთი პარტია – 350 ტონა მარცვლეული გაიგზავნა. ამის შესახებ სააგენტო APA იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ხუთი სარკინიგზო ვაგონი დღეს ბაქოს ბილაჯარის სადგურიდან დაიძრა და ბოიუკ-ქესიკის მიმართულებით გაემართა. აღნიშნული ტვირთი წარმოადგენს რუსეთისგან სომხეთში მიწოდებული მარცვლეულის მორიგ პარტიას, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტდება.
მანამდე, 24 მარტს, ბაქოდან სომხეთში უკვე გაიგზავნა ოთხი ვაგონი 271 ტონა სასოფლო-სამეურნეო სასუქით და ერთი ვაგონი 68 ტონა წიწიბურით. საერთო ჯამში, აზერბაიჯანის გავლით სომხეთში ტრანზიტით გადაზიდულმა რუსული მარცვლეულის მოცულობამ უკვე 23 ათას ტონას გადააჭარბა. ტვირთი აზერბაიჯანიდან ჯერ საქართველოს მიმართულებით მიემართება, შემდეგ კი სომხეთში შედის.
ეს პროცესი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 2025 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთის მიმართულებით სატრანზიტო შეზღუდვების მოხსნის შესახებ განაცხადა. სომხეთის ხელისუფლებამ აღნიშნული ნაბიჯი რეგიონული კომუნიკაციების გახსნისთვის მნიშვნელოვან წინსვლად შეაფასა.
გარდა ამისა, ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, აზერბაიჯანმა სომხეთში საწვავის მიწოდებაც დაიწყო: 2025 წლის დეკემბერში განხორციელდა ბენზინის პირველი ექსპორტი, ხოლო 2026 წლის იანვარში – მეორე პარტია. მარტში კი ცნობილი გახდა, რომ სომხეთში 4,5 ათასი ტონა დიზელის საწვავი გაიგზავნა.
ექსპერტების შეფასებით, ამ მოცულობის ენერგომატარებლების მიწოდება ეკონომიკურად დიდი არ არის და უფრო მეტად პოლიტიკურ ჟესტად განიხილება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას უკავშირდება.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge