
სომხეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ჩარევები რუსულ, თურქულ და აზერბაიჯანულ წყაროებში ვლინდება - ერევანი - Netgazeti
„არმენპრესის“ ცნობით, საპარლამენტო ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა, ლილით მინასიანმა განაცხადა, რომ სომხეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ჩარევები სხვადასხვა ქვეყნის მედიაპლატფორმებზე ვლინდება, ძირითადად კი – რუსულ, თურქულ და აზერბაიჯანულ წყაროებში.
„გარე ჩარევის თვალსაზრისით, ქვეყნების ჩამონათვალი ვრცელია და ამის გამოვლინებებს ჩვენ სრულიად ღიად და მკაფიოდ ვხედავთ როგორც რუსულ, ისე თურქულ და აზერბაიჯანულ პრესაში“, – განაცხადა მინასიანმა.
მისივე განმარტებით, მსგავსი ჩარევები ხშირად ყალბი ინფორმაციის გავრცელებით გამოიხატება, რაც მიზნად ისახავს პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების დისკრედიტაციას.
„პუბლიკაციები ვრცელდება სხვადასხვა ანონიმურ საიტზე ან ცნობილი გამოცემების სახეცვლილი სახელწოდებების მქონე პლატფორმებზე, რათა მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ“, – თქვა დეპუტატმა.
მინასიანის თქმით, ხელისუფლება ცდილობს ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება მსგავს პუბლიკაციებზე და უარყოს ყალბი ცნობები მანამ, სანამ ისინი ფართოდ გავრცელდება. მან მედიასაშუალებებსაც მოუწოდა, თვალი ადევნონ ოფიციალურ განმარტებებს და მხარი დაუჭირონ დეზინფორმაციასთან ბრძოლას.
„ჩვენ პროაქტიულად ვმუშაობთ ამ ინფორმაციის უარყოფაზე და მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, თვალი ადევნონ ამ განცხადებებს და ხელი შეუწყონ მათ გავრცელებას“.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge