მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
დეზინფორმაციაზე ბრიტანული პარლამენტის ანგარიშში საქართველოც მოხვდა - Netgazeti

დეზინფორმაციაზე ბრიტანული პარლამენტის ანგარიშში საქართველოც მოხვდა - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში დეზინფორმაციის შესახებ საქართველოც მოხვდა.

კომიტეტი ბრიტანეთის მთავრობას რუსული კანონის მხარდამჭერი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების, კლეპტოკრატებისა და დეზინფორმაციული მედიასაშუალებების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპისთვის უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) საფრთხე მოდის რუსეთიდან, რომელიც მნიშვნელოვან რესურსებს აბანდებს ასეთ ოპერაციებში, რათა მოიპოვოს გავლენა განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში, სამხრეთ კავკასიასა და „ჩრდილოეთ-ბალტიის რვიანში“.

„საქართველო კვლავ რჩება „ფრონტის ხაზზე“ მყოფ ქვეყნად შავი ზღვის რეგიონში რუსეთსა და დასავლეთს შორის გავლენისთვის ბრძოლაში. გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი მხარს უჭერდნენ ქართველი ხალხის სურვილს, იმოძრაონ დასავლური სტილის ლიბერალური დემოკრატიისკენ, ნატო-სა და ევროკავშირის წევრობის პოტენციალით. მაშინ როდესაც რუსეთს მტკიცედ სურს აღკვეთოს მეზობელი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება და მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ანკლავებს. რუსეთის სურვილი, ხელი შეუშალოს საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას, საფუძვლად დაედო იმ დაძაბულობას, რასაც მოჰყვა რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წლის 7 აგვისტოს და 2024 წლის სადავო არჩევნები“, — ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში მიუთითებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების სადავო შედეგებმა გამოიწვია მასშტაბური პროტესტი „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ციტირებს სალომე ზურაბიშვილს, რომ ეს იყო „დახვეწილი მანიპულაციური ოპერაცია, რომელიც აშკარად შთაგონებული და მხარდაჭერილი იყო რუსების მიერ და რუსული მეთოდებით“.

თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში სახელწოდებით „დეზინფორმაციის დიპლომატია: როგორ ცდილობენ მავნე აქტორები დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას“, რომელიც 2024-26 წლებს მოიცავს, მოხვდა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაც.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა ძალაუფლების კონსოლიდაცია, შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები ჩინურ კომპანიებს გადასცა და იმეორებდა პრორუსულ, ანტიდასავლურ ნარატივებს.

„პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი, რომელმაც ქონება 1990-იანი წლების პოსტსაბჭოთა რუსეთში დააგროვა საბანკო, მეტალურგიული და ტელეკომუნიკაციების კომპანიების დაარსებით, სანამ 2003 წელს საქართველოში დაბრუნდებოდა. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012 წელს გახდა და ამ პოსტზე ერთი წელი დაყო, სანამ აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდებოდა. ბიძინა ივანიშვილმა გაიმეორა რუსული ანტიდასავლური ნარატივები, მათ შორის ის, რომ დასავლეთი ცდილობს გამოიყენოს საქართველო უკრაინის კონფლიქტში „მეორე ფრონტის“ გასახსნელად „გლობალური ომის პარტიის“ მეშვეობით“, — ნათქვამია ანგარიშში.

კომიტეტმა განმარტება სთხოვა სახელმწიფო მინისტრ სტივენ დაუთის, თუ რა დახმარებას უწევდა ბრიტანეთის მთავრობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს დეზინფორმაციასთან საბრძოლველად. საპასუხოდ, მინისტრმა აღნიშნა, რომ „სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა დიდი ხანია საქართველოსთან პარტნიორობის მთავარი საყრდენია“ და ხდება იმ პროგრამების დაფინანსება, რომლებიც მხარს უჭერენ დამოუკიდებელ მედიასა და არაკომერციულ ორგანიზაციებს მიუკერძოებელ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა უარყო, რომ დასავლეთი დაეხმარა მათ რუსულ ჩარევასთან ბრძოლაში: „ჩვენ არანაირი მხარდაჭერა არ მიგვიღია. რუსული სტრატეგიის წინააღმდეგობის გაწევის მკაფიო სტრატეგია არ არსებობდა“.

თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი აცხადებს, რომ „ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში დემოკრატიის უწყვეტი გაუარესებით, რაც მისი ამჟამინდელი ტრაექტორიით გამოიწვევს ფესვგადგმულ ავტოკრატიას, რომელიც მყარად იქნება მოქცეული რუსეთის გავლენის სფეროში, ბელარუსის მსგავსად“.

„ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების, ოპოზიციური ხმების ჩახშობის, ლეგიტიმური პროტესტის შეზღუდვისა და დეზინფორმაციის გავრცელების გამო. ეს ქმედებები იმეორებს რუსულ სცენარს და მიუთითებს თბილისსა და მოსკოვს შორის კოორდინაციაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებს იმ ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირების შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ ადამიანის უფლებების დარღვევის ხელშეწყობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, აამოქმედოს ახალი მიზნობრივი ფინანსური და სამოგზაურო სანქციები „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს“, ასევე ქართველ კლეპტოკრატებზე და ქართულ მედიაორგანიზაციებზე, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას“, — ნათქვამია ანგარიშში.

კომიტეტი მიიჩნევს, რომ ეს დამატებითი სანქციები მნიშვნელოვნად გაზრდის ზიანს მათთვის, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის სურვილს ევროპული კურსის მიმართ, და იქნება გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის ნიშანი ქართული დემოკრატიისადმი და არა ავტოკრატიისადმი.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია