
ჰუსიტები ახლო აღმოსავლეთის ომში ჩაერთნენ - Netgazeti
ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტების ამბოხებულთა მოძრაობამ განაცხადა, რომ შაბათს ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, რითაც ომში ჩართვა დაადასტურა.
„იემენის შეიარაღებულმა ძალებმა, ყოვლისშემძლე ალაჰის შეწევნითა და მასზე დაყრდნობით, განახორციელეს პირველი სამხედრო ოპერაცია ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით, რომელთა სამიზნეც ოკუპირებული პალესტინის სამხრეთში მდებარე ისრაელის სენსიტიური სამხედრო ობიექტები იყო“, — ნათქვამია ჰუსიტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჰუსიტების განცხადებით, ეს ოპერაცია იყო პირდაპირი პასუხი „გაგრძელებულ სამხედრო ესკალაციაზე და იმ დანაშაულებსა და ხოცვა-ჟლეტაზე“, რომელიც მათი ძმების წინააღმდეგ ლიბანში, ირანში, ერაყსა და პალესტინაში ხორციელდება.
ამბოხებულთა თქმით, რომ ეს არის ნაწილი ე.წ. „პირდაპირი სამხედრო ინტერვენციისა“ ირანის მხარდასაჭერად.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა მანამდე განაცხადეს, რომ დააფიქსირეს იემენიდან ისრაელის მიმართულებით ნასროლი რაკეტა და მის ჩასაჭრელად მუშაობდნენ.
CNN-ის ცნობით, ჰუსიტების ჩართვამ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში შესაძლოა რეგიონის ნავთობის ექსპორტი და ნაოსნობა კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე დააყენოს.
ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად უკვე ერთი თვეა ჩაკეტილია. ჰუსიტებს შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან კიდევ ერთ კრიტიკულ წერტილს — ბაბ-ელ-მანდების („ცრემლების ჭიშკარი“) სრუტეს, რომელიც წითელ ზღვასა და ინდოეთის ოკეანეს აკავშირებს.
ჰუსიტებმა წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე იერიშების მიტანა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისრაელმა 7 ოქტომბრის თავდასხმების საპასუხოდ ღაზაში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. სანამ გასული წლის ნოემბერში ჰუსიტები თავდასხმების შეჩერებას გამოაცხადებდნენ, 100-ზე მეტი გემი დაიბომბა.
ვინ არიან ჰუსიტები?
ჰუსიტები იემენის უმცირესობაში მყოფი შიიტი მუსლიმების, ზაიდების შეიარაღებულ პოლიტიკურ და რელიგიურ დაჯგუფებას წარმოადგენენ.
ჰუსიტების ან „ანსარ-ალაჰის“ („ღვთის პარტიზანები“) სახელით ცნობილი ჯგუფი გაჩნდა 1990-იან წლებში. ჰუსიტების დაჯგუფებას სახელი ეწოდა მოძრაობის გარდაცვლილი დამფუძნებლის, ჰუსეინ ალ-ჰუთის მიხედვით. ამჟამინდელი ლიდერი მისი ძმა აბდულ მალიქ ალ-ჰუთია.
2000-იანი წლების დასაწყისში ჰუსიტები მონაწილეობდნენ იემენის ავტორიტარი პრეზიდენტის ალი აბდულა სალეჰის წინააღმდეგ აჯანყებების სერიაში, რათა მიეღოთ ფართო ავტონომია ჩრდილოეთ იემენში.
მათ დაიკავეს სანა და დაამყარეს კონტროლი იემენის დიდ ნაწილზე ჩრდილო-დასავლეთით, საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა კი ადენში გადავიდა.
ჰუსიტები, „ჰამასთან” და „ჰეზბოლასთან” ერთად, თავს მიიჩნევენ ირანისგან მართული „წინააღმდეგობის ღერძის” ნაწილად, რომელმაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ისრაელს, აშშ-სა და მთლიანად დასავლეთს.
ვინ არიან ჰუსიტები, რომლებიც წითელ ზღვაში გემებს უტევენ
გარეკანის ფოტო: ჰუსიტების მხარდამჭერთა ირანისადმი სოლიდარობის აქცია სანაში, იემენში, 2026 წლის 27 მარტს; EPA/YAHYA ARHAB
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge