
“ეკლესიას მოაკლდა მმართველი ბრძენი მესაჭე” – მსოფლიო პატრიარქის სიტყვა ილია II-ის დაკრძალვაზე - Netgazeti
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დღეს, 22 მარტს, წესი აუგო მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა.წესის აგების მსახურების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ ხალხს მსოფლიო პატრიარქმა სიტყვით მიმართა და ილია მეორის შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველის სიტყვას სრულად: „როგორ არ ვტიროდეთ, უდიდესი ტკივილით ზნეობრიობის, პატივისცემისა და ღვთისმოყვარე ცხოვრების უდიდეს სიმაღლეზე მყოფი პიროვნების, ნეტარხსენებული მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ჩვენგან განშორებას. აღმოსავლეთის ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ იერარქთა პატივცემული დასი ეთხოვება თავის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ ბრძენ და ბრწყინვალე ძმას. საქართველოს ისტორიული ქვეყნის უწმინდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივღირსეული მწყემსმთავარი. ქვეყნის პატივცემულ წმინდა იერარქიას კი ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული და სამოძღვრო გამოცდილების მქონე მისი პირველი იერარქი, რომლის მიერაც ყველა მღვდელმთავარმა მიიღო მღვდელმთავრობის საღმრთო მადლი. პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი ყოვლად კეთილსა და ერისმოყვარე საქმეში. მშვიდობისა და ერთობის დესპანი. ღვთისმოშიში ქართველი ერი მოაკლდა მზრუნველ და მოსიყვარულე მამას, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ფხიზლობდა ღვთისმიერი აღმშენებლობისთვის, სულიერი განმტკიცებისთვის, საზოგადოებრივი წინსვლისა და მისი კეთილდღეობისათვის. წმინდა მოციქულთასწორი ნინოსა და წმინდა დიდმოწამე გიორგის ღვთისმოსავი მემკვიდრეობა მოკლებულია თავის პატივცემულ მცველსა და ერთგულ გამგრძელებელს. შესაძლოა განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობისმყოფელთან, იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა სულნათელმა პატრიარქმა ილია მეორემ. ჭეშმარიტი სვეტი სიმტკიცისა, როგორც ეკლესიის, ისე თავისი სამშობლოსი, რომელთაც თანაბრად უნაწილებდა სიყვარულს, ერთგულებასა და ყოველდღიურ ზრუნვას. ქრისტესა და მისი ეკლესიის მსახურებას ადრეულ ასაკში მიუძღვნა თავი, როდესაც იდევნებოდა სარწმუნოება, როდესაც ათეიზმი კანონით იყო დამკვიდრებული და ძალადობრივად ბატონობდა. მან შეძლო შეენარჩუნებინა სიბრძნე და უმანკოება სახარებისეული სიტყვების მიხედვით. გულმოდგინედ მოღვაწეობდა სათნოებასა და საღვთო მცნებების საქმით აღსრულებაში. იწვრთნებოდა ვითარცა მორწმუნე მსახური ქრისტესი და მნე ღვთის საიდუმლოთა. მთელი მისი ცხოვრება იყო მრავალმხრივი მოწმობა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და სახარებისეული ჭეშმარიტების ნამდვილი გამოცდილებისა. ამის გამო ღმერთმა ადრე ერწმუნა მას ჯერ მღვდელმთავრობის, ხოლო ძალიან მალე პატრიარქობის დიდი პასუხისმგებლობა. ნეტარხსენებული პატრიარქ დავით მეხუთის მემკვიდრედ. განაბრწყინა მან მისი წმინდა სამღვდელმთავრო ომოფორი 63 წლის, ხოლო საქართველოს საპატრიარქო ტახტი 49 წლის განმავლობაში, როგორც ამ ეკლესიის 141-ე საჭეთმპყრობელმა. არ დარჩენილა საქართველოში ეკლესიური, საზოგადოებრივი და ეროვნული ცხოვრების არცერთი სფერო, სადაც მას მისი პიროვნების თვალსაჩინო და სასარგებლო კვალი არ დაეტოვებინა. ღვთისმოსავი და თავმდაბალი, მლოცველი და ღვთისმსახურების მოყვარე, სასულიერო წოდების ღირსების მქონე, ძმათმოყვარე, მშვიდობისმყოფელი და შემრიგებელი, უშუალო და კეთილგანწყობილი, ტკბილი ქცევითა და სიტყვით, მრავალმხრივ განსწავლული და უაღრესად კეთილშობილი, დახვეწილი და შემოქმედი ბუნების. გამორჩეული ნიშნით ხატწერაში, ფერწერასა და მუსიკალურ შემოქმედებაში. და ასევე ხუროთმოძღვრებაში. მტკიცე და შეუვალი რწმენის, ღვთისმოსაობისა და ეკლესიის წმინდა ინტერესების დაცვაში, როგორც ქრისტეს მიბაძვის ჭეშმარიტი სახე და მოციქულთა და წმინდა მამათა ჭეშმარიტი მემკვიდრე. ღმერთმა იგი ღირსჰყო, რომ 1990 წლის 4 მარტს ჩვენი ნეტარხსენებული წინამორბედის, მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის ინიციატივით, მსოფლიო საპატრიარქოსგან – ერთადერთისგან, რომელსაც წმინდა კანონებიდან და ისტორიული ინსტიტუციური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე – მიეღო საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ავტოკეფალიის და საპატრიარქო ღირსების კანონიკური აღიარება. და ასევე იმავე თვისა და წლის 30 რიცხვში ფანარის წმინდა გიორგის სახელობის ყოვლადპატიოსან საპატრიარქო ტაძარში, მწყემსმთავართა ერთობლივი თანაწირველობის დროს, ოფიციალურად მიეღო საპატრიარქო და სინოდალური ტომოსი. მოკრძალებულ სიხარულს განვიცდი, რომ ჩვენ მიერ, როგორც იმჟამად ქალკედონის მიტროპოლიტმა და სინოდის წევრმა, ხელმოწერით დავადასტურეთ ეს წმინდა და ისტორიული ტომოსი. ასევე ღმერთმა ღირსჰყო იგი, რომ გამოეყვანა საქართველოს ეკლესია კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან დამოუკიდებლობისა და თავისუფალი ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში. სიმშვიდითა და დამღუპველი შფოთვამღელვარებების გარეშე. და საძირკვლიდან აღედგინა იგი: სასულიერო დასი, მონაზვნობა, ღვთისმეტყველება, კატეხიზაცია, სასულიერო განათლება, ლიტურგიკული და სულიერად სასარგებლო და თეოლოგიური წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოცემა. სოციალური ქველმოქმედება და კაცთმოყვარეობა. ახალი ტაძრებისა და მონასტრების აშენება ან ძველთა საძირკვლიდან აღდგენა. ქვეყნის შიგნით მისიონერობა, ერესებისა და უცხო პროპაგანდის წინააღმდეგობის გაწევა. ეკლესიათშორისი, ქრისტიანთშორისი და რელიგიათშორისი ურთიერთობები და დიალოგები. განხეთქილებისათვის დამახასიათებელი ტენდენციების შეკავება და აღკვეთა. შერიგებისა და მეგობრობის ხიდების აგება საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურ და ეროვნულ ცხოვრების ჯგუფებს შორის. ხალხისა და მისი ხელისუფლების მხარდაჭერა კრიტიკულ ვითარებებში, როცა საფრთხე შეექმნა როგორც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ისე საპატრიარქოს იურისდიქციას. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ მრავალ მიმართულებათაგანი, რომლებშიც პატრიარქი ილია მეორე ღვთის სიყვარულში დიდად წარემატა. და ეს ყოველივე არა დიდი ძალით ეკონომიკური თუ ამქვეყნიური, არც ძალაუფლებით, არამედ ყოვლისმპყრობელი უფლის სულით. ზაქარია წინასწარმეტყველი, მეოთხე თავის მეექვსე მუხლი -“რომელსაც იგი ყოველთვის მიაკუთვნებდა ყოველგვარ მიღწევას კრძალულებით, თავმდაბლური სულითა და მადლიერებით. ამის გამო ღირსეულად დიდად შეიყვარა იგი სასულიერო დასმა და მთელმა ერმა, როგორც ყველასთვის ნამდვილი მამა, მცველი, გამომზრდელი და ეპისკოპოსი. კეთილი მწყემსი, რომელიც ყოველდღიურად თავგანწირვით იღვწოდა თავისი სამწყსოსათვის. ამიტომაც დააფასეს იგი და პატივს მიაგებენ მას ისე, როგორც მცირედ თანამედროვე სახარების მუშაკთაგან. “ღირსია მუშაკი, რომ მას პატივი მიეგოს” – პირველი ტიმოთე მეხუთე თავის მე-18 მუხლი. ვინახავთ კეთილ მოგონებებში განსვენებულ წმინდა ძმასთან ჩვენს სასიამოვნოდ ნაყოფიერ ურთიერთობებს, თანამწირველობას. მართლმადიდებელ მწყემსმთავართა იმ შეკრებების ფარგლებში განხორციელებულ შეხვედრებს, რომელთაც ჩვენ სათანადო წესით პერიოდულად ვიწვევდით. განსაკუთრებით კი 2014 წლის მარტის შეკრებას, რომელიც ფანარში მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას დიდებული საპატრიარქო თანამსახურებით დაგვირგვინდა. ისევე როგორც ჩვენი სხვა ძმური კავშირები და ურთიერთობები. მისი უღრმესი პატივისცემა მსოფლიო საპატრიარქოსადმი და ჩვენდამი, მრავალგვარად გამოხატული მისი ძმური სიყვარული სრულად იქნა დაფასებული. მას ჰქონდა ჩვენდამი განუყოფელი პატივისცემა, გულსავსე სიყვარული და გულწრფელი მეგობრობა. რის გამოც ჩვენს გარდაუვალ ვალდებულებად მივიჩნიეთ, მიუხედავად ჩვენგან არცთუ შორს მიმდინარე მრავალი ცრემლისმომგვრელი ომით გამოწვეული სირთულეებისა, პირადად ჩამოვსულიყავით, რათა შეგვეერთებინა ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან. რათა ძმური სიყვარულის ყვავილებით დაგვეგვირგვინებინა და ყოველგვარი დიდებითა და პატივით დავკრძალოთ და უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ ღვთის რჩეული პიროვნება. ჩვენი ფრიად საყვარელი და პატივცემული ძმა და თანამწირველი, უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე. არამედ გამხნევდით ძმანო და შვილნო. თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს. სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: “მკვდარი ცოცხალია ვამბობ, რამეთუ მართალნი მკვდარნი ცოცხლობენ”. სადაცაა უხრწნელი ნათელი და ნეტარსახილველნი და ყოველივე წმინდა და უხილავი არს. ე.ი. ცოცხლობს სამება ღმერთის ყოვლადნათელ სასუფეველში, რომლის პატივსაცემად თბილისში წმინდა სამების სახელობის ბრწყინვალე ტაძარი აღიმართა. იგი ცოცხლობს თავისი ერის წმინდანებთან ერთად: მოციქულთასწორ წმინდა ნინოსთან, ქეთევანთან, ილარიონთან, დავითთან და თბილისში წამებულ ასი ათას მოწამესთან ერთად, ვიდრე მის თანამედროვე და მეგობარ ღირს ახალ გაბრიელ სალოსამდე. მაშასადამე, ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას, რათა დაგძლიოთ. კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები. სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი. და გიხაროდეთ, რამეთუ ახლა თქვენი სულიერი მამა, პატრიარქი ილია მეორე ცოცხალთამანეშია განდიდებული. იმაზე უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი თქვენს შორის იყო და აქვს მას კადნიერება ღვთის საყდრის წინაშე თქვენთვის უმეტესი შემწეობისა და სიკეთის მომტანი. მაშ მოწიწებით იამბორეთ მის წმინდა მამობრივ მარჯვენას. გამოითხოვეთ მისი ლოცვა-კურთხევა და ჩვენთან ერთად გამოემშვიდობეთ მას. შესაძლოა ერთი შეხედვით ლიტურგიკულად არათანმიმდევრულია, თუმცა ამ მწუხარებაში სიხარულიც სრულად შესაფერისია. მრავალხმიანი, ქუხილის მსგავსი, სიკვდილის განმაქარვებელი და სიხარულის ხმით სავსე: ქრისტე აღდგა! რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა და მადლიერება, აწ და უკუნითი უკუნისამდე, ამინ”.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge