მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
რა თქვეს „ოცნების“ ლიდერებმა ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე - Netgazeti

რა თქვეს „ოცნების“ ლიდერებმა ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

დღეს, 22 მარტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

დაკრძალვამდე, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი იყო დასვენებული, მსახურება გაიმართა. პატრიაქისთვის წესის აგების შემდეგ, სამებაში შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიომ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა და „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, ასევე მიხეილ ყაველაშვილმა.

ნეტგაზეთი გთავაზობთ მმართველი პარტიის ლიდერების მიერ სამების ტაძარში წარმოთქმულ სიტყვებს.

ბიძინა ივანიშვილის სიტყვა

„ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება მწუხარების და მღელვარების ისეთი წამი, როგორიც ახლა ჩემთვის დგას. დღეს მთელი ერის წინაშე ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას. დღეს ყველა ქართველის მსგავსად გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა ჩვენგანისთვის საერთოა. დღეს ყველა, დიდი თუ პატარა, დუმილითა თუ გამოთქმული სიტყვით, ვცდილობთ პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის გულში წარუშლელი კვალი დატოვა.სრულიად საქართველო ემშვიდობება უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და ეს ჩვეულებრივ განშორებას არ ჰგავს. არნახულად ღრმა, მძაფრი და მტკივნეულია, რადგან ეს განშორება საკუთარ თავში იტევს არა მხოლოდ გრძნობებსა და განცდებს, არამედ ეპოქას და დიდი სიყვარულის ისტორიას.ამბობენ, ადამიანი ორჯერ იბადება. პირველად ფიზიკურად, ხოლო მეორედ მაშინ, როცა ცხოვრების მიზანს შეიცნობს. თავად განსაჯეთ, რამდენად დიდი უნდა იყოს ადამიანი, რომ მისი მეორე დაბადება მხოლოდ პირად საზღვრებში კი არ მოექცეს, არამედ ქვეყნის ბედისწერას შეერწყას და ერისა და ბერის სულიერ გზას, მის მომავალს დაუკავშირდეს.ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, ყველაზე რთულ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა, უფლის განგებით, თავად ერმა წარმოშვა ადამიანები, რომლებიც კვერთხად ექმნენ ერს დარღვეულს. თუ არა უფლის ნება, სხვაგვარად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან შვა ილია ჭავჭავაძე, ქართველი ერის მამა, რომელმაც მომაკვდავი ერი გააცოცხლა.თუ არა უფლის ნება, სხვაგვარად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან შვა ილია მეორე, საქართველოს სულიერი მამა, რომელმაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღადგინა და ქართველი ხალხის სულიერი ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან. ადამიანები, რომელთა სიდიადე საკუთარი ქვეყნისა და ხალხისათვის თავგანწირვით განისაზღვრება. მათი მემკვიდრეობა კი უკვდავია, რადგან დიდი ადამიანები არსად მიდიან. ისინი ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში ცოცხლობენ და იცოცხლებენ მარად, მანამ სანამ მათი იდეალების ერთგულნი ვრჩებით.უწმინდესისა და უნეტარესის პატრიარქობის წლებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იქცა სივრცედ, სადაც ადამიანებმა კვლავ იპოვეს ღმერთი, დაუბრუნდათ რწმენა, სიმშვიდე და ერთიანობის განცდა. კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად მძიმე ჟამს. ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ.უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრება არ ყოფილა მხოლოდ პირადი სულიერი არჩევანი, არამედ მისია, რომელმაც არაერთი თაობის სულიერი ორიენტირი განსაზღვრა. გზა, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მთელ ერს აერთიანებდა, მისი საქმისა და მსახურების ძვირფასი ნაყოფი კი ჩვენს საერთო და მტკიცე საძირკვლად იქცა.ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას, ხალხს დიდი განსაცდელი ან დიდი სიხარული აერთიანებს. დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში სწორედ ასეთი მომენტი დგას. მილიონობით ქართველი მდუმარედ ვხვდებით დიდ განსაცდელს და სწორედ ამ გამაყრუებელ დუმარებაში, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა ისმის, ამ ქვეყნის თითოეული შვილი მთელი სისავსით გრძნობს, თუ რამდენად დიდია დანაკლისი, რომელსაც ტოვებთ.ამ სიჩუმეში ვემშვიდობებით ეპოქას, ომელსაც თქვენი სახელი ერქვა. დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სულიერ შვილებად. მოძღვრისა, რომელმაც როგორც მთელი სიცოცხლე, გარდაცვალებაც საკუთარი სამწყსოს, ქართველი ხალხის ერთ მუშტად შეკვრასა და გაერთიანებას მიუძღვნა.უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა. სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის. ახლაც, როგორც მაშინ ეპოქა გათავდა დიდი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ირაკლი კობახიძის სიტყვა

„ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. დღევანდელი დღე არის უდიდესი ტკივილით სავსე თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს დასრულდა დიდი ეპოქა. ვემშვიდობებით ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს, სულიერ მამას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოსა და დედა ეკლესიის მსახურებას მიუძღვნა. ამასთან ერთად, დღევანდელი დღე არის აღმატებულიც თითოეული მორწმუნე ქართველისთვის. დღევანდელი დღეს განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვიძლია შევიგრძნოთ ჩვენი პატრიარქის სიდიადე და სიამაყით შევახსენოთ ჩვენს თავს, თუ რამდენად დიადია ერი, რომლის წიაღშიც ასეთი მოღვაწე შეიძლება იშვას.უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობის პირველი წლები გასდევდა ქართული კულტურის ოქროს ხანას. იმ ეპოქის ქართველი მოღვაწეები ქმნიდნენ ახალ შემოქმედებით საგანძურს, რითაც ამდიდრებდნენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სულიერებას. უწმინდესმა და უნეტარესმა ამ საქმეს ახალი განზომილება შესძინა და ის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებაში გარდასახა. გასული წლების განმავლობაში ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა მრავალმა მოღვაწემ, მთელმა თაობამ, რომელთაც ქართული კულტურის ოქროს ხანის შექმნაში გამორჩეული წვლილი მიუძღვით. დღეს კი ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი. ასეთ დროს, პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები: „წინაპართაგან წავიდა ყველა“ და ამ დროს შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა.ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგვიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი რჩება ჩვენთან ერთად და ზეციური საქართველოდან, ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ჩვენს დედა ეკლესიას. როდესაც ვფიქრობ პატრიარქზე და მის მოღვაწეობაზე, მახსენდება კიდევ ერთი სიტყვები დიდი ქართველი პოეტის იმავე ლექსიდან „გაშალა ველი ნელმა ნიავმა, და მელანდება მე მის წიაღში მოხუცი მამა, მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში“.ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება მოხუცი მამის ეს ხატება. ბევრჯერ გაგვახსენდება უწმინდესი და უნეტარესი ილია II, როგორც მოხუცი მამა უვლის მისთვის უძვირფასეს ვენახს, როგორ ევლება თავს დედა ეკლესიას, თავის სამშობლოს და თითოეულ სულიერ შვილს. მადლობა უწმინდესს და უნეტარესს მისი მოღვაწეობისთვის, უდიდესი ღვაწლისთვის და განუზომელი სიყვარულისთვის. ღმერთმა დალოცოს უწმინდესი და უნეტარესის, ილია მეორის სული, ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა ირაკლკი კობახიძემ.

შალვა პაპუაშვილის სიტყა

„ეს არის დღე, როდესაც სიტყვა ძნელდება. რადგან ის, რაც ჩვენ გვტკივა, სცდება ჩვეულებრივ ტკივილს, და ის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, სცდება ჩვეულებრივ გლოვას. ეს დღეები ჩვენ ვდგავართ სიჩუმეში, რომელიც სავსეა ლოცვით. ჩვენი წმინდა პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წარსდგა უფლის წინაშე, თავისი შრომით და თავისი ღვაწლით.მისი ღვაწლი ვართ ჩვენ, მისი ერი, მისი სამწყსო, მისი სულიერი შვილები. უფალმა ის მოავლინა მარტო კაცად და ის უბრუნდება შემოქმედს მთელი ერით – ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა.ჩვენ ვართ პატრიარქის თაობა. ჩვენ ვართ იმ უნიკალური მოვლენის მოწმენი, როდესაც მთელი ერი, ერთი ადამიანით არის სულიერად დაკავშირებული. როდესაც საქართველოს ყველა მოქმედი სასულიერო პირი მისი ლოცვა-კურთხევით არის ხელდასხმული და საქართველოს ქრისტიანთა აბსოლუტური უმრავლესობა – მისი ლოცვა-კურთხევით მონათული. ჩვენი ორიათასწლოვანი ეკლესიის დღევანდელი სიმრავლე, სახე და ფორმა მის მიერ არის შექმნილი.უწმინდესი და უნეტარესი აღმოჩნდა ჩვენი ერისა და ეკლესიის ის მტკიცე დუღაბი, რომელმაც უღმერთობისა და ნიჰილიზმის დროში ჩვენი წარსული აწმყოსთან, ხოლო აწმყო მომავალთან დააკავშირა.და მართლაც, ჩვენ ვიხილეთ ღვთის სასწაული, ფერფლიდან აღმდგარი ქართული ეკლესია, რომელიც მან მარტომ, შიშველი ხელებით თავიდან გამოკვეთა.მან ეს შეძლო იმიტომ, რომ იცოდა მთავარი. დღევანდელ მსოფლიოში მრავალი ღირებულება იბრძვის პირველობისთვის – თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, სამართლიანობა. უწმინდესი და უნეტარესი თითოეულ მათგანს თავის ადგილს მიუჩენდა, მაგრამ გვასწავლიდა მთავარს: თავისუფლებაც, თანასწორობაც და ყველა სხვა, აზრს კარგავს, თუ არ დგას უმთავრეს ღირებულებაზე – სიყვარულზე.ჩვენ გვყავდა სიყვარულის პატრიარქი. მისი დაუღალავი მქადაგებელი. იგი თავისი ცხოვრებით იქცა მაგალითად, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს ყველა – შინაურიც თუ უცხოც, მოყვარეც და მტერიც, მართალიც და ცოდვილიც. მან შეძლო შეუძლებელი – როგორც ქრისტიანმა აღასრულა ქრისტეს რჯული, როგორც ბერმა დაიცვა აღთქმა, როგორც პატრიარქმა ზიდა თავისი ერის უმძიმესი ჯვარი.დასრულდა მისი მიწიერი გზა, მაგრამ დარჩა სიყვარული, მისი სიყვარული ჩვენს მიმართ, რომელიც ამ დღეებში მთელმა ერმა მადლიერებით დავუბრუნეთ.სწორედ ეს იყო მისი მთავარი ოცნება, ეხილა ქრისტეს ეკლესიაში გამთლიანებული თავისი ერი. მან ეს შეძლო. და სწორედ ასე წარსდგა უფლის წინაშე – პირნათელი და მადლმოსილი.ეს ვართ ჩვენ, მისი თაობა, რომელთაც ვიცხოვრეთ მასთან ერთად, ვიხილეთ იგი, ვიგრძენით მისი მადლი და ვამოწმებთ მის სიდიადეს. მაგრამ მისი ისტორია აქ არ სრულდება. ჩვენს შემდეგ, გზას ისევ მისი თაობა გააგრძელებს, მისი ნათლულების თაობა, ჩვენი შვილები, რომლებიც მის სახელს, მის კურთხევას და მის მადლს ატარებენ. ასე გასდო მან ხიდი დროთა შორის და შეადუღაბა ჩვენი ერი.“დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენი”. საუკუნოდ იყოს ჩვენი პატრიარქის ხსენება! მისმა ლოცვამ და მეოხებამ დაიფაროს სრულიად საქართველო!“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია