
მოსაყდრე შიოს სიტყვა სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის მსახურებაზე - Netgazeti
დღეს, 22 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის მსახურებაზე სამებაში შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიომ.
მიტროპოლიტმა შიომ თავდაპირველად მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს.
გთავაზობთ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სიტყვას სრულად:
„თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, შეუძლებელია, რომ ჩვენ არ აღვნიშნოთ თქვენი საოცრად თბილი სიტყვები და ძლიერი და სულიერი სიტყვა. და მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. საყოველთაოდ ცნობილია თქვენი სიყვარულის შესახებ და პატივისცემის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასადმი, მისი ღვაწლისადმი.
აი, თქვენ თქვენს სიტყვაში აღნიშნეთ თქვენი მონაწილეობის შესახებ საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების საქმეში. და რა თქმა უნდა, ამ თქვენს დიდ ღვაწლს და მონაწილეობას ქართველი ერი და ეკლესია არასოდეს დაივიწყებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის.
დიდია ჩვენი მწუხარება და გულის ტკივილი.
მძიმე განსაცდელმა გააერთიანა დღეს სრულიად საქართველო – ერი თუ ბერი, დიდი თუ პატარა, ახლობელი თუ შორეული, მართლმადიდებელნი თუ სხვა აღმსარებლობის მქონენი, დაობლებულნი, შვილობრივი სიყვარულით მუხლს ვიყრით და უდიდეს მადლობას ვწირავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდსა მეუფეს, მამასა ჩვენსა ილია მეორეს.
იგი დააკლდა არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელს საქრისტიანოს და საერთოდ მსოფლიოს.
მაგრამ ამ მძიმე წუთებში გვანუგეშებს მაცხოვრის საოცარი სიტყვები: „მე ვარ აღდგომა და ცხოვრება, რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მოღათუ მოკვდეს, ცხონდესვე“.
ამიტომაც ღვთისადმი სასოებით განვიმტკიცებთ გულსა და გვწამს, რომ მისი უწმინდესობა აგრძელებს რა სიცოცხლეს მარადიულობაში, ღვთის წინაშე თავისი მეოხებით მფარველობას არ მოგვაკლებს და უფრო მეტადაც შეგვეწევა.
გვჯერა, ზეციურ სამყოფელში ჩვენ შევიძინეთ უდიდესი სასოებელი.
49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამამთავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა.როგორც ბრძანებს მოციქული პავლე: „ღვაწლი კეთილი მოიღვაწა, სრბაი აღასრულა, სარწმუნოება დაიმარხა“.მთელი მისი ამქვეყნიური ცხოვრება იყო გზა მოწამეობისა, ვითარცა ზეცისა კაცისა და ქვეყანისა ანგელოზისა.შეწირული ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს.ამ სამ საუნჯეს იგი მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად ემსახურა, რისი შედეგიც თაობებს გაჰყვება, როგორც მაგალითი ცოცხალი რწმენისა, სიმდაბლისა და სიბრძნისა.მოგეხსენებათ, მან, როგორც პირველ იერარქმა, მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში დაიწყო.ჩაიბარა ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული ეკლესია. მისი აღსაყდრებისას მოქმედი იყო მხოლოდ შვიდი ეპარქია, გვყავდა 80-მდე სასულიერო პირი, ფუნქციონირებდა 50-მდე ეკლესია და სამლოცველო.დღეს გვაქვს 49 ეპარქია, მათ შორის შვიდი საზღვარგარეთ. გვყავს 3000-ზე მეტი სასულიერო პირი და ფუნქციონირებს 2500-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი.მისი მოღვაწეობის ნაყოფია ყოვლადწმინდა სამების ეს დიდებული ტაძარი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენი პატრიარქის ძალისხმევით წმინდანად შეირაცხა არაერთი საეკლესიო და საერო მოღვაწე.გაიხსნა თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემია-სემინარიები, ასევე ოთხი სხვა სემინარია.ამოქმედდა საეკლესიო სკოლა-გიმნაზიები, საპატრიარქოს უნივერსიტეტი, ტელევიზია და რადიო.
აღორძინდა საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული ქართული საეკლესიო გალობა და აღდგა საეკლესიო ხელოვნების პრაქტიკულად ყველა დარგი. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ძალისხმევით მოხდა უძველესი დროიდან არსებული ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტულის აღიარება მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, რაც შემდეგ დაამოწმა ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ.
უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დადება.
მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დააწესა შვიდგზის ლოცვები, რასაც იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან ეს ლოცვით აერთიანებდა ჩვენს ერს.
პატრიარქმა იტვირთა ნათლობა ყოველი მესამე და მომდევნო ბავშვისა, რითაც შეცვალა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა. დღეს მისი ნათლულების რიცხვი 50 000-ს აჭარბებს. არაფერს ვამბობთ მრავალ სხვა საქველმოქმედო, მისიონერულ, სამეცნიერო თუ საგამომცემლო საქმიანობაზე.
ასე შეიქმნა გაძლიერებული, აღშენებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში.
სურვილი იმისა, რომ იგი დაკრძალული ყოფილიყო თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, მას არაერთხელ აქვს გაცხადებული.
ეს ბუნებრივიცაა, რადგან აქედან დაიწყო მან პატრიარქობის მოწამებრივი გზა. მოგეხსენებათ, აქ განისვენებენ მისი ინიციატივით წმინდანად შერაცხილი კათოლიკოს-პატრიარქებიც: კირიონი, ამბროსი, კალისტრატე, რომელთა შრომის და ღვაწლის გამორჩეულ გამგრძელებლად იქცა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.
არ არის შემთხვევითი, რომ დაკრძალვის დღე წმინდა იოანე სინელის, სათნოებათა კიბის აღმწერლის ხსენებას ემთხვევა.
ამ სათნოებათა საფეხურებზე ამაღლებით მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა უმთავრესი სათნოება – სიყვარული.
სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა, რასაც იგი უშურველად გასცემდა.
და აი შედეგიც: ყველანი მომსწრენი ვართ საოცარი ფაქტისა – ოთხი დღეა ზღვა ხალხი, დიდი თუ პატარა, უზარმაზარ ნაკადად მოედინება სამების საპატრიარქო ტაძრისკენ, რათა თავისი სიყვარული და პატივისცემა გამოხატონ დამაშვრალი სულიერი მამისადმი.
ეს პირველ რიგში არის მადლიერება ღვთისადმი, რომ ჩვენ ასეთი მწყემსმთავარი მოგვივლინა.
ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს.
განსაკუთრებული მადლობა დღეს ამ ტაძრის გარეთ მდგარ ხალხს ეკუთვნის, რომელთაც არ მიეცათ მსახურებაში უშუალო მონაწილეობის საშუალება, მაგრამ სულიერად ჩვენთან ერთად იყვნენ და თავისი ლოცვებით გვაძლიერებდნენ.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ ილია მეორე, გთხოვთ დალოცეთ ჩვენი ერი, თქვენი სამწყსო, დალოცეთ სრულიად საქართველო, საქართველოს ეკლესიის სისავსე, ყოველი ჩვენგანი, დალოცეთ მთელი მსოფლიო.
და ბოლოს, ჩვენს პატრიარქთან მიმართებით მინდა გავიმეორო წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები, წმინდა ბასილი დიდის გარდაცვალების გამო თქმული: მართალია, ჩვენ დაგვტოვე ამ ქვეყნად, გაიხარე და იშვებდე უფალში მარადის, ამინ“.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge