
სუს-ის ცნობით, სამებაში ტერორიზმის შესახებ არასრულწლოვნისგან ცრუ შეტყობინება შევიდა - Netgazeti
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გუშინ, 22 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი შევიდა.
„ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია. თუ უახლოეს 20 წუთში არ მოხდებოდა ევაკუაცია, განხორციელდებოდა აფეთქება. ზარების ინიციატორმა კვალის დაფარვისა და მისი იდენტიფიცირების გართულების მიზნით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით შეცვალა თავისი ხმა, გამოიყენა უცხო ქვეყნის ვირტუალური სატელეფონო ნომერი და დაფარა IP მისამართი“, — აცხადებს სუსი.
სუსი აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, გუშინ საღამოსვე შეძლო დანაშაულში მხილებული არასრულწლოვანი პირის იდენტიფიცირება და მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ამოღებულია რამდენიმე ერთეული მობილური ტელეფონი, ლეპტოპები და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები.
უწყების ცნობით, არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
არასრულწლოვანს ბრალდება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით წარედგინება, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის კონტრტერორისტულ ცენტრს გააჩნია ყველა პირობა, მათ შორის თანამედროვე ტექნიკური საშუალებები მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და იდენტიფიცირებისთვის. ამიტომ, ვაფრთხილებთ ყველას, თითოეულ მსგავს ფაქტზე ჩვენი მხრიდან იქნება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge