
Politico: EU უნგრეთს კონფიდენციალურ მასალებზე წვდომას უზღუდავს კრემლში გაჟონვის საფრთხის გამო - Netgazeti
Politico-ს ცნობით, ევროკავშირი უნგრეთს „კონფიდენციალურ მასალებზე“ წვდომას უზღუდავს რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემის რისკის გამო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის 5-მა დიპლომატმა და ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ისინი „შეშფოთებულნი არიან ბუდაპეშტიდან კრემლში კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის რისკით“.
თუმცა Politico წერს, რომ ამ ამბავთან დაკავშირებით ევროკავშირის ოფიციალური რეაქცია ჯერ არ იქნება, რადგან ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს უნგრეთში 12 აპრილს დაგეგმილ არჩევნებზე.
გამოცემის განცხადებით, აღნიშნული ეჭვების გამო, რომ შესაძლოა, უნგრეთი ინფორმაციას პირდაპირ მოსკოვს აწვდიდეს — გამოიწვია შეხვედრების ფორმატების ზრდა „თანამოაზრე ლიდერების ვიწრო წრეში“, ნაცვლად იმისა, რომ შეხვედრები ევროკავშირის 27-ვე წევრის მონაწილეობით გაიმართოს.
„ზოგადად, სწორედ „არცთუ ისე ლოიალურად“ განწყობილი წევრი ქვეყნებია იმის მთავარი მიზეზი, თუ რატომ მიმდინარეობს ახლა შესაბამისი ევროპული დიპლომატიის უდიდესი ნაწილი სხვადასხვა მცირე ფორმატებში — E3, E4, E7, E8, ვაიმარი, NB8, JEF და ა.შ.“
გამოცემა განმარტავს, რომ ციფრები მიუთითებს ჯგუფში ევროპელი ლიდერების რაოდენობაზე. „ვაიმარის ალიანსი“ მოიცავს საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის წარმომადგენლებს. NB8 — ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის რვა ქვეყანას, ხოლო JEF — ჩრდილოეთ ევროპის 10 ქვეყანას.
ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, რომელიც ხშირად ესწრებოდა ევროკავშირის საბჭოს სხდომებს პიტერ სიიარტოსთან ერთად, Politico-ს განუცხადა, რომ ჯერ კიდევ 2024 წელს გააფრთხილეს იმის შესახებ, რომ უნგრულ მხარეს შეეძლო ინფორმაცია რუსეთისთვის გადაეცა, რის გამოც მას და მის კოლეგებს ინფორმაციის გაცვლა უნდა შეეზღუდათ.
ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ 2023 წელს, ვილნიუსში ნატოს მნიშვნელოვანი სამიტის წინაც კი, ელჩებმა გადაწყვიტეს ბუდაპეშტის დელეგაციის გამორიცხვა სენსიტიური საკითხების განხილვიდან.
ხუთმა დიპლომატმა Politico-ს განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ნებისმიერი ოფიციალური რეაქცია დამოკიდებული იქნება იმაზე, აირჩევენ თუ არა ორბანს ხელახლა აპრილში. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვებში ოპოზიციურ პარტია „ტისას“ ჩამორჩება, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პარასკევს განაცხადა, რომ „ნამდვილად“ შეძლებს კიდევ ერთი ვადით გაპრემიერებას.
სხვა დიპლომატმა Politico-ს უთრა: „ეს ძირს უთხრის ნდობას, თანამშრომლობას და ევროკავშირის მთლიანობას. ეს საშინელი სიტუაციაა. თუ ის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში დარჩება, ვფიქრობ, ევროკავშირს მოუწევს სხვა გზების ძიება ამ პრობლემის მოსაგვარებლად.“
კიდევ ერთმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ორბანი ევროკავშირისა და მისი ლიდერების ნებისმიერ ქმედებას საარჩევნო კამპანიის დროს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.
„მიუხედავად რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე არსებული საერთო კონსენსუსისა, მეოთხე დიპლომატმა აღნიშნა, რომ ლიდერებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დისკუსიების შინაარსი რეგულარულად შუქდება პრესაში და ხშირად ღია ფორმატში მიმდინარეობს — რაც იმას ნიშნავს, რომ ლიდერები ტელეფონებსაც კი არ ტოვებენ ოთახის გარეთ თვალთვალის რისკის შესამცირებლად. თუმცა, განცდა, რომ ევროკავშირის ლიდერები მტრულ სახელმწიფოსთან ასე მჭიდროდ თანამშრომლობენ, პოლიტიკურად ფეთქებადსაშიშია.“
ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ახალი ბრალდებების ფონზე შესაძლოა მეტი ინფორმაცია დაიფაროს. „არსებობს საფუძველი, რომ ევროკავშირმა ინფორმაცია და დოკუმენტები საიდუმლოდ შეინახოს“, — აღნიშნა მან. მისივე თქმით, კლასიფიკაციის გამოყენება „პანაცეა არ არის“, მაგრამ შეიძლება გამოდგეს გაჟონვისა და სენსიტიური ინფორმაციის მესამე მხარეებისთვის გადაცემის შემაკავებელ ფაქტორად.
რამდენიმე დღის წინ ამერიკული The Washington Post იტყობინებოდა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო ლავროვს რეგულარულად აწვდიდა „პირდაპირ ანგარიშებს“ ევროკავშირის შეხვედრებზე განხილული საკითხებისა და შესაძლო გადაწყვეტილებების შესახებ.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპული დაზვერვის თანახმად, მმართველი პარტია „ფიდესის“ რეიტინგის დაცემის ფონზე, რუსულმა სპეცსამსახურებმა ორბანს მასზე ინსცენირებული თავდასხმა შესთავაზეს რეიტინგის გასაზრდელად.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge