
რაგბის კავშირი დოპინგ-სკანდალზე პირველ განცხადებას ავრცელებს - Netgazeti
საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) და მსოფლიო რაგბის (World Rugby) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საფრანგეთში გამართულ 2023 წლის მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატამდე პერიოდში, საქართველოს ნაკრებში ანტისადოპინგო წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.
„ჩვენ სრულად ვიზიარებთ საკითხის სიმძიმეს. გულშემატკივრის მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ საქმეში მონაწილეები 2023/24 წლების სეზონიდან აღარ თამაშობენ/მუშაობენ ეროვნულ ნაკრებში. მას შემდეგ ნაკრების არცერთი მოთამაშე და ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში შემჩნეული და დადანაშაულებული არ არის“, — ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს რაგბის კავშირი აცხადებს, რომ პროცესის დაწყების პირველივე დღიდან სრულად თანამშრომლობს WADA-სთან და მსოფლიო რაგბისთან.
„მათგან მივიღეთ მკაცრი მითითება, რომ გამოძიების სრულყოფილად, მიუკერძოებლად და დადგენილი წესების დაცვით წარმართვისთვის, პროცესის დასრულებამდე თავი შევიკავოთ საჯარო კომენტარებისა და დეტალების გასაჯაროებისგან. სწორედ ამ პროტოკოლის დაცვით იყო განპირობებული ის, რომ აქამდე კომენტარი არ გაგვიკეთებია. ვაცნობიერებთ, რომ აღნიშნული ფაქტები სერიოზულ დარტყმას აყენებს ქართული რაგბის რეპუტაციას. ჩვენი მხრიდან დაწყებულია ინტენსიური სამუშაო და გატარებულია მკაცრი ღონისძიებები მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაგბიში მსგავსი ინციდენტები აღარ მოხდეს“, — ნათქვამია განცხადებაში.
რაგბის კავშირი აცხადებს, რომ დისციპლინური საკითხების დასრულების შემდეგ, გამართავს პრესკონფერენციას და უპასუხებს მედიისა და საზოგადოების შეკითხვებს.
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) და World Rugby-ს ერთობლივი გამოძიების შედეგად, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ექვს მოთამაშესა და დამხმარე პერსონალის ერთ წევრს ანტიდოპინგური წესების დარღვევა (ADRV) დაუდასტურდა. გარდა ამისა, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის მრავალჯერადი დარღვევის გამო, WADA-მ ნდობა დაკარგა საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოს (GADA) მიმართ — ამის შესახებ ნათქვამია WADA-ს მიერ 14 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
WADA-ს განცხადების თანახმად, 2023 წელს დაწყებულმა ოპერაცია „ობსიდიანმა“ შეისწავლა ბრალდებები, რომლის მიხედვითაც სპორტსმენები წესების უხეში დარღვევით ახდენდნენ სინჯების (ნიმუშების) ჩანაცვლებას. სინჯის ჩანაცვლება აკრძალული მეთოდია და კოდექსის 2.2 მუხლით იკრძალება.
„დღეს გამოქვეყნებული ანგარიში ცხადყოფს სინჯის ჩანაცვლების ხუთ შემთხვევას. ასევე, დადგინდა, რომ GADA-ს თანამშრომლები საქართველოს რაგბის ნაკრების მოთამაშეებს ტესტირების შესახებ წინასწარ ატყობინებდნენ. გამოძიებამ ასევე გამოავლინა, რომ დოპინგ-კონტროლის ოფიცრები სათანადოდ არ მეთვალყურეობდნენ სპორტსმენებს და არ ესწრებოდნენ შარდის ჩაბარების პროცესს, რაც წესების აშკარა შეუსაბამობაა”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ანტი-დოპინგური სააგენტოს გამოძიებამ ქართულ რაგბიში დოპინგ-სკანდალი გამოავლინა – WADA
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge