მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
თამაზ თამაზაშვილიდან ელენე ხოშტარიამდე – ვინ არის მოსამართლე არევაძე - Netgazeti

თამაზ თამაზაშვილიდან ელენე ხოშტარიამდე – ვინ არის მოსამართლე არევაძე - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიუსაჯა კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის („რუსული ოცნება“) გამო, რამაც, ბრალდების მხარის დათვლით, 570 ლარის ზიანი გამოიწვია.

მანამდე იმავე მოსამართლემ 534 ლარის ღირებულების დამწვარი კაბელის გამო 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა არჩილ მუსელიანცს.

ბიოგრაფია

გიორგი არევაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეა. ის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა 2019 წელს.

2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.2003-2005 წლებში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს სპეციალისტი, შემდგომ- სხდომის მდივანი.2005-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე.2007-2008 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე.2008-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.2012-13 წლებში მივლინებით სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მუშაობდა.

გახმაურებული საქმეები

გიორგი არევაძემ განიხილა 2024 წლის საპროტესტო აქციებისას დაკავებული არჩილ მუსელიანცის საქმე. მუსელიანცს, რომელსაც პარლამენტთან არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერის კაბელებისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავებოდნენ, რამაც 534 ლარის ზიანი გამოიწვია, არევაძემ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

534 ლარის დამწვარი კაბელი და 6 წლამდე პატიმრობა — არჩილ მუსელიანცის საქმე

არჩილ მუსელიანცმა დაკავებისას ძალადობაზე და საქმის მასალების გაყალბებაზე მიუთითა.

„ნივთმტკიცებულებებში არ ჩადეს ის ზედა, რომელიც სისხლიანი იყო, რადგან სისხლიანი იყო ცემისგან. რა ტანჯვა და წამებაც გავიარე, ამაზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ, რადგან მანამდეც დეტალურად მაქვს ახსნილი, თუ როგორ მიიღეს ჩემი ხელმოწერები, რით მაშანტაჟებდნენ, რით მაშინებდნენ, რით მემუქრებოდნენ“, — განაცხადა არჩილ მუსელიანცმა დასკვნით სხდომაზე.

2022 წლის 12 იანვარს მოსამართლე გიორგი არევაძემ საქმე გადააკვალიფიცირა და ფულის გათეთრების ნაცვლად დიდი ოდენობით თაღლითობაში ცნო დამნაშავედ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი. მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო საპატიმრო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ.

2020 წელს გიორგი არევაძემ თვითაცილება გამოაცხადა ნიკა გვარამიას, კახა დამენიას და ზურაბ იაშვილის საქმეებზე . მანამდე მან 500 ლარით დააჯარიმა გვარამია სასამართლოს გარეთ გაკეთებული განცხადებისთვის, სადაც ის მოსამართლეს „არაადეკვატურს” უწოდებს.

2018 წლის 5 იანვარს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულების შეწყალებისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

გიორგი არევაძე შემხებლობაშია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კიდევ ერთ გადაწყვეტილებასთან — 2023 წელს მან უარი თქვა ექსპრეზიდენტისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასჯელის გადავადებაზე.

2015 წლის დეკემბერში გიორგი არევაძემ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 2004 წელს აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე.

2013 წლის 25 თებერვალს ტელეკომპანია „იმედის“ და „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობები თბილისის მერ გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს შეფარდების, უფლებამოსილების შეჩერებას და ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ.

„გიორგი უგულავას თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მითითებული საფუძვლები არის ზოგადი და ყველანაირ არგუმენტს მოკლებული, გარდა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ბრალდების აღწერილობითი ნაწილისა“, — განმარტა მოსამართლემ.

გიორგი არევაძე იყო მოსამართლე, რომელმაც 2012 წლის 30 აპრილს 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მაშინ ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ თამაზ თამაზაშვილს.

„თამაზაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ჩემი პოლიტიკაში მოსვლის პირველივე პერიოდში დააკავეს, მე მას ძალიან ახლოს ვიცნობ, ვიცი, რომ უპატიოსნესი ადამიანია“, — აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი.

თამაზაშვილი პატიმრობიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს და დაადგინეს, რომ საქმე პოლიტიკური მოტივით იყო ფალსიფიცირებული.

2011 წელს არევაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა იარაღის გამოყენებით ხულიგნობაში ბრალდებულ ყოფილ პარლამენტარს და ოპოზიციონერ სანდრო ბრეგაძეს. ბრალდების თანახმად, სანდრო ბრეგაძემ გაწყვიტა „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურის მილი, დააზიანა თავისი ავტომანქანის ფარი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ვისოლის“ ოპერატორს გიორგი გალუსტაშვილს, ამავე დროს, მას იარაღი კეფაში ჩაარტყა.

2010 წელს მოსამართლე გიორგი არევაძემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებულ 7 ადამიანს: ლევან ჩაჩუას, ავთო ზუმბაძეს, დავით შალამბერიძეს, გიორგი გაბედავას, რატი მაისურაძეს, შოთა აფხაიძესა და ზვიად ბლიაძეს.

2009 წელს გიორგი არევაძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა „მუხროვანის ამბოხის“ საქმეზე ძებნილი კობა ოთანაძის ძმას, ნუგზარ ოთანაძეს. ოთანაძე, რომელსაც ძმის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას სთხოვდნენ, აცხადებდა, რომ მოდულის შენობაში სასტიკად სცემეს.

რას ამბობდა წულუკიანი გიორგი არევაძეზე

„სასამართლო სისტემა 2012 წლამდე იყო უვარგისი, ადეიშვილი რასაც ეტყოდა, იმას აკეთებდნენ. შეიცვალა სისტემა შემადგენლობის ცვლილების გარეშე და ადამიანები, რომლებიც მასობრივად სჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა სჩადიან კარგ რაღაცებს“, — ასე ხსნიდა ირაკლი კობახიძე 2019 წელს სასამართლო სისტემის ცვლილებას.

ვიდრე „ქართული ოცნება“ სასამართლოს მმართველ ელიტასთან (რასაც ოპონენტები კლანს უწოდებენ, ხოლო ბრალდების ადრესატები კლანის არსებობს უარყოფენ) ურთიერთობებს დაალაგებდა, თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის რანგში აკრიტიკებდა გიორგი არევაძეს და მას წინა ხელისუფლებისადმი სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებდა.

„ჩვენ, პროკურატურა, ვითხოვთ პატიმრობას, კუბლაშვილი ათავისუფლებს. ვინ არის ახლა ეს კუბლაშვილი? — ეს არის კრებითი სახელი. ისე აქვს მოწყობილი შიგნით ეს დახურული სისტემა, რომ ის 30-მდე საქმე, რომელიც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანს თუ შუა რგოლის ჩინოსანს ეხება, რომელთა წინააღმდეგაც ჩვენ აღვძარით სისხლის სამართლის საქმე, ხვდება ყოველთვის 4-5 მოსამართლის ხელში. როგორ ხდება, რომ ამგვარი ე.წ. პოლიტიზებულ საქმეები მხოლოდ 4-5 მოსამართლეს [ეწერება] — გიორგი გოგინაშვილს, გელა ბადრიაშვილს, მერაბ ჯორბენაძეს, გიორგი არევაძეს და ხანდახან როცა დასჭირდება, გამოიყვანს ხოლმე ნატო ხუჯაძეს ბრძოლის ველზე… მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომელი მოსამართლე უდგას მას ოპოზიციაში“, — განაცხადა თეა წულუკიანმა 2013 წლის იანვარს რუსთავი 2-ის ეთერში.

„ქართული ოცნებისთვის“ დღეს მისაღებია ელენე ხოშტარიას განაჩენი, რომელიც თავად გიორგი არევაძემ ასე ახსნა: „არ არსებობდა სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები. ელენე ხოშტარიას მიმართ 16-ჯერ იყო ადმინისტრაციული საქმე წარმოებული და არცერთი დაკისრებული ჯარიმა არ აქვს გადახდილი. ასევე, ჰქონდა შეფარდებული გირაო, რომელიც არ გადაიხადა. ზარალი არ აქვს ანაზღაურებული და დანაშაულს არ აღიარებს“.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია