
პირველად ისტორიაში ფლომასტერი დანაშაულის იარაღია — გვარამია ხოშტარიას საქმეზე - Netgazeti
ოპოზიციის ალიანსი ბრიფინგით გამოეხმაურა მოსამართლე გიორგი არევაძის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მან ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას სხვისი ქონების დაზიანების საბაბით კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერისთვის ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ბრიფინგზე ალიანსის სახელით ნიკა გვარამიამ, პარტია „ახალის“ ლიდერმა ისაუბრა.
„საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ჩვენი კოალიციის და აწ უკვე ალიანსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერს, ელენე ხოშტარიას, დღეს წელიწადი და 6 თვე მიუსაჯა ივანიშვილის სასამართლომ. პირდაპირ რომ ვთქვათ, ივანიშვილმა. ისევე მიიღო გადაწყვეტილება დღეს გიორგი არევაძემ, როგორც დანაშაულის ჩადენაა შესაძლებელი ფლომასტერით, რითაც ბრალი დაედო ელენეს და მიესაჯა წელიწადი და 6 თვე. არ გეჩვენებათ — ფლომასტერით ჩადენილი დანაშაულისთვის. პირველად საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული.
სინამდვილეში, ცხადია, ეს მიზეზია. როგორც მოსამართლე არევაძეა ფორმალური შემსრულებელი. ეს მას პასუხისმგებლობისგან ვერ იხსნის, მაგრამ მაინც. მთავარი, რისთვისაც ელენეს მიესაჯა, ეს არის ის თვისებები, რომელიც ყველა ქართველ პატრიოტს აქვს და რის გამოც ყველას შეიძლება დაედოს „ბრალი“ — ქვეყნის სიყვარულისთვის, იმისთვის, რომ არ თმობს, იმისთვის, რომ ციხეშიც, გარეთაც და ნებისმიერ ვითარებაშიც არა მხოლოდ მიაჩნია, არამედ ხმამაღლა ამბობს, რომ რუსი მტერია!
დიახ, დღეს ფასი აქვს არა გულში მღერას მხოლოდ, არამედ ხმამაღლა საუბარსაც. კი, ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც უკვე მერამდენე სიგნალს „ქოცური“ ხელისუფლებიდან, სიგნალს იმისა, რომ დავნებდეთ და ყველაფერი ნორმალურად იქნება. არ იქნება ყველაფერი ნორმალურად იმიტომ, რომ არ დავნებდებით. არ იქნება ყველაფერი ნორმალურად „ქოცებისთვის“ იმიტომ, რომ ჩვენი დანებება, ჩვენი ღრმა რწმენით, არის ჩვენი სამშობლოს მარცხი და ამის ხარჯზე არ ვაპირებთ ვინმესთვის, თუნდაც საკუთარი თავებისთვის, კომფორტის შექმნას. ეს ამად არ ღირს. ასე მიაჩნია ელენეს, ასე მიგვაჩნია ჩვენ, ასე მიაჩნიათ ქართველ პატრიოტებს, ვინც იბრძვის, მიუხედავად იმისა, ციხეშია თუ გარეთ, პოლიტიკოსია თუ არა, საქართველოშია თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს ბრძოლა არის ერთიანი. ეს ბრძოლა გვაერთიანებს ყველა პატრიოტს, ვინც ვიცით, რომ პასუხისმგებლები ვართ ქვეყნის ისტორიის წინაშე.
მე პირდაპირ მინდა მივმართო ივანიშვილის ხელისუფლებას: ეს ვითარება არ შეიცვლება. დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი, და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა ჩვენი გადარჩენის სანაცვლოდ, ეს არ მოხდება. მეტიც, საერთოდაც არ მივიჩნევთ გადარჩენა-არგადარჩენის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად, ციხეში ვისხდებით თუ არა. ჩვენ ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად მიგვაჩნია, ჩვენი სამშობლო გადარჩება თუ არა. ამიტომაც ამის ხარჯზე არავის არაფერზე არ დაველაპარაკებით. მხოლოდ ამის სასარგებლოდ გადავდგამთ ნაბიჯებს. ნებისმიერი სხვა ტექსტი, ნებისმიერი სხვა ტიპის მოწოდება, ნებისმიერი სხვა ტიპის გაუგებარი მორალური ორიენტირის მქონე საუბრები ჩვენთვის არის მიუღებელი და ვსაუბრობ ამ შემთხვევაში ალიანსის სახელით — ამას ადგილი არ ექნება, რაც არ უნდა მოხდეს.
კი, ჩვენ გვყავს სხვა პოლიტიკური პატიმრებიც, მათ შორის, ლიდერები. ნიკაც ციხეშია. ელენე პირველი ქალი პოლიტიკოსი პატიმარია. მზიაც ციხეშია და კიდევ ბევრი ქალი. ესეც არ არის ნაკლები მნიშვნელობის და ნაკლებად სიმბოლური, რასაც ღიად და ხაზგასმულად ქალების დაპატიმრებით აკეთებს რეჟიმი საქართველოს ისტორიაში პირველად.
მინდა გავამხნევო ელენეს ოჯახი, ბატონი გოგი, ქალბატონი ირა. მინდა გავამხნევო მისი ოთხი შვილი, გიორგი, ნატალია, კოტო და რატი. მინდა გავამხნევო ბერო, მისი ქმარი, და ვუთხრა, რომ მათ ჰყავთ წარმოუდგენლად მაგარი შვილი, დედა, ცოლი, მაგრამ მინდა გავამხნევო პირველ რიგში, რაც მთავარია, მთელი პატრიოტული საქართველო. ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ლიდერი ქალი, ელენე ხოშტარია, რომელიც გამარჯვებული გამოვა საპატიმრო საკნიდან.
ძალიან გვიყვარხარ, ძალიან გვაკლია შენი თანადგომა საერთო ბრძოლაში, მაგრამ არ იფიქრო ჩვენზე. იფიქრე საქმეზე. იცი, როგორც უნდა დაეხმარო ამ ყველაფერს. არ გაჩერდე. ვიცი, რომ ასე არ იქნება, მე ჩემსას გეუბნები. ყველაფერი მაგრად იქნება, რა თქმა უნდა, და ეს, პირველ რიგში, შენგან ვიცით“, — თქვა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე.
ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად დასდეს სხვისი ნივთის დაზიანება (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი). საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას — „რუსული ოცნება“. ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.ელენე ხოშტარიამ ბანერზე ეს წარწერა მეგი დიასამიძისადმი სოლიდარობის ნიშნად გააკეთაა. 23 წლის სტუდენტ მეგი დიასამიძეს კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ. ის ამჟამად 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.სასამართლომ ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. თუმცა პოლიტიკოსმა უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე და პროტესტის ნიშნად საპატიმროში დარჩენა არჩია.2026 წლის მარტში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ელენე ხოშტარიასა და სხვა პოლიტიკურ პატიმართა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიმართულია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. თავად ხოშტარიამ ბოლო წერილებში კატეგორიულად აკრძალა ნებისმიერი მოლაპარაკება მისი გათავისუფლების შესახებ, რადგან ამას რეჟიმთან გარიგებად მიიჩნევს.ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა მოსამართლე გიორგი არევაძემ 24 მარტს მიუსაჯა. საპატიმრო სასჯელის ვადა მისი დაკავების დღიდან აითვლება.
https://netgazeti.ge/life/802187/
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge