
ელენე ხოშტარია ციხეშია იმიტომ, რომ არ ემორჩილება „ოცნებას“ — პოლიტიკოსი ქალები - Netgazeti
ელენე ხოშტარიას საქმესთან და მის განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები განცხადებას ავრცელებენ:
„დღეს ელენე ხოშტარია მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა არ არის, ის იქცა თავისუფალი ადამიანის სიმბოლოდ, რომელიც არ ეგუება უსამართლობას და არ ჩუმდება მაშინ, როცა სისტემა დუმილს ითხოვს. ის არის ქალი, რომელიც ბრძოლას ირჩევს მაშინაც კი, როცა ამის ფასი პირადი თავისუფლებაა. ამით აცოცხლებს ქართველი ქალის იმ სახეს, რომელსაც ჩვენი ისტორია ყოველთვის იცნობდა — გაუტეხელს, მებრძოლსა და ღირსების დამცველს.
ოთხი შვილის დედისთვის წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა უფრო მეტია, ვიდრე უსამართლობა. ეს არალეგიტიმური ხელისუფლების ღრმა მორალური კრიზისის მკაფიო გამოხატულებაა.
ელენესთვის პატიმრობა ბანერის დაზიანების გამო არ მიუსჯია რეჟიმს. ელენე ციხეშია იმიტომ, რომ არ აღიარებს ქართული ოცნების უსამართლო წესრიგს, არ ცნობს მის ლეგიტიმაციას და არ ემორჩილება მას. ის ისჯება არა ქმედებისთვის, არამედ პოზიციისთვის.
მის მიმართ გამოტანილი განაჩენი სამართალი არ არის, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება რეჟიმს და არა კანონს. პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამართლესაც, რომელმაც სამართლის დაცვას მისი უგულებელყოფა არჩია. ისტორია ამ პერიოდს შეაფასებს, როგორც მორალისგან დაცლილი პოლიტიკისა და მორჩილების ეპოქას.
ელენეს საქმე დიდი ხანია გასცდა საქართველოს საზღვრებს. ევროპარლამენტმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ელენე ხოშტარიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ბრალდებები — უსაფუძვლო, ხოლო მის მიმართ მოპყრობა — დამამცირებელი და არაჰუმანური.
ელენეს დაპატიმრებით ქართული ოცნება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ნამდვილ სახეს. ეს არის რეჟიმი რომელსაც ეშინია მისი ძალაუფლების არაღიარების, ხოლო ძალაუფლების შესანარჩუნებლად ნებისმიერ ძალადობრივ და დანაშაულებრივ გზას მიმართავს.
ელენე დღეს წერს საქართველოს ისტორიას. ხოლო ქალი პოლიტიკოსები, რომლებიც მის გვერდით ვდგავართ, ვაცხადებთ, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას ელენესთვის, ყველა პოლიტპატიმრისთვის და თავისუფლებაჩამორთმეული თითოეული მოქალაქისთვის, საქართველოს ღირსეული მომავლისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს 22 პოლიტიკოსი ქალი აწერს: თამუნა გამყრელიძე, თინა ბოკუჩავა, ნინო დოლიძე, მედეა მეტრეველი, თინა ბოლოკაძე, მარიამ კუკავა, ანა კობახიძე, ნანა ტოხვაძე, მარიკა არევაძე, ეკა მიშველაძე, სევდია უგრეხელიძე, ნინო გოგინაშვილი, ანა ჩიქოვანი, თამი ჟორჟოლიანი, ნანა მალაშხია, ნინო კვიტაიშვილი, ანი ქავთარაძე, სოფო ჯაფარიძე, რუსუდან თევზაძე, ხატია დეკანოიძე, თეონა აქუბარდია, თეონა ჭალიძე.
ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად დასდეს სხვისი ნივთის დაზიანება (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი). საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას — „რუსული ოცნება“. ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.ელენე ხოშტარიამ ბანერზე ეს წარწერა მეგი დიასამიძისადმი სოლიდარობის ნიშნად გააკეთა. 23 წლის სტუდენტ მეგი დიასამიძეს კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ. ის ამჟამად 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
სასამართლომ ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. თუმცა პოლიტიკოსმა უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე და პროტესტის ნიშნად საპატიმროში დარჩენა არჩია.
2026 წლის მარტში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ელენე ხოშტარიასა და სხვა პოლიტიკურ პატიმართა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიმართულია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. თავად ხოშტარიამ ბოლო წერილებში კატეგორიულად აკრძალა ნებისმიერი მოლაპარაკება მისი გათავისუფლების შესახებ, რადგან ამას რეჟიმთან გარიგებად მიიჩნევს.
ელენე ხოშტარიას წლითა და 6 თვით პატიმრობა მოსამართლე გიორგი არევაძემ 24 მარტს მიუსაჯა. საპატიმრო სასჯელის ვადა მისი დაკავების დღიდან აითვლება.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge