
სამი მოქალაქე დააკავეს გზისა და ტროტუარის გადაკეტვის საბაბით - Netgazeti
„გზის გადაკეტვის“ საფუძვლით, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა 3 ადამიანს შეუფარდეს პატიმრობა. აქედან ორს საავტომობილო გზაზე ავტომობილების მოძრაობისთვის ხელის შეშლას ედავებოდნენ, ერთს კი — ტროტუარზე ქვეითად გამვლელებისთვის დაბრკოლების შექმნას.
სამივე დაკავებული — სესილი ბუთხუზი, ამირან ურუშაძე და ლაშა კაცია პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეები არიან.
ტროტუარზე დგომის გამო 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა სესილი ბუთხუზს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბუთხუზს ედავებოდა 2025 წლის 18 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომას და ამით გამვლელი მოქალაქეებისთვის დაბრკოლების შექმნას. მის საქმეზე პირველი სხდომა ჯერ კიდევ გასულ წელს, 2025 წლის 29 დეკემბერს ჩატარდა და მას შემდეგ არაერთხელ გადაიდო. საბოლოოდ, დღეს, 25 მარტს მანუჩარ ცაცუამ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ შსს-ს წარმომადგენლები, არც ბუთხუზის ადვოკატი და არც თავად ბუთხუზი. დარბაზში მხოლოდ მისი მეგობრები იმყოფებოდნენ. სესილი ბუთხუზმა მისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს ეზოში გაიგო. ამის შემდეგ 112-ში დარეკა და პოლიციას მისი ადგილსამყოფელი შეატყობინა.
“დიახ, დიახ, ადმინისტრაციული პატიმრობაა ტროტუარის [ტროტუარზე დგომის] გამო, 3 დღე მომისაჯეს და გარეთ გავიგე ჩემი განაჩენი. სასამართლოს შესასვლელთან ვდგავარ და გელოდებით, რომ გადამიყვანოთ ბარემ […] კარგი, გარეთ ვიდგები. გამაგებინებთ, ხომ, რომ მოვლენ?” — ჰკითხა მან 112-ის ოპერატორს,
მომდევნო 3 დღეს სესილი ბუთხუზი ბაღდათის იზოლატორში გაატარებს. თუმცა, სანამ პოლიცია წაიყვანდა, ნეტგაზეთთან საუბარი მოასწრო. ის ამბობს, რომ ვერც ეს და ვერც სხვა რეპრესიული კანონები შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან პროტესტი თავის გზას მაინც იპოვის.
„ლოგიკურია, რომ ყველა ეს რეპრესიული კანონი, რომელიც ბოლო ერთ წელში შემოიღეს, გზის გადაკეტვიდან დაწყებული, ტროტუარის შეფერხებით დამთავრებული, არის იმისთვის, რომ პროტესტი ჩაახშონ, ადამიანები დააშინონ ციხით, ჯარიმებით. ყველაფერი სცადეს. ვერც კი წარმომიდგენია, ტროტუარის იქით რა უნდა აგვიკრძალონ, ხეზე თუ აგვიშვებენ აწი. [მიზანია] დაშინება და ტერორი. ადამიანების ფსიქოლოგიური გატეხა, რომ ტერორი შეწყდეს.არ მუშაობს ეს. არცერთ კანონზე არ უმუშავია და არც ახლა არ იმუშავებს. იმიტომ, რომ ადამიანებს, ვინც იქ [პარლამენტთან] დგანან მას შემდეგაც, რაც ტროტუარის კანონი მიიღეს, ყველას აქვს გააზრებული, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დააპატიმრონ […] ადამიანებმა, რომლებიც იქ წელიწადზე მეტია დგანან, ზუსტად იციან, რისთვის იბრძვიან. მათ შორის ისიც იციან, რომ სისხლის სამართლის წესით შეიძლება გასამართლდნენ. ერთი წელი იქნება თუ ორი, გააზრებული აქვს ყველას ეს სასჯელი, მოლოდინიც აქვთ. პროტესტი ყოველთვის პოულობს თავის გზას, ყველას, რეპრესიული კანონის მიუხედავად“, — თქვა სესილი ბუთხუზმა დაკავებამდე, ნეტგაზეთთან საუბრისას.
ტროტუარის არა, თუმცა საავტომობილო გზის გადაკეტვის საბაბით 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ამირან ურუშაძეს. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
ურუშაძე სუმოს კომენტატორი და „ქართული სპორტის ქომაგების“ ერთ-ერთ დამფუძნებელია. ურუშაძის ადვოკატი მიხეილ ზაქარეიშვილი წერს, რომ მისი კლიენტი სულ რამდენიმე წამით გადავიდა გზაზე პოლიციელის მითითების მოსასმენად და ეს „გზის გადაკეტვად“ ჩაითვალა:
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge