
მუხთარლი აკრიტიკებს სააკაშვილს ალიევსა და პოლიტპატიმრებზე გაკეთებული განცხადების გამო - Netgazeti
აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აკრიტიკებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ილჰამ ალიევის პოლიტპატიმრების შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო.
სააკაშვილმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ “ალიევს, ივანიშვილისგან განსხვავებით, პრაქტიკულად არ ჰყავს პოლიტპატიმრები”.
აფგან მუხთარლი, რომელიც თავის დროზე საქართველოდან გაიტაცეს აზერბაიჯანში და ციხეში ჩასვეს, აცხადებს, რომ ამჟამად აზერბაიჯანში 40-ზე მეტი ჟურნალისტი ზის საპყრობილეში, საერთო ჯამში კი, 400 პოლიტპატიმარია ქვეყანაში.
“ის ორგანიზაციები, რომლებიც სააკაშვილს აცხადებენ პოლიტპატიმრად, ამ პირებსაც ცნობენ სინდისის პატიმრებად. Abzas Media, Meydan.tv და Toplum TV-ს მსგავსი დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ხელმძღვანელები და რედაქცია სრული შემადგენლობით არის დაპატიმრებული. ყალბი ბრალდებებით დაკავებულ ჟურნალისტებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ჩასვეს. ეს ადამიანები საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მიერ სინდისისა და პოლიტიკურ პატიმრებად არიან აღიარებული. ალიევის რეჟიმის ანტიდემოკრატიული ხასიათისა და პოლიტპატიმრების გამო აზერბაიჯანის საქმიანობა ევროსაბჭოში შეჩერებულია. სააკაშვილის მეგობარი ალიევი, ფაქტობრივად, ევროსაბჭოდან გარიცხეს”, – წერს მუხთარლი და დასძენს – ის, რომ ბაქოში დეპორტირებული აფგან სადიგოვი ამჟამად ციხეში არ არის, ეს მას საფრთხისაგან არ აზღვევს.
მუხთარლის თქმით, პრეზიდენტობისას სააკაშვილს არასდროს გაუკრიტიკებია ილჰამ ალიევი აზერბაიჯანში კორუფციის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისა და პოლიტიკური მკვლელობებისთვის. პირიქით, მისი ლობირებით იყო დაკავებული საერთაშორისო არენაზე.
“სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდშიც კი თბილისი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერებისთვის საშიში ქალაქი იყო. მე სააკაშვილივით უსინდისობას არ დავუშვებ. მე ივანიშვილს, ილჰამ ალიევის მსგავსად დიქტატორად მივიჩნევ. დღეს ეს ორი დიქტატორი — ივანიშვილი და ალიევი — თბილისში, ერთ-ერთ ცათამბჯენში ერთმანეთს ეხუტება. ისინი თბილისის ხედით ტკბებიან და საერთო ბიზნესით მოგებებს განიხილავენ,
ჩემი კოლეგები და მეგობრები — სევინჯი, ნარგიზი, ულვიჯა, აინური, აიტაჯი, ელნარა, ნათიგი, ჰაფიზი და 40 ჟურნალისტი — კი, ალიევის ციხეებში ისჯებიან. მე მოვითხოვ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის სააკაშვილის, გათავისუფლებას. და კიდევ ერთი, მე თვითონაც ვიყავი პოლიტპატიმარი. და ეს დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. მე გავთავისუფლდი ევროკავშირის პარლამენტის სპეციალური რეზოლუციით. 3 წელი აკრძალული მქონდა ოჯახთან ვიდეოსაუბარი. 3 წელი არ მომეცა ორი ქალიშვილის — რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი იყო — სახის ხილვის უფლება. „ტანჯული“ სააკაშვილი კი დიქტატორ ივანიშვილის ციხიდან სოციალურ ქსელებს ფართოდ და ყველა მიმართულებით იყენებს. ამ პირობებს აზერბაიჯანში მყოფ პოლიტპატიმრებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერ ალი ქერიმლის, არ უქმნიან”, – წერს მუხთარლი.
რა წერია სააკაშვილის პოსტში, რომლის გამოც მას მუხთარლი აკრიტიკებს.
“მივესალმები ილჰამ ალიევის ვიზიტს საქართველოში. რაც შეეხება აფგან სადიგოვს, ის ბაქოში მალევე გაათავისუფლეს. ალიევს, ივანიშვილისგან განსხვავებით, პრაქტიკულად არ ჰყავს პოლიტპატიმრები. ასევე, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტი მიუტალიბოვი, რომელიც ალიევებთან დაპირისპირებული იყო, არავის დაუპატიმრებია და დიდ პატივში ცხოვრობს ბაქოში, ისევე როგორც ელჩიბეი, პრეზიდენტობის შემდეგ, სიკვდილამდე, საგანგებოდ გამოყოფილ რეზიდენციაში ცხოვრობდა ნახიჩევანში”, – წერს სააკაშვილი.
აფგან მუხთარლი არის აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი, რომლის სახელიც საერთაშორისო მედიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში 2017 წელს, საქართველოდან მისი გახმაურებული გატაცების შემდეგ მოექცა.
მუხთარლი წლების განმავლობაში იძიებდა აზერბაიჯანის ხელისუფლების, კერძოდ, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის წევრების სავარაუდო კორუფციულ სქემებსა და ბიზნესინტერესებს (მათ შორის, საქართველოშიც).
აზერბაიჯანში დაწყებული პოლიტიკური დევნისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის გამო, 2015 წელს მან სამშობლო დატოვა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა.
2017 წლის 29 მაისს აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრში (ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარედ) გაუჩინარდა.
მეორე დღეს გაირკვა, რომ აზერბაიჯანის ციხეში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, თბილისში ძალით ჩასვეს მანქანაში ქართული კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა, თავზე ტომარა ჩამოაცვეს, სცემეს და ფარულად გადაიყვანეს აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე, სადაც აზერბაიჯანელ სამართალდამცავებს გადასცეს.
მას ჯიბეში 10 000 ევრო ჩაუდეს და საზღვრის უკანონო კვეთასა და ფულის კონტრაბანდაში დასდეს ბრალი.
გატაცებამ საქართველოში მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. სამოქალაქო სექტორი, ჟურნალისტები და ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და ადანაშაულებდნენ ან უმოქმედობაში (რომ ქვეყნის ცენტრიდან ადამიანი ისე გაიტაცეს, ვერ შენიშნეს), ან პირდაპირ თანამონაწილეობაში.
ევროკავშირმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა ორივე ქვეყნის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკეს და მუხთარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.
2018 წლის იანვარში აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დიდი საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, 2020 წლის 17 მარტს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ის მოულოდნელად გაათავისუფლა ციხიდან და სპეციალური რეისით გერმანიაში გაამგზავრა. გერმანიამ მის ოჯახს მანამდე უკვე მისცა პოლიტიკური თავშესაფარი.
დღესდღეობით აფგან მუხთარლი გერმანიაში ცხოვრობს, აგრძელებს ჟურნალისტურ საქმიანობას და ითხოვს მისი გამტაცებლების, მათ შორის, საქმეში ჩართული სავარაუდო ქართველი მაღალჩინოსნების დასჯას.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge