მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
მთაწმინდის რაიონში სახლის კედელი ჩამოინგრა, შენობიდან გაყვანილია 12 ოჯახი - Netgazeti

მთაწმინდის რაიონში სახლის კედელი ჩამოინგრა, შენობიდან გაყვანილია 12 ოჯახი - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვ. აბაშიძის ქუჩის N11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა.

მთაწმინდის რაიონის გამგეობის ცნობით, გუშინ, 7 აპრილს შენობის შიდა ფრაგმენტი, კერძოდ, ღიობებს შორის არსებული კედელი ჩამოინგრა. ხოლო დღეს დილით, საცხოვრებელი სახლის გარე კედელი ჩამოიშალა.

როგორც მთაწმინდის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შენობაში მცხოვრები 12 ოჯახი გუშინვე იქნა გაყვანილი შენობიდან და დაბინავებული სასტუმროში. მერიის ცნობით, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ მათ ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა.

„წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გამოწვეულია კერძო მესაკუთრის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არასწორი შესრულებით, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის მზიდი კედელი.

აღნიშნული ფართის მესაკუთრემ მიმდინარე წლის 3 აპრილს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა ფართის გამიჯვნის შესახებ განცხადებით, თუმცა სამუშაოები დაიწყო განხილვის დასრულებამდე, ყოველგვარი ნებართვის გარეშე.

აღნიშნული საცხოვრებელი სახლი არ იყო შეფასებული როგორც ავარიული. შესაბამისად, მთაწმინდის რაიონის გამგეობაში მოსახლეობის მხრიდან მომართვა არ ფიქსირდება“, – ნათქვამია მთაწმინდის რაიონის გამგეობის განცხადებაში.

მთაწმინდის რაიონის გამგეობის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება როგორც პასუხისმგებელი პირის მიმართ სამართალწარმოებაზე, ისე შენობის გამაგრება-რეაბილიტაციის შესახებ.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია