
"სპეკულაციები რომ არ მოჰყოლოდა" - „ოცნებაში“ განმარტავენ რატომ ცვლიან გრანტების კანონს - Netgazeti
„ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ გორდულაძე, რომელიც „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ერთ-ერთი ავტორია, აცხადებს, რომ კანონში შინაარსობრივად არაფერი იცვლება და მხოლოდ იმის დაზუსტება ხდება, რომ ეს რეგულაცია დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე არ ვრცელდება.
გორდულაძის თქმით, მოქმედ კანონში ისედაც წერია, რომ “გრანტების შესახებ” კანონით გათვალისწინებული რეგულაციები დიპლომატიურ კორპუსში ან საელჩოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე არ ვრცელდება, თუმცა იმის გამო, რომ სპეკულაციებისგან თავი დაეზღვიათ, გადაწყვიტეს, 1 თვის წინ მიღებულ კანონში ამის დასაზუსტებლად ცვლილება შეეტანათ.
ამის შესახებ გორდულაძემ კანონპროექტის პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვისას ისაუბრა.
„შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ აქ შინაარსობრივად არც არაფერი იცვლება. მოქმედი რედაქციის მიხედვით საელჩოებზე, დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე გაცემული თანხები, რომლებიც მომდინარეობს მათსავე სახელმწიფოსგან და მიმართული არის საელჩოს ფუნქციონირებაზე, ეს არ ითვლებოდა გრანტად. გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედებს იერარქიულად უფრო მაღალი ვენის კონვენცია და, შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებას უფრო მაღალი იურიდიული ძალა აქვს, ვიდრე საქართველოს კანონს.
იმისათვის, რომ ზედმეტი სპეკულაციები არ მოჰყოლოდა საკითხს, ვინმეს არ ეთარგმნა, მაგალითად, რომ საქართველოს მთავრობასთან არის სავალდებულოდ შესათანხმებელი, თუ საელჩო თავისი სახელმწიფოსგან ოპერაციული ხარჯების დასაფარად და საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად თანხებს იღებს, შავით თეთრზე პირდაპირ კანონში იქნება ჩანაწერი და სპეკულაციები იქნება აბსოლუტურად მინიმუმამდე დასული.
რაც შეეხება იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, შესაძლებელია, რომ ეს წარმოდგენილი კანონპროექტი დაიხვეწოს, დამატება განხორციელდეს, ოღონდ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი კუთხით, შინაარსის უცვლელად, რომ თუ საელჩო საკუთარი მიზნებისთვის იღებს თანხებს საკუთარი სახელმწიფოსგან, ეს არ ჩაითვლება, რა თქმა უნდა, გრანტად და, შესაბამისად, არც საქართველოს მთავრობასთან არ იქნება წარსადგენი გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად.
ამავდროულად, თუ, მაგალითად, საელჩო დააპირებს, რომ გრანტი გასცეს საქართველოს მოქალაქეზე ან ფიზიკურ პირზე, იურიდიულ პირზე, ეს კვლავაც საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას და არაერთი ფაქტია, როდესაც მიმართული იქნა საქართველოს მთავრობისათვის აღნიშნული გრანტის გაცემაზე და მიღებაზე თანხმობის მისაღებად განცხადებები და საქართველოს მთავრობასაც აღნიშნული საკითხი დაკმაყოფილებული აქვს, მაღალი პროცენტულობით, შეგვიძლია დავაზუსტოთ კიდეც[…]
ეს არის შინაარსი ჩვენ მიერ წარმოდგენილი ცვლილებების, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათით დაზუსტებას გულისხმობს, რაც ისედაც ცხადი იყო, და კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ არავის არ ჰქონდეს შესაძლებლობა პოლიტიკური ინსინუაციებისათვის, ტყუილის გავრცელებისათვის, “ფეიქ ნიუსების” კამპანიის საწარმოებლად. ამიტომ შავით თეთრზე ვწერთ იმას კანონში, რაც ისედაც ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის არის ცალსახა და ცხადი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძის მსგავსი არგუმენტაცია ჰქონდა კანონპროექტის კიდევ ერთ ინიციატორს, „ქართული ოცნების“ წევრს, თენგიზ შარმანაშვილს. მისი თქმით, „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მხოლოდ დაზუსტებაა, რომლის მიღებაც “ფეიქ ნიუსების” სამყაროში თავის დასაზღვევადაა საჭირო.
“საელჩოს დაფინანსება გრანტი რომ ვერ იქნება, ეს იმთავითვე ცხადია, მაგრამ მე მაინც მოვუწოდებდი ყველა ჩვენს კოლეგას, რომ დავაზუსტოთ, გადავიზღვიოთ თავი, რომ ვინმეს რაღაცა სულელური იდეები არ მოუვიდეს, რომ ოდესმე შეიძლება ვინმემ საერთოდ წარმოიდგინოს, რომ შენი საელჩოს დაფინანსება გრანტს დაუკავშიროს. აი, ამ პირობით ვარ მეც ერთ-ერთი ინიციატორი და, დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოლეგებიც. და საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, რომ ეს არის მხოლოდ დაზუსტება, თუმცა შეგვიძლია აღარც ვთქვათ და მაინც იგივე რეჟიმი გაგრძელდება, ეს არის ფაქტი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
საკომიტეტო განხილვისას „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ იკითხა, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის მიზეზი ხომ არ ყოფილა დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია ან მითითება.
„შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ასეთი ინიციატივა მომდინარეობს საქართველოს პარლამენტის წიაღიდან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ გიგა ფარულავას პასუხად.
„გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას გამოეხმაურა იურისტის, საიას ყოფილი თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე. მისი თქმით, კანონპროექტის ტექსტი „ქართული ოცნების“ არგუმენტების საპირისპიროა.
„გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა ყოფილა და პროექტის წარმდგენი ამბობს, გამონაკლისში საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთი ოპერაციული საქმიანობისათვის თანხას რომ იღებენ, ეს იგულისხმებაო.
საქმე იმაშია, რომ კანონპროექტის ტექსტში პირიქით წერია. წერია, რომ გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული ამ ნახსენები სუბიექტების მიერ გაცემული თანხები და არა მიღებული. ანუ სრულიად სხვა შინაარსის ტექსტი განიხილება, ვიდრე წარმდგენი ამბობს“, – აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.
„ქართულ ოცნებას“ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები ისევ შეაქვს. ამჯერად დაგეგმილი ცვლილებები დიპლომატიური წარმომადგენლობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემულ გრანტებს შეეხება.
კერძოდ, კანონპროექტის მიღების შედეგად გრანტად აღარ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
4 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ გრანტების შესახებ რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა.ცვლილებები შევიდა გრანტების შესახებ კანონში, სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და სახელმწიფო აუდიტის შესახებ ორგანულ კანონებში.ახალი კანონით ფართოვდება გრანტის ცნება.
კანონის თანახმად, გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საკუთარი ქართული ფილიალისთვის გრანტის მიღება მთავრობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მიმღების დაჯარიმებას გრანტის ორმაგი ოდენობით. მათზე არ ვრცელდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
„ოცნებას“ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები ისევ შეაქვს
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge