
ადეიშვილი უკრაინის პოლიციაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა - Netgazeti
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.
აღნიშნული დეპარტამენტი წარმოადგენს უკრაინის პოლიციას ინტერპოლსა და ევროპოლში და კოორდინაციას უწევს მათი ინსტრუმენტების გამოყენებას დანაშაულების გამოსაძიებლად.
უკრაინული მედია ცოტა ხნის წინ წერდა, რომ ადეიშვილი გაათავისუფლეს გენერალური პროკურატურიდან, სადაც ექსტრადიციის საკითხებზე პასუხისმგებელი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა და შესაძლოა, უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელი გახდეს.
უკრაინის პოლიციის ვებ-გვერდზე ადეიშვილი პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად არის მითითებული და ჩანს, რომ ამ რანგში შეხვედრებში მონაწილეობს მიმდინარე წლის აპრილიდან.
„ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელად. მანამდე ის გენპროკურატურის იმ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც აგროვებდა და ადოკუმენტირებდა ფაქტებს რუსების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებზე. ახალ თანამდებობაზე ზურაბი დაკავდება უკრაინაში დანაშაულების ჩამდენთა დაკავებაზე და უცხოეთიდან ექსტრადირებაზე, ასევე, უცხოეთში დანაშაულის ჩამდენთა უკრაინის ტერიტორიაზე ძებნაზე“, — ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გვერდზე „ფეისბუქში“ 8 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში.
ზურაბ ადეიშვილს საქართველოში რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი და ასევე მისჯილი აქვს პატიმრობა, მათ შორის ციხის კადრების საქმეზე.
საქართველოს საგამოძიებო უწყებებმა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნისა და წითელი ცირკულარის გამოცხადებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ჯერ კიდევ 2013 წლის იანვრის თვის დასაწყისში გაუგზავნეს, თუმცა ინტერპოლის ვებგვერდზე ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილი პირების რეესტრში მხოლოდ 2013 წლის ნოემბერში ჩასვეს და 2015 წელს ამოიღეს, როგორც ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი.
ადეიშვილმა საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უნგრეთში ცხოვრობდა. ადვოკატმა ოთო კახიძემ მაშინ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მიღებული ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში.
უკრაინაში წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ ადეიშვილის ოჯახს აქვს ქონება უნგრეთში.
მაიდანის მოვლენების შემდეგ, როდესაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა, ადეიშვილი უკრაინაში გამოჩნდა. ის ექსპერტის სტატუსით მუშაობდა უკრაინის ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე.
ზურაბ ადეიშვილს, რომელმაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, 2021 წელს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge