
სამინისტროს თქმით, ძვირადღირებული განათება მხოლოდ ერთი სპექტაკლისთვის არ შეუძენიათ - Netgazeti
კულტურის სამინისტრო უარყოფს, რომ ძვირადღირებული სასცენო განათება მხოლოდ ერთი სპექტაკლისთვის, კერძოდ რობერტ სტურუას მიერ დადგმული “ვეფხისტყაოსნისთვის” შეიძინეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სასცენო განათება ზოგადად რუსთაველის თეატრისთვისაა ნაყიდი და მას სხვა სპექტაკლებზეც გამოიყენებენ.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კულტურის სამინისტრომ რობერტ სტურუას სპექტაკლ “ვეფხისტყაოსნისთვის” განათების ძვირადღირებული აპარატურა შეიძინა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. განათების აპარატურა შეძენილ იქნა რუსთაველის ეროვნული თეატრის მუდმივი საჭიროებებისთვის და არა ერთი კონკრეტული სპექტაკლისთვის. რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდესი ტრადიციების მქონე კულტურის კერაა და იმისთვის, რომ მომავალშიც პასუხობდეს ყველა მოთხოვნას, მას სჭირდება თანამედროვე აღჭურვილობა. შესაბამისად, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, რაც რუსთაველის თეატრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად”, – აცხადებენ სამინისტროში.
საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა ბესიკ დონაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთაველის თეატრისთვის შეიძინეს 820 400 ლარის ღირებულების სასცენო განათების აპარატურა.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge