მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
დიდ დიღომში შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრს სცემეს — მედია - Netgazeti

დიდ დიღომში შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრს სცემეს — მედია - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, გდდ-ის ყოფილი უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) გარემოცვის წევრებმა ქვემო ქართლის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრ ისაკ, იგივე გიორგი უბილავას სცემეს.

თავად უბილავა „ფორმულასთან“ მომხდარს უარყოფს: „ზღაპარია რაღაც“, — ამბობს იგი.

უბილავას ცემასთან დაკავშირებით „ტვ პირველმა“ ზვიად ხარაზიშვილი ჩაწერა. ის ამბობს, რომ უბილავას ნაცემის არაფერი ეტყობა.

„ვინ უბილავა?! რა უბილავა?! ვინ არის ნაცემი? საერთოდ ნაცემი ადამიანი გინახია? მე რაც ვნახე, მაგას ნაცემის არაფერი არ ეტყობა… არ ჩასაფრებიან… მე არაფერი არ ვიცი… სპეცრაზმელების გაკეთებული საქმე არ არის, მე რაც ვნახე, ნაცემს ეგ ადამიანი საერთოდ არ ჰგავს, სისხლი უსვია ადამიანს სახეზე. მეტი იქ არაფერი არ არის, მე ვერ დავინახე“, — განაცხადა ზვიად ხარაზიშვილმა „ტვ პირველთან“ სატელეფონო კომენტარში.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, რომელსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს, უბილავას ჩასაფრება დიდ დიღომში, გდდ-ს ყოფილი უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) გარემოცვის წევრმა სპეცრაზმელებმა მოუწყვეს.

„არსებული ინფორმაციით, უბილავამ შინჯიკაშვილთან ერთად გარკვეული პერიოდის წინ ქვეყანაც დატოვა, თუმცა ორივე მათგანი საქართველოში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ “ხარება” ერთი წელია შურისძიებას აანონსებს, რადგან სწორედ შინჯიკაშვილის დაჯგუფებამ 2025 წლის გაზაფხულზე სასტიკად სცემა ორი სპეცრაზმელი“, — იუწყება „ტვ პირველი“.

მომხდარის შესახებ დეტალებზე არ საუბრობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ნეტგაზეთს მხოლოდ ის განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით არის დაწყებული.

ბოლო წლებში მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ გიორგი შინჯიკაშვილს და „ხარებას“ ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ. პერიოდულად ასევე ვრცელდება ცნობები ამ დაპირისპირების გამო გიორგი შინჯიკაშვილის და „ხარებას“ თანამებრძოლების ანგარიშსწორებების შესახებ.

იმას, რომ შინჯიკაშვილს და „ხარებას“ შორის დაპირისპირება არსებობს, ადასტურებს გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილიც.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია