
"რა თქმა უნდა, არჩევნები გვინდა, ოღონდ სამართლიანი" - ხაბეიშვილის განცხადებები სასამართლოში - Netgazeti
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა ბოლო დღეებში მიმდინარე დისკუსიას არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით.
უნგრეთში 16-წლიანი მმართველობის შემდეგ “ქართული ოცნების” მოკავშირე ვიქტორ ორბანის დამარცხების გამო საზოგადოების ნაწილმა დაიწყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ ხერხდება საქართველოში იგივე. ზოგი ამას ოპოზიციურ პარტიებს აბრალებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ საქართველოში არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობა დროის ფუჭი კარგვაა.
ამ საკითხთნა დაკავშირებით ხაბეიშვილმა საკუთარ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა და დამსწრეებს სთხოვა, მისი ნათქვამი ფართო საზოგადოებამდე მიეტანათ.
ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ ლევან ხაბეიშვილის სიტყვას.
“არავის ჭკუის დარიგებას არ ვაპირებ. ბევრ რაღაცას სხვანაირად ვუყურებ ციხიდან. პირდაპირ გეუბნებით, რთულია რაღაც რეალობების აღქმა. ოღონდ მაქვს ცოტა კრიტიკული შეფასებები. თავს შევიკავებ, რომ ვიღაცამ არ იფიქროს – ახლა ეს ციხიდან გვმოძღვრავსო. თავს ვიკავებ, თუმცა მაქვს კონკრეტული შეფასებები კონკრეტულ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით და ვეცდები, რომ მაქსიმალურად ფრთხილად შევაფასო ეს და საზოგადოებას აქედან, სოციალური მედიით თუ ტელევიზიით, რაღაცნაირად მივაწვდინო ჩემი ხმა.ორბანთან დაკავშირებით ჯერ მინდა ვთქვა, რომ გასაოცარი ამბავი მოხდა. ორბანმა წააგო და ჩვენი პოლიტიკური სპექტრის რაღაც ნაწილი დეპრესიაში აქეთ ჩავარდა. ასეთი რაღაცები რატომ გვემართება, არ ვიცი. ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე — უტუხი, უტუხიო. ესე იგი, [არჩევნებიდან] მეორე დღეს უტუხებმა [გულისხმობს “ქართულ ოცნებას”] თქვეს, რომ მადიარისკენ ვიყავითო. ჩვენ რა გვჭირს? როცა ჩვენ ვიმარჯვებთ, იმის მაგივრად, რომ ვთქვათ, ბიძინას მოკეთე დამარცხდაო, მერე ისევ დეპრესიაში ვვარდებით.ვიღაცა გამოაგდებს მოგონილი თემას და მერე ამ მოგონილ თემაზე ცრუ განგაში ატყდება და მიდის დიალოგი. ეგნატე ნინოშვილის “ჯანყი გურიაში” ხომ იცით?! მოკლედ, ბატონყმობის გადაგდება მოინდომეს გურულებმა. 3000 გურული შეიკრიბა დაახლოებით 100 თავადის წინააღმდეგ და ოზურგეთს შემოარტყეს ალყა – ბატონყმობა უნდა გადავარდესო. ერთ საღამოს, ერთმა პროვოკატორმა კაცმა გაირბინა ამ გურულებში, აჯანყებულ გლეხებში და თქვა, რომ რუსები მოდიან იქიდან, აქედან, დაგვხვრეტენ ყველასო და დაიფანტა ეს 3000 გურული. ვინ სად გარბოდა ამ ბატონყმობის გადასაგდებად შეკრებილი გურულები, ვერ გაიგეს. ეს ის გურულებია, რომლებმაც ზუგდიდიდან წამოსულ 10-12- ათასიან ჯარს, რომელიც გურიაში უნდა დახმარებოდა თავად-აზნაურებს, 100-მა კაცმა [გლეხმა], ბოდიში და, დედა უტირა. ანუ, განა თავში არ ჰქონდათ, მაგრამ იქ, იმ კონკრეტულ მომენტში ერთი შევარდა, შეგზავნილი კაცი, პროვოკატორი და დაშალა ეს 3000 კაცი.ასეა აქაც. ესე იგი, გამოდის ვიღაცა [პროვოკატორი] და მიდის ძიძგილაობა – არჩევნები იქნება, კაი, იქნება, არ იქნება… კაცო, პოლიტიკოსები ვართ ჩვენ. მუჰამედ ალი კი არა ვარ. 2014-დან ყველა არჩევნებში ვმონაწილეობდი, 2016-ში კანდიდატი ვიყავი, 2017-ში კანდიდატი ვიყავი, 2020-შიც, 2024-შიც. ოღონდ, როგორი არჩევნები იქნება, ამას თუ მნიშვნელობა არ აქვს და ეს არის სადისკუსიო, გაგიჟებულხართ, ხალხო. არჩევნები, რა თქმა უნდა, გვინდა, ოღონდ რეალური არჩევნები გვინდა.ორბანი, როგორი კაციც არ უნდა ყოფილიყო, იყო პოლიტიკოსი. ერთი მარტივი ახსნა აქვს მაგას: ორბანს ფული უნდოდა იმიტომ, რომ ეკეთებინა პოლიტიკა. ბიძინას პოლიტიკა უნდა იმიტომ, რომ აკეთოს ფული. დიდი განსხვავებაა. უდიდესი განსხვავებაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, არჩევნები გვინდა, ოღონდ სამართლიანი.გარეთ, რუსთაველზე ხალხი რომ დგას, რას ითხოვს? ორი მოთხოვნა არის მხოლოდ. ვიღაცები იძახიან, არჩევნები მოუნდათ ახლაო. ხალხი ითხოვს პატიმრების გათავისუფლებას და არჩევნებს, ხომ? აბა, მეტი რა მოთხოვნაა? ოღონდ ეს არჩევნები როგორი იქნება, რანაირი, ამას არა აქვს მნიშვნელობა?ეს რაღაცა შემოგდებული თემა – “აი, რუსები, ხომ ვამბობდი, არჩევნებით უნდათ [ხელისუფლების შეცვლა] … ხალხო, ხომ არ გადაირიეთ მართლა? ეს ცრუ დილემებია.გეტყვით ახლა მე, ეს რატომ მოგვდის. ოღონდ, კიდევ ერთხელ ვამბობ – არავის ვამუნათებ. რატომ მოგდით, იცით? საქმე დავიწყებული გვაქვს, რა გავაკეთოთ, არ ვიცით, ამიტომ [ვფიქრობთ] – “მოდი, რა, ბიძინას თუ ვერ ვუგებთ, აგერ პირობითად, [ოპოზიციურ], ვთქვათ, “ლელოს” დავამარცხებ, ან გახარიას გავამათრახებ; ან “ლელო” ფიქრობს, რომ ახლა ქოცებს ვერ ვერევი, მოდი, “ნაციონალებს” მაინც მოვერევი; სანამ იმას ვერ ვერევი, მოდი, სალომეს [ზურაბიშვილს] მაინც დავამცირებ და ა.შ. ხალხო, ამის ნაცვლად, ვინ არის საერთო მტერი, რა არის საერთო პრობლემა, იმაზე ვიყოთ კონცენტრირებული, ორგანიზებულად რაღაცა ვაკეთოთ. ისინი [“ქართული ოცნება”] არ გველაპარაკებიან და დისკუსიები გვაქვს ერთმანეთში”, – განაცხადა ლევან ხაბეიშივილმა.
იგი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარს. ხაბეიშვილი ვარაუდობს, რუბიომ აშშ-ის კრიტიკული დამოკიდებულება გაუზიარა კობახიძეს.
“არ შემიძლია ორი სიტყვა არ ვთქვა რუბიოსთან დაკავშირებით. რუბიომ რომ დარეკა, იმის მაგივრად, რომ გვეთქვა, რომ რა მაგარია, ამერიკელებმა დახედეს რუკას და არ დავრჩებით მარტო, კიდე ჩავვარდით დეპრესიაში. ამერიკელებს საქართველოს ცა არ სჭირდებათ. არ სჭირდებათ. ვიღაცებმა კიდევ აქეთ სატოპკე აუწიეს “ქოცებს”, რომ აი, რუბიომ დარეკა თურმე და ჩვენი ცა ხომ არ სჭირდება ამერიკას. მე შენ გეტყვი, ახლა რომ გაიფრინონ, გაიგებენ?! ბიძინას რადარი დაიჭერს?!ერთადერთი, რატომაც შეიძლება დაერეკა რუბიოს კობახიძისთვის – [თქვეს] ჩვენ მაგ ქვეყანაში მილიარდები გვაქვს დახარჯული, თქვენი დემოკრატიისთვის ჩვენმა მოქალაქეებმა გადასახადები გადაიხადეს. ამასობაში ინფორმაცია მოდის წყალივით, რომ ირანელების სადაზვერვო სამსახურები, ეკონომიკური მიმართულება, ფულის მოძრაობა, სავარაუდო აგენტურა, რუსი ჯაშუშები — ბიჭო, არც საქართველო გვინდა თქვენი, არც მთა გვინდა, არც არაფერი არ გვინდა, [უბრალოდ] ჩვენს მტრებს ნუ ეპატიჟებით, კაცო, და ნუ ემეგობრებით.ეს რომ ყოფილიყო კარგი ზარი, რომ დაერეკა და ეთქვა, “ვაა, ირაკლი, როგორა ხარ, ჯიგარო” … დილით, 8 საათზე რომ დაიწყებოდა “იმედზე”, რომ “რუბიომ დარეკა”, ყველგან ილაპარაკებდნენ მაგაზე. ტაშკენტში ვიღაცას ხელს რომ ჩამოართმევს, ან ვიღაცას ხელს აუწევს, აუჰ, შეხვდაო, იძახიან. რუბიოს ერთი კარგი წინადადება რომ ეთქვა, თავს მოგვაჭამდნენ. ვერც ეს ვერ გამოვიყენეთ [ჩვენს სასარგებლოდ] მუდმივად ვართ ერთმანეთის კრიტიკაში”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავეს ქრთამის დაპირებისა და ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალდებით. პოლიტიკური განცხადებების გაკეთებამდე მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს.
“პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას კიდევ ერთხელ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა. ალბათ პატიმარი ადამიანისთვის ამაზე უფრო დიდი რამ და ნუგეში არაფერი არ არის, ვიდრე გულშემატკივრობა. ძალიან მიხარია”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
დასასრულს, ხაბეიშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა დამსწრეებს და იმედი გამოთქვა, რომ “ამ ქვეყანას ეშველება”
“მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ამ ქვეყანას ეშველება. ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, სანამ აზრი აქვს აზრზე მოსვლას, მანამდე მოვიდეთ და ისეთ დროს არ მოვიდეთ აზრზე, რომ უკვე აზრი აღარ ჰქონდეს აზრზე მოსვლას. ეს არის აქ მნიშვნელოვანი.
ჩემი ოპტიმისტური განწყობიდან გამომდინარე, მაინც იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოო ჯამში, ეს სიტუაცია რაღაცნაირად გადატყდება. მადლობა თითოეულ ადამიანს ჩემს სასამართლოზე შეწუხებისთვის. აბა, თქვენ იცით, თქვენ არ იდარდოთ ჩემზე. რაც იქნება და იქნება”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
გაეცანით ხაბეიშვილის განცხადებებს, რომლებიც მან წინა სხდომებზე გააკეთა:
„მოსკოვის მექანიზმი“ აღარ არის რაღაც რეზოლუცია, ეს სამართლებრივი აქტია – ხაბეიშვილი „შპარგალკასავით“ მიჰყვებით და იჭერთ, ვისზეც ვთქვი, რომ კორუმპირებულია — ხაბეიშვილი სასამართლოშიხაბეიშვილის გზავნილები სასამართლოდან — მიმართვა პოლიტიკოსებს, მედიას, პროკურატურასხაბეიშვილი: მეორე გამოსავალია მძევლების გამოყვანა დიალოგით. აიღეთ ეს თქვენს თავზე!მინდა მალე დადგეს მართლმსაჯულება, გავიგოთ, საჯარო ლაპარაკი არის თუ არა დანაშაული – ხაბეიშვილილევან ხაბეიშვილი: სამასამდე პოლიტპატიმარია, როგორ გძინავთ?
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge