
ფაშინიანი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტში ვერ მოხვდება პრორუსი კარაპეტიანის პარტია - Netgazeti
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პარტიამ „ძლიერი სომხეთი“ და ბლოკმა „სომხეთი“ 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერი არ უნდა გადალახონ, რადგან, მისი თქმით, ისინი პარლამენტში “მხოლოდ ხელფასის მისაღებად მოდიან”.
პარტია „ძლიერი სომხეთი“ ეკუთვნის რუს ოლიგარქსა და ბიზნესმენს, სამველ კარაპეტიანს. პარტია გეგმავს 2026 წლის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. არჩევნებში ასევე მოქმედი ხელისუფლების მთავარ კონკურენტად განიხილება რობერტ ქოჩარიანის ბლოკი.
სამველ კარაპეტიანი რუსეთისა და კვიპროსის პასპორტებს ფლობს. მისი მხარდამჭერები მას სომხეთის მომავალ პრემიერ-მინისტრადაც მოიაზრებენ მას შემდეგ, რაც მისი პარტიის გამარჯვების შემდეგ კონსტიტუციის აღნიშნულ ჩანაწერს შეცვლიან და ცენზს გააუქმებენ. პოლიტიკურ ექსპერტებში არსებობს ვარაუდი, რომ მის პარტიას არჩევნებში ამ ფაქტორის გამო არ დაარეგისტრირებენ.
მოსკოვში ფაშინიანის ბოლო ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ სომხეთის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება [როგორც საარჩევნო სუბიექტი], კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც ფლობენ ექსკლუზიურად სომხეთის რესპუბლიკის პასპორტს.
მანამდე პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მმართველი პარტიის ოპონენტი პოლიტიკური ძალები შეძლებენ სომხეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას და, ამავდროულად, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ქვეყნის შინაურ საქმეებში არ ერევა.
სამველ კარაპეტიანმა უკვე განაცხადა, რომ სომხეთის გარდა ყველა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესი დაიწყო.
ფაშინიანის თქმით, ოპოზიციური დეპუტატები სხდომებზე მხოლოდ რეგისტრაციისა და ანაზღაურების მისაღებად ჩნდებიან, ხოლო შემდეგ ტოვებენ დარბაზს. მან ასევე განაცხადა, რომ წლებია საზოგადოება „პრემიებისა და ანაზღაურების“ თემით შეცდომაში შეჰყავთ, მაშინ როცა თავად დეპუტატები ფარულად რეგისტრირდებიან და სხდომებს ტოვებენ დამატებითი თანხის მისაღებად.
ფაშინიანის თქმითვე, 2026 წლის არჩევნები ყოფილი პრეზიდენტების, რობერტ ქოჩარიანისა და სერჟ სარგსიანის პოლიტიკური კოალიციისთვის ბოლო შანსია. როგორც ის ამბობს, პოლიტიკური დაპირისპირების დაძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ აღნიშნული ძალები პარლამენტში ვერ მოხვდებიან, რაც, მისი შეფასებით, უფრო და უფრო რეალისტურ მიზნად იქცევა.
სომხეთში ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პრორუსი კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge