
"ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო" - ცოტნე ივანიშვილი პროევროპულ აქციებზე ნაცემ მოქალაქეებზე - Netgazeti
“ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი გამოეხმაურა პროევროპულ აქციებზე პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემის ფაქტებს.
“ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო”, – თქვა ცოტნე ივანიშვილმა.
მან ამის შესახებ ისაუბრა “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ღონისძიებაზე. პარტიის სოციალურ ქსელში გავრცელდა დამონტაჟებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პარტიული ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდა კითხვას უსვამს ივანიშვილს. ვიდეოში კითხვის ავტორი გოგო ამბობს, რომ პოლარიზაცია განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორისაა, ამას კი უკავშირებს იმ ფაქტს, რომ დღემდე არ დასჯილა ძალოვანი უწყების არცერთი წარმომადგენელი, რომლებმაც პროევროპულ აქციებზე ასობით მოქალაქე სცემეს.
“როგორ ფიქრობ, ამ დაუსჯელობის შეგრძნებას რამე გამოსავალი აქვს, თუ ასე უბრალოდ, ჩვეულებრივი და მისაღებია თქვენთვის?” – ჰკითხეს ივანიშვილს.
“ძალადობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩემი აზრით, ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს. რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო.რაც შეეხება შეკითხვას პოლარიზაციასთან დაკავშირებით, მოდი ოდავ ჩავშალოთ: ახლა დავფიქრდი და მგონია, რომ პოლარიზაციიდან საუკეთესო და უალტერნატივო გამოსავალი არის დისკუსია, დებატი და ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა. მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანს, რომელსაც ვესაუბრებით, მეორე მხარეს, გვაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ერთი საერთო ღირებულება, რომელსაც, ჩემი აზრით, სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია.თუ ორი ადამიანი ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, ჩემი აზრით, საუბარს, დისკუსიას, დებატს, უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია. პირიქით, როდესაც ადამიანს ქვეყანაში მომხდარი ცუდი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუბედურებს, ასეთ ადამიანთან, ჩემი აზრით, საუბარს აზრი არ აქვს, სამწუხაროდ.აქედან გამომდინარე, თუ გვაერთიანებს ის საერთო ღირებულება – ჩვენი საყვარელი საქართველოს, სამშობლოს სიყვარული, ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია ან დებატი, რომელიც შეიძლება დაწყებულიც არ იყოს, დასრულდეს “ქოცი – რუსი”, “აკაცუკი – ნაცის” ძახილით, ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის, ლოგიკური ჯაჭვის ჩამოყალიბების ნაცვლად.ჩემი აზრით, არასწორია, ადამიანი განსაჯო მისი თეზისიდან გამომდინარე და არა მისი არგუმენტიდან გამომდინარე. ისევე, როგორც, ვთქვათ, არ უნდა გააკრიტიკო წიგნი, რომელიც არ გაქვს წაკითხული.შესაბამისად, მე პირადად, ამ თემას საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც ეს შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ მეტი საუბარი არსებობდეს ახალგაზრდებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, მოვახერხებთ იმას, რომ მეტი საუბარი დაინერგოს. ეს პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, ჩანაცვლდეს დებატით, რომელიც მიმაჩნია უალტერნატივოდ.ძალიან მიხარია დღესაც აქ ყოფნა, მიხარია, რომ მოგვეცა იდეების გაცვლის შანსი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეტი მსგავსი ტიპის შეხვედრა, საუბარი ჩატარდება, ეს იქნება “ქართული ოცნების” თუ ნებისმიერი სხვა ახალგაზრდების მხრიდან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გახშირდება ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ მგონია, დებატი, დისკუსია, ნამდვილად კარგი გამოსავალია პოლარიზაციიდან, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი”, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge