მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ტერორიზმის საქმე - ბათუმში 2 პირი დააკავეს - Netgazeti

ტერორიზმის საქმე - ბათუმში 2 პირი დააკავეს - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აჭარის რეგიონში ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ღონისძიების ფარგლებში ქალაქ ბათუმში დაკავებულია უცხო ქვეყნის 1 და საქართველოს 1 მოქალაქე. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სუსი აკეთებს.

“კონტრტერორისტული ცენტრისთვის აღნიშნული პირების შესახებ ცნობილი იყო. ასევე წინასწარ ვფლობდით ინფორმაციას მათი საქართველოში შემოსვლისა და შემოსვლის მიზნობრიობის შესახებ. ისინი საქართველოში ცალ-ცალკე ჩამოვიდნენ და დაბინავდნენ ნაქირავებ ბინაში.

შემოსვლის დღიდანვე ორივე მათგანი იმყოფებოდა კონტრტერორისტული ცენტრის ოპერატიული კონტროლის ქვეშ, რაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდებოდა.

გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და დადეს ერთგულების ფიცი, ეგრეთ წოდებული „ბაიათი“, რაც ასახეს ვიდეოფაილის სახით და გადაუგზავნეს ორგანიზაციის ლიდერებს. რითაც უპირობო მორჩილება გამოუცხადეს მათ. ისინი მზად იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების ნებისმიერი სახის დავალების შესასრულებლად.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დაკავებულები საქართველოდან მიემგზავრებოდნენ სხვა ქვეყანაში, სადაც უნდა შეერთებოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს”, – აცხადებენ სუს-ში.

უწყების თანახმად, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დაურეგისტრირებელი სიმ-ბარათები, მობილური ტელეფონები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ნიღბები, პირადი დოკუმენტაცია და საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა მტკიცებულებები.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 10-დან 17 წლამდე პატიმრობას.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია