მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ევროსაბჭო სომხეთს ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღებისკენ მოუწოდებს - Netgazeti

ევროსაბჭო სომხეთს ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღებისკენ მოუწოდებს - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ სომხეთის პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში რეკომენდაცია გასცა, რომ ქვეყანამ მიიღოს სრულყოფილი ანტი-დისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო.

კომისარმა დადებითად შეაფასა სომხეთის პროგრესი, მათ შორის დარგობრივი კანონმდებლობის გაუმჯობესება, სისხლის სამართლის კოდექსში არსებული გარანტიები და ადამიანის უფლებათა დამცველის აქტიური ჩართულობა. ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო ამჟამად ამზადებს დისკრიმინაციის პრევენციისა და დაცვის შესახებ კანონპროექტს.

ო’ფლაჰერტიმ სომხეთის პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, ეს შესაძლებლობა გამოიყენოს ძლიერი ანტი-დისკრიმინაციული სისტემის შესაქმნელად, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მრავალფეროვანი საზოგადოების საჭიროებებს. მისი თქმით, პროცესი უნდა განხორციელდეს სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროპის საბჭოს მონაწილეობით.

კომისარმა ასევე ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რათა მომავალი კანონი სრულად შეესაბამებოდეს ევროპის საბჭოს სტანდარტებს. მათ შორის არის ადამიანის უფლებათა დამცველისთვის მკაფიოდ განსაზღვრული მანდატის მინიჭება, შესაბამისი უფლებამოსილებებითა და რესურსებით, რათა ეფექტურად ებრძოლოს დისკრიმინაციას და ხელი შეუწყოს თანასწორობას.

ასევე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია სამართლებრივი სიცხადის უზრუნველყოფა ლგბტქი პირების უფლებების დაცვის საკითხში, ისეთი ორგანიზაციების ჩართულობის შესაძლებლობა, რომლებსაც აქვთ ლეგიტიმური ინტერესი ანტი-დისკრიმინაციულ საქმეებში, და სიძულვილის ენის პრობლემის ეფექტური რეგულირება.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია