
მე მჯერა არჩევნების, სადაც არსებობს ხალხის ნება, მას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ - ზურაბიშვილი - Netgazeti
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობასა და ამ გზით ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივებზე. მან განაცხადა, რომ სჯერა არჩევნების და იმის, რომ ამომრჩევლის მობილიზების შემთხვევაში, ხალხი ნებას წინ ვერაფერი დაუდგება.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა ისაუბრა საკუთარი ფეისბუქ-გვერდის პირდაპირ ეთერში. მან დაახლოებით 40-წუთიანი პირდაპირი ეთერის განმავლობაში უპასუხა მოქალაქეების კითხვებს. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა რამდენიმე დღის წინ უნგრეთში გამართულ არჩევნებს. მან ეკითხებოდნენ, როგორ მოახერხა გამარჯვება ოპოზიციონერმა კანდიდატმა პეტერ მადიარმა გაყალბების პირობებში. გარდა ამისა, მას ეკითხებოდნენ, რატომ ვერ შეძლო იგივე ოპოზიციამ საქართველოში.
“ძალიან საინტერესო დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ ამ [უნგრეთის] არჩევნებიდან. პირველ რიგში, მე მგონი, მთავარი არის ის, რომ რაც არ უნდა იყოს გაყალბების მასშტაბი, რა ბერკეტებიც არ უნდა ჰქონდეს ხელში დიქტატურას, ავტორიტარულ რეჟიმს, როგორiც არ უნდა იყოს ეს რეჟიმი, როცა მოსახლეობა არის ამ დონეზე მობილიზებული, რაც ვნახეთ – როცა მოსახლეობის 80% იღებს მონაწილეობას არჩევნებში, სჯერა არჩევნების … მათაც ხომ იცოდნენ, რომ მიდიოდა მოსყიდვები რეგიონებში სხვადასხვა ფორმით, იყო უზომო პროპაგანდა, მხარდაჭერა და ჩარევა რუსეთიდან, მხარდაჭერა და მოსყიდვის დაპირება ამერიკის მხრიდან – ფულს მოგცემთო – ამ დროს ხალხს მაინც სჯერა, რომ მათი ბედი მათ ხელშია. გამოდის [არჩევნებში მონაწილეობას იღებს] მოსახლეობის 80%. ეს არის ყველაზე დიდი გაკვეთილი ამ არჩევნებიდან.ესე იგი, სადაც არსებობს ხალხის ნება, ამ ნებას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ. ამიტომ, მე მჯერა არჩევნების. ყოველთვის მჯეროდა არჩევნების და არა მგონია, რომ არსებობდეს ძალაუფლების გადატვირთვის სხვა ფორმა, თუ არა არჩევნები. თავისთავად, შეიძლება იყოს რეჟიმის ჩამოშლა, თუ გადააცილა იმ ვადას, რითაც შეუძლია დაიკავოს ეს ძალაუფლება, მაგრამ დღევანდელ დღეს დემოკრატიულ ქვეყნებში ყველაზე სტაბილური, ყველაზე მშვიდობიანი გზა არის ის გზა, რომელიც ამოირჩია უნგრეთმა და უნგრელმა ხალხმა. ეს არის არჩევნების გზა. გვაჩვენეს, რომ მობილიზება არის მთავარი ამოცანა.ასე იყო ჩვენთვისაც, რეალურად. ჩვენი შეცდომ, ყველასი – ვინც დავიჯერეთ, რომ გამარჯვება იყო იმ გზის ბოლოს მაშინ, იმ არჩევების დროს [2024 წლის საპარლამენტო არჩევნები] – იყო სწორედ ის, რომ თუ იმდენი ხალხი გამოვა, რამდენიც გამოვიდა სხვადასხვა დემონსტრაციების დროს რუსული კანონის წინააღმდეგ, თუ ეს ხალხი, ეს ახალგაზრდები, მთლიანად დიასპორა მობილიზდება, მაშინ ვერავინ ვერ დაუდგება წინ. ალბათ, შეცდომა იყო ის, რომ ეს მობილიზება იმ დონეზე არ მოხდა, შეიძლება არ იყო ბოლომდე იმდენი პოლიტიკური შეგნება, რომ ყველა ხმა არის მნიშვნელოვანი – ვიღაცას რაღაცის ერიდებოდა თუ ეშინოდა, არ სჯეროდა ოპოზიციის და ამის გამო თავი შეიკავა. ვიცით, დიასპორის მიმართ რა კამპანია იყო ჩატარებული, რომ მას არ მისცემოდა ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.რჩება მთავარი დასკვნა და მთავარი გაკვეთილი – თუ არის ხალხის ნება, თუ საზოგადოება არის მისული იმ თვითშეგნებამდე, რომ მისი მომავალი მის ხელში არის და ხმის მიცემაში არის, რაც არ უნდა იყოს პირობები, რაც არ უნდა იყოს გარემო, რაც არ უნდა იყოს ზეწოლა, რაც არ უნდა იყოს ჩარევა, მაინც შეიძლება გაიმარჯვო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ უნგრეთის მაგალითმა იმედი დაუბრუნა ხალხს საქართველოშიც. იმედი იმისა, რომ არჩევნებით შესაძლებელია ხელისუფლების შეცვლა.
12 აპრილს უნგრეთში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რის შედეგადაც 16-წლიანი მმართველობის მერე დამარცხდა მოქმედი პრემიერ-მინისტრო, ვიქტორ ორბანი. გამარჯვებული გახდა ორბანის ყოფილი მოკავშირე, პარტია “ტისას” ლიდერი, პეტერ მადიარი.
ამავე თემაზე:
რატომ წააგო ორბანმა
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge