
ხოშტარიამ და სხვა ქალებმა ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკაზე ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართეს - Netgazeti
ელენე ხოშტარიამ და კიდევ შვიდმა დაზარალებულმა ქალმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტს მიმართეს წინასწარი მოთავსების იზოლატორებში გაშიშვლების ძალადობრივი პრაქტიკის შესახებ. ინფორმაციას პარტია „დროა“ ავრცელებს.
კომისარი ო’ფლაერტი საქართველოში 2- დღიანი ვიზიტით იმყოფება.
ელენე ხოშტარია და წერილის ხელმომწერები კომისარს მოუწოდებენ, გამოიყენოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში არსებული ყველა მექანიზმი, რათა დასრულდეს იზოლატორებში იძულებითი გაშიშვლების ღირსების შემლახავი პრაქტიკა და პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე პირი.
წერილში ხაზგასმულია, რომ ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკას სისტემური ხასიათი აქვს და გამოიყენება დემოკრატიული, პროევროპული წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეებზე ძალადობისთვის და მათი დაშინების მიზნით.
„ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ ძალადობრივი გაშიშვლების შემთხვევები არ არის მხოლოდ პროცედურული გადაცდომა, ეს არის ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა. და ეს პრაქტიკა წარმოადგენს უფრო ფართო, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული წამების სისტემის ერთ-ერთ საყრდენს“, — ნათქვამია მიმართვაში.
წერილის ხელმომწერების აზრით, იმისთვის, რომ დაკავებული პირების ძალადობრივი გაშიშვლების ღირსების შემლახავი პრაქტიკა შეწყდეს, არ არის საკმარისი ამ შემთხვევების მხოლოდ დოკუმენტირება და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. მათი პასუხისგებაში მიცემა იქნება ერთადერთი ეფექტიანი შემაკავებელი ფაქტორი წამების ნორმალიზაციის წინააღმდეგ.
„პროტესტის მონაწილე საქართველოს მოქალაქეების შეუჩერებელი წინააღმდეგობა, სიმტკიცე და გამძლეობა ცხადყოფს, რომ საქართველოში ვერ დამყარდება სტაბილურობა სამართლიანობის აღდგენისა და ადამიანის ღირსების უმთავრეს ღირებულებად აღიარების გარეშე“, — წერია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ:
თამუნა გიორგაძელიკა ბასილაია-შავგულიძემარიამ მელიქიშვილინუცა მახარაძენინო ბარძიმაშვილინინო დათაშვილიქრისტინა ბოტკოველი (ნენსი ვოლანდი)ელენე ხოშტარია
ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან, როცა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი მოუწოდებდა სხვა ადამიანებს, რომლებსაც მსგავსად, ღირსების შემლახველად მოეპყრნენ იზოლატორებში, მათ საქმეებზე საერთაშორისო წარმოების დასაწყებად დაუკავშირდნენ პარტიას „დროა“, რომლის გუნდი ამ მიმართულებით მუშაობს.
თუ იზოლატორში ძალადობრივი გაშიშვლების მსხვერპლი გახდით, გამოგვეხმაურეთ — ელენე ხოშტარია
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge