
საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა - ოპოზიციის ალიანსი - Netgazeti
ოპოზიციის ალაინსი „ქართული ოცნების“ სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება და მას საკადრო კარუსელს უწოდებს.
ალიანსის განცხადებით, ეს ცვილებები ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა
„დღევანდელი საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა.
საკუთარი მავნე განზრახვების განსახორციელებლად რეჟიმს სასიცოცხლოდ სჭირდება თავის წიაღში სტაბილურობა; თუმცა ეს სტაბილურობა მისთვის შეუძლებელ ამოცანად იქცა: სწრაფად ვიწროვდება იმ ადამიანების წრე, ვისაც ივანიშვილი ენდობა, რომ ძალაუფლება დააყრდნოს.
ამ მდგომარეობამდე ავტოკრატი ოლიგარქი ქართული საზოგადოების უწყვეტმა და გაუტეხელმა წინააღმდეგობამ მიიყვანა. არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკა, საერთაშორისო სანქციებთან ერთად, რეჟიმს ვითარების ნორმალიზების შესაძლებლობას არ აძლევს; „ქართულ ოცნებაში“ ნდობის კრიზისი ღრმავდება.
ოპოზიციის ალიანსი გააგრძელებს არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკას მანამდე, სანამ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საყრდენს ბოლომდე არ გამოვაცლით და მიტაცებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხის სამსახურში არ დავაბრუნებთ. ამის შემდეგ ჩვენი ამოცანა იქნება კანონის უზენაესობის და სამართლიანობის დამკვიდრება, გათელილი სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს შეუქცევადი დაბრუნება ევროატლანტიკური განვითარების ისტორიულ გზაზე.
26 მაისს, 19:00 საათზე, მსვლელობა თსუ-ს I კორპუსიდან პარლამენტამდე! გამარჯვებისთვის – ერთად, ბოლომდე!“, – ნათქვამია ოპოზისიის ალიანსის განცხადებაში.
ოპოზისიის ალიანსში შემავალი პარტიები არიან: „ახალი“, „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“, „დროა“, „ეროვნულ- დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“ და „ნაციონალური მოძრაობა“.
„ქართული ოცნების“ მთავრობაში საკადრო გადაადგილებებია. მთავრობის სტრუქტურას სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დაემატება, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი უფროსი, მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
მამუკა მდინარაძის ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას გელა გელაძე დაიკავებს, რომელიც ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრია.
შინაგან საქმეთა მინისტრად დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი დაინიშნა. სულხან თამაზაშვილი ამ დრომდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge