მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ევროკავშირის ელჩები უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის გამოყოფაზე შეთანხმდნენ - Netgazeti

ევროკავშირის ელჩები უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის გამოყოფაზე შეთანხმდნენ - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ევროკავშირის ელჩები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმდნენ.

ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უნგრეთმა და სლოვაკეთმა თავიანთი ვეტო მოხსნეს.

კერძოდ, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა წერილობითი პროცედურა დაიწყო ევროკავშირის 2021–2027 წლების გრძელვადიან ბიუჯეტში ცვლილებების დასამტკიცებლად. ეს ცვლილებები მოიცავს 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს უკრაინისთვის და გაერთიანების სანქციების მე-20 პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.

წერილობითი პროცედურა ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის ელჩის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერას ან დასაბუთებული შენიშვნების წარდგენას. პროცესი 24 საათს გასტანს. თუმცა შესაძლოა უფრო ადრეც დასრულდეს, თუ ყველა ხელმოწერა დროულად შეგროვდება.

კიევისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გზა გაუხსნა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დამარცხებამ, რომელიც აღნიშნულ პაკეტს ბლოკავდა.

„ახლა გადაწყვეტილებები წერილობით პროცედურას გაივლის საბჭოს მიერ საბოლოო დამტკიცების მიზნით. მოსალოდნელია, რომ წერილობითი პროცედურა ხვალ ნაშუადღევს დასრულდება“, — განაცხადა ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობის წარმომადგენელმა.

უნგრეთი და სლოვაკეთი როგორც სანქციებს, ისე სესხის გამოყოფას იმ მიზეზით ბლოკავდნენ, რომ ისინი კიევს მილსადენ „დრუჟბით“ რუსული ნავთობის ტრანზიტის განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებდნენ. აღნიშნული მილსადენი, რომელიც ორივე ქვეყანას რუსული ნედლი ნავთობით ამარაგებს, იანვარში გაითიშა. უკრაინული მხარის განცხადებით, მილსადენი რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანდა.

22 აპრილს უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაადასტურეს, რომ უკრაინამ „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდება აღადგინა, პირველ ნაკადებს კი 23 აპრილისთვის ელიან.

European Pravda-ს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი დაელოდებიან რუსული ნავთობის ფიზიკურ შესვლას მათ ტერიტორიებზე შეკეთებული „დრუჟბის“ მილსადენის საშუალებით. შესაბამისად, საბოლოო დამტკიცება 23 აპრილის დილამდე ნაკლებად სავარაუდოა.

წერილობითი პროცედურის წარმატებით დასრულების შემდეგ, ორივე გადაწყვეტილება ოფიციალურად უნდა მიიღოს ევროკავშირის საბჭომ, ასევე ერთხმად.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია