
მოლდოვაში ოლიგარქ ვლადიმირ პლაჰოტნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - Netgazeti
მოლდოვის სასამართლომ ოლიგარქ ვლადიმირ პლაჰოტნიუკს „საბანკო თაღლითობის“ საქმეზე 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პლაჰოტნიუკს მოლდოვის არაფორმალურ მმართველად ასახელებდნენ. მას ბრალი ედება დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაში, რომლის მეშვეობითაც საბანკო სისტემიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი დოლარი იქნა მითვისებული.
2019 წელს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მან მოლდოვა დატოვა. მოლდოვას მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. 2020 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პლაჰოტნიუკი შავ სიაში შეიყვანა. 2025 წლის თებერვლის დასაწყისში ინტერპოლით ძებნილთა სიაში შეიყვანეს. ის საბერძნეთში დააკავეს და 2025 წლის სექტემბერში მოლდოვას გადასცეს.
რაც შეეხება მის სასჯელს, ბრალდების მხარე ოლიგარქისთვის 25-წლიან პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მას სასჯელის სახედ და ზომად დახურული ტიპის ციხეში 19 წლით პატიმრობა განუსაზღვრა.
ამავდროულად, სასამართლომ ვლადიმირ პლაჰოტნიუკს დააკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება – დაახლოებით 60 მილიონ დოლარის გადახდა.
პროკურორის განმარტებით, საქმეზე დადებული ყადაღა, რომლის ღირებულებაც დაწესების მომენტში მილიარდ ლეიზე მეტს შეადგენდა, ძალაში რჩება და შესაძლოა სრულად დაფაროს ზიანი, რაც დამოკიდებულია ქონების ღირებულების ცვლილებაზე.
თავად პლაჰოტნიუკი განაჩენის გამოცხადების სხდომას არ ესწრებოდა. მისი ადვოკატების განცხადებით, განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, პლაჰოტნიუკის ადვოკატმა ლუჩიან როგაკმა გადაწყვეტილებას „აშკარად უკანონო“ უწოდა და აღნიშნა, რომ განაჩენი მყარ მტკიცებულებებს არ ეფუძნება.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge