
„ოცნებაში“ პაველ ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას ითხოვენ - Netgazeti
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა დაიბარონ.
კობახიძე ელჩის განცხადებით მანიპულირებს და ამბობს, რომ პაველ ჰერჩინსკი ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით ემუქრება.
„მან თქვა, რომ უახლოეს მომავალში გადაწყდება, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები ან განვითარდება ერთი მიმართულებით, ან მეორე მიმართულებით. ეს მეორე მიმართულება მისი შეხედულებით არის სამოქალაქო ომი და მოსახლეობის გაღარიბება. როდესაც ასე ემუქრება ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს, ეს შეფასებასაც არ იმსახურებს, მართლა ტრაგიკულია… ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით. ეს არის მისის პირდაპირი მუქარა, რა თქმა უნდა, ამისათვის ელჩის დაბარება არის მიზანშეწონილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის მსგავსად, პაველ ჰერჩინსკი სამოქალაქო დაპირისპირებით მუქარაში დაადანაშაულა კახა კალაძემაც. კალაძეც მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ელჩი აუცილებლად უნდა დაიბარონ და კონკრეტული კითხვები დაუსვან.
„ძალიან შემაშფოთებელი განცხადება იყო – საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა. თუ აქამდე შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, აგერ პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს და სახელმწიფოს. ეს არის ძალიან მძიმე. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი დაბარება და უნდა დაისვას კონკრეტული კითხვები, რაზეც პასუხები გვჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
22 აპრილს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, განაცხადა, რომ საქართველო გზაგასაყარზე დგას.
„საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“, — განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge