„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ — რა განცხადებები გააკეთეს პოლიტიკოსებმა თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე
თბილისში, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილ მოქალაქეებს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მიმართეს სიტყვით.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას აქციის მონაწილეთა სიმრავლეზე, დაკავებულებსა და ქვეყნის ევროპულ მომავალზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველამ უნდა შეხედოს აქციაზე მისულ ადამიანებს და მიხვდეს, რომ მათ საქართველოს სიყვარულს ვერ აუკრძალავენ.
„მოგესალმებით, ყველაზე ძვირფასო ადამიანებო სამყაროში! მიხარია, რომ აქ გხედავთ, მიხარია, რომ გხედავთ უამრავს, მიხარია, რომ ყოველ შემდეგ აქციაზე ვართ მეტი და მეტი. ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი გამოცდა, გამოცდა - რაოდენობაზე. ეს ვთქვით წინაზე და გვაქვს მეტი რაოდენობა, შემდეგი გამოსვლა იქნება და უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი რაოდენობა და ცვლილება არის აქ, ხალხში. როგორც კი ვიქნები კიდევ უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია!
ჩვენ შეიძლება ჩაგვამწყვდიონ ციხის საკნებში, როგორც ძვირფასი ელენეს [დევიძე] ძმას, რომელმაც დღეს დაწერა: გთხოვთ, ნუ მიატოვებთ ჩემს მეგობრებს და ჩემს ოჯახის წევრებსო და მე აქედან მინდა ვუთხრა- არასდროს მივატოვებთ არც ერთს, ვინც ციხეში ხართ! არც ერთს და ვინც აქ არის, გარეთ და თქვენზე ღელავს! თქვენ მთავარი ხალხი ხართ ახლა, ჩვენი სამშობლოს მთავარი ბურჯები და თქვენ აქ დგახართ, ვგრძნობთ თქვენს აქ ყოფნას, თქვენ ხართ უხილავი დამსწრეები და მთავარი ხალხი აქ!
ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა იმათი, ვინც იქ დატოვეს, როგორც „ქოცების“, ისევე მათი მოსამართლეების, მაგალითად, ზოგიერთი სამარცხვინო მეგრელის. ამ ხალხს შეხედოს ყველამ და დაიმახსოვროს, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსათვის ბრძოლას, ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი წინაპრების ანდერძის შესრულებისთვის ბრძოლას, ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლას, ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. საქართველო ევროპაა! საქართველო ჩვენი დიდი წინაპრების დანატოვარი ანდერძის თანახმად, ქრისტიანულ ევროპულ აკვანში უნდა დაბრუნდეს და ვერავინ ამაში წინ ვერ დაგვიდგება. საქართველო ივანიშვილის გარეშე!“
„დროას“ ლიდერმა გიგა ლემონჯავამ გამოსვლისას განაცხადა, რომ რეჟიმს გაუჩნდა ბზარები, ხოლო 2024 წლის 28 ნოემბრის 2 წლის თავზე ათიათასობით ადამიანი კვლავ ქუჩაშია. მან ყურადღება გაამახვილა საზოგადოების სოლიდარობასა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ჩართულობაზე.
„2024 წლის ნოემბრის შემდეგ ჩვენს საკმაოდ მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. მძიმე პერიოდი იყო რამდენადაც „ქართული ოცნების" რეჟიმმა იკადრა საკუთარი მოქალაქეების წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, პატიმრობა და ყველაფერი რისი კადრებაც რეჟიმს შეეძლო.
ხანდახან იმედგაცრუება და იმის შესახებ ფიქრი შემოგვიტევს, ამ ბრძოლას აქვს თუ არა დასასრული და შეგვიძლია თუ არა გამარჯვება. ყოველთვის როდესაც ეს ფიქრი შემოგვიტევს, უნდა გავიხსენოთ, რომ დღეს თავისუფლების მოედანზე დგას ხალხი, რომელმაც რეჟიმის მიერ განწირულ ექიმს ახმეტიდან 53 წუთში 50 ათასი ლარი შეუგროვა და გადაარჩინა.
თავისუფლების მოედანზე დგანან ილიაუნის სტუდენტები, რომლებმაც რეჟიმის მიერ განწირულ ბავშვებს ამ გაჭირვებულ ქვეყანაში რამდენიმე დღეში 2 მილიონი ლარი შეუგროვა. დღეს აქ დგანან საჯარო მოხელეები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის და ევროპული მომავლის დაცვის გამო სამსახურებიდან გამოადგეს და დასაჯეს, მაგრამ ეს ხალხი დგას აქ და ბრძოლას აგრძელებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
დღეს აქ დგას ხალხი სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, რომელთა წინააღმდეგ რუსული კანონი მიიღეს. იმედოვნებდნენ, რომ მათ საქმიანობას შეაჩერებდნენ, მაგრამ ვერ შეაჩერეს და ამ ხალხმა ბრძოლა გააგრძელა.
დღეს აქ დგანან პროფესორები, მასწავლებლები, რომელთაც თავისუფალი აზრის გამო დევნიდნენ და დღესაც დევნიან. სჯიან, რომ მათი ბრძოლა შეაჩერონ, მაგრამ ვერ შეაჩერეს და ვერც შეაჩერებენ.
დღეს აქ დგანან პოლიტიკური პატიმრები, რომელთაც წლები წაართვეს. მათ ციხეები დატოვეს და დღეს აქ ჩვენთან ერთად დგანან და ჩვენთან ერთად აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის.
გაიხედეთ რეჟიმის მხარეს - მათი მინისტრთა კაბინეტის ნახევარი ციხეში ზის, დაყოფილია კრიმინალურ კლანებად და ჩაძირულია კორუფციაში. ქურდბაცაცა რეჟიმის წარმომადგენლები დანოსების დაწერასა და ჩვენებების მიცემას საკუთარი თანაგუნდელების წინააღმდეგ ერთმანეთს ასწრებენ.“
„თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ გამოსვლისას ხელისუფლების პოლიტიკა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ორგანიზებული პოლიტიკური ბრძოლის მნიშვნელობა შეაფასა. მისი თქმით, პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საკმარისი არ არის და ორგანიზებულ, სტრატეგიულ, პოლიტიკურ ბრძოლაში კიდევ უფრო მეტი ადამიანია საჭირო.
„მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, რომელმაც ამ ბოლო დროს ამოიღო ხმა, სიმართლე თქვა. მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მეუფე იობს, რომელმაც გააჟღერა სიმართლის სიტყვა ყველას გასაგონად. დიახ, მართალი სიტყვა უნდა ისმოდეს ყველგან - უნდა ისმოდეს ამბიონიდანაც, ქუჩაშიც, ტელეეთერებშიც, საქართველოს მთაშიც, საქართველოს ზღვისპირეთშიც, სოფლებშიც, თავისუფლების მოედანზეც და ევროპის დედაქალაქებშიც. ამათ არ უნდა მივცეთ საშუალება, ენა ჩაგვაწყვეტინონ და ხმა ვეღარ ამოვიღოთ! დღეს არის ის დღე, როდესაც ჩანს, რომ ამას ვერ მოახერხებენ!
როგორი ქვეყანა შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მმართველობის პერიოდში?! მან შექმნა ქვეყანა, სადაც ადამიანები სიღარიბიდან ვეღარ ამოდიან. შექმნა ქვეყანა, სადაც ემიგრაციის ტრაგიკული რიცხვები გვაქვს. შექმნა ქვეყანა, სადაც ყოველ დილით მოქალაქეები იღვიძებენ და ფიქრობენ, წამალი იყიდონ თუ საჭმელი მიუტანონ შვილებს.
გუშინ ჩვენ ვნახეთ ქვეყანა, რომელიც ორ ფეხზე ამაყად კი არ მიდიოდა ევროპისკენ ღირსებით, არამედ ვნახეთ დატუქსული ხალხი, დამცირებული პოლიცია, პროფესიონალიზმდაკარგული. „ქართულმა ოცნებამ“ გამოუცხადა ომი საკუთარ მოქალაქეებს და პოლიციას. სამართალდამცავებს უღირსად იყენებს იმ ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკის გასამართლებლად და განსახორციელებლად, რომელიც მან წამოიწყო.
როგორი პარტიაა „ქართული ოცნება“?! დაუკვირდით, წლების განმავლობაში, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იყო მიმართული შუღლის, მტრობის, სიძულვილის, უნდობლობის დასათესად. ისინი ბევრს ლაპარაკობენ “გლობალური ომის პარტიაზე”, მაგრამ თვითონ არიან “ქაოსის პარტია” ამ ქვეყანაში, თვითონ არიან ნამდვილი “ომის პარტია”, იმიტომ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ დათესეს მხოლოდ სიძულვილი, მხოლოდ უნდობლობა, ნაცვლად იმისა, დაეთესათ სიყვარული, სიკეთე და სოლიდარობა ამ ქვეყანაში. ახლა სოლიდარობის, ერთად დგომის და თავისუფლების დროშა უჭირავს ჩვენ ხალხს, იმიტომ, რომ მართლაც მას ეკუთვნის ძალაუფლება.
ეს პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ის გამოხატავს ჩვენს შეურიგებლობას, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პროტესტი არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ადამიანი ორგანიზებულ, სტრატეგიულ, პოლიტიკურ ბრძოლაში. ამიტომ იყო, რომ “თავისუფლების მოედანმა” ამ წლის დასაწყისში ვთქვით, რომ მთელ ქვეყანას შემოვივლიდით, რომ გაგვეერთიანებინა ამ ბრძოლაში ყველა მოქალაქე, რომელსაც უნდა ცვლილება. ამ პირობას ჩვენ ერთგულად ვასრულებთ.
მე მინდა დაგპირდეთ თქვენ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე. არა იმიტომ, რომ შურისძიება გამოძრავებს, არამედ იმიტომ, რომ მივიღოთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც სჭირდება ამ ქვეყნის მართვას. ჩვენ ვიქნებით ამ ბრძოლის წინა ხაზზე, ჩვენ ვიქნებით პროტესტშიც, ვიქნებით პოლიტიკურ პროცესშიც, ვიქნებით დიპლომატიაშიც, ვიქნებით კონფერენციებზეც, ვიქნებით მედიებშიც და ვიქნებით ყველგან, სადაც სჭირდება ეს საქართველოს თავისუფლების საქმეს. ეს ხალხი იმსახურებს ღირსეულ ცხოვრებას. ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ ღირსეულ, მშვიდ ცხოვრებას და სამართლიან წესრიგს, სადაც საქართველოში ქვეყანა და მთავრობა ყოველთვის მოემსახურება ხალხს. გამარჯვება თქვენ! წინ საქართველო! გამარჯვებებისკენ!“
„ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა აქციაზე გამოსვლისას ეროვნულ იდენტობასა და ქვეყნის მომავალი მოწყობის პრინციპებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ახლა ქართველი ერი თავს ითავისუფლებს „რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან“.
„მე არასდროს დამიკარგავს ქართველი ხალხის იმედი, არ დამიკარგავს არა იმიტომ, რომ სათითაოდ გიცნობთ, არამედ იმიტომ, რომ იმას ვიცნობ, რასაც ჩვენი კოლექტიური, ერთობლივი მეხსიერება განძად ინახავს.
შოთა რუსთაველს ვიცნობ, ილია ჭავჭავაძე ვიცნობ, დავით გურამიშვილის ვიცნობ, სულხან-საბა ორბელიანს ვიცნობ, ვაჟა-ფშაველას ვიცნობ და ვიცი, რომ მათი შემოქმედება არის ჩვენი იდენტობა და ეს იდენტობა რუსეთმა სულ ქვაში რომ გამოკეტოს, ზუსტად ვიცი, რომ ქვას შევჭამთ და თავს გავითავისუფლებთ და სწორედ ეს პროცესი მიდის ახლა, ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან, გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა, გამარჯვებამდე უნდა გავცეთ პასუხი კითხვას, როგორია საქართველო ივანიშვილის გარეშე
ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე არის საქართველო, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, სადაც გაჭირვებული არ მათხოვრობს, სადაც დამნაშავე დასჯილია და კანონმორჩილი უსაფრთხოდაა, სადაც ძლიერი სუსტს ვერ ჩაგრავს და ჩვენ აუცილებლად შევთანხმდებით ამაზე, იმიტომ, რომ ეს არის ქართული და ეს ვართ ჩვენ ქართველები, თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს, საქართველო ევროპაა და საქართველო რესპუბლიკა იქნება მას შემდეგ, რაც ივანიშვილს დავამარცხებთ.“
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა გამოსვლისას ბოლო ორი წლის მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ ახლა მხილების დრო კი არ არის, ცვლილების დროა. მისი განმარტებით, ქვეყანამ ბოლო 2 წლის განმავლობაში უმძიმესი პერიოდი გაიარა.
„მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი სანახავია ეს მოედანი დღეს. როცა ჩვენ, 2 წლის წინ, გამოგვიცხადეს რუსეთის სურვილი, საქართველოს ევროინტეგრაციის გზა შეჩერებულიყო, ძალიან კარგად მესმის ამ განცხადების მოსმენისას ჩემი და თქვენი სიმძიმე, მაგრამ ამავე დროს, იმ 28 ნოემბერს, ჩვენ, ყველამ ერთად, ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა განვაცხადეთ, რომ ეს გზა არ გაჩერდებოდა, ეს არ შეჩერდებოდა და ამ მომავალს ჩვენ ვერავინ წაგვართმევს, ვისი ნებაც არ უნდა იყოს ეს.
უმძიმესი 2 წელი გავიარეთ უპირველეს ყოვლისა, უმძიმესი იყო პოლიტიკური პატიმრებისთვის, მათი ოჯახებისთვის, ძალიან ბევრი ადამიანური ტრაგედია მოხდა - ფინანსური პრობლემები, რეპრესიები, მაგრამ ამ სულისკვეთების გაჩერება არ შეიძლება, ეს არ მოხდება, რადგან ეს არის ძალიან ბევრი თაობის ნატვრა, ძალიან ბევრი მსხვერპლია გაღებული იმისათვის, რომ საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა იყოს. დღევანდელი მმართველები, ის პარტია, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, სათავეშია, ბოლომდე ცდილობს თავისი ხელისუფლება გაიხანგრძლივოს. სიყალბეში, ტყუილში ცხოვრება ხალხს აღარ უნდა... შეიძლება ცოტა ხალხი დიდი ხანი მოატყუო, ბევრი - ცოტა ხანი, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებ, ეს ეტაპი არის ახლა, ეს დრო მოვიდა ახლა, ტყუილები აღარ ჭრის. როცა გვეუბნებიან, რომ ჩვენ სამართლიან ქვეყანაში ვცხოვრობთ, ბევრი უსამართლობაა, როცა გვეუბნებიან, რომ კორუფცია არ არის, უამრავი სამარცხვინო კორუფციული ამბავია და სწორედ მათი თანამებრძოლები ციხეში არიან.
როცა გვეუბნებიან, რომ რუსეთთან მოთმინება, თავის დახრა ტერიტორიულ მთლიანობას ან თავისუფლებას მოიტანს ჩვენს ქვეყანაში, ეს ხომ არ არის სიმართლე, ამას ხომ ყველა ხვდება? ასევე, როცა ევროპას ლანძღავენ და თან გვეუბნებიან, რომ ევროინტეგრაციას ასე მივაღწევთ, ეს დიდი ტყუილია და ყველას კარგად გვესმის. ამიტომ, ახლა მხილების დრო კი არ არის, ცვლილების დროა. ამიტომ, ჩვენ ყველა და თქვენ პირველ რიგში, ვისაც სულისკვეთება გაქვთ, არ დაუშვებთ არასდროს იმას, რომ საქართველომ მისი საუკეთესო მომავალი დაკარგოს, ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა, გვინდა დემოკრატია, როგორიც არის ევროპაში და საქართველო არის ევროპა, საქართველო გაიმარჯვებს.“
თავისუფლების მოედანზე ლოზუნგით „საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“, საპროტესტო აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა. აქციის მონაწილეებს პოლიტიკოსებთან ერთად სიტყვით მიმართეს სამოქალაქო აქტივისტებმა და აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებმაც.
მანამდე მოქალაქეებმა სამი ლოკაციიდან საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ავლაბრის მეტროს ტერიტორიაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და ორბელიანის მოედანზე, საიდანაც მარშით თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ასევე ბანერები სხვადასხვა საპროტესტო შინაარსის წარწერით.
დღევანდელი აქცია მიეძღვნა 2 წლის გასვლას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებიდან, 2028 წლის ბოლომდე დააპაუზოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა, რაც ამ დრომდე გრძელდება.
2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს. ამას ქვეყანაში პროტესტი და ყოველდღიური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების ფარგლებში დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით ადამიანი. პროტესტის მონაწილეები ორი წლის განმავლობაში ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას.
