გურამ მაჭარაშვილი: „საკონსტიტუციო სასამართლომ, რა თქმა უნდა, კონსტიტუციით უნდა ისარგებლოს. კონსტიტუციაში კი წერია, რომ ასეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ეწევა როგორც გაცხადებულად, ისე ქმედებებით, არ უნდა არსებობდეს და უნდა აიკრძალოს“
„საკონსტიტუციო სასამართლომ, რა თქმა უნდა, კონსტიტუციით უნდა ისარგებლოს. კონსტიტუციაში კი წერია, რომ ასეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ეწევა როგორც გაცხადებულად, ისე ქმედებებით, არ უნდა არსებობდეს და უნდა აიკრძალოს“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებებისა და ქმედებების შეფასებისას განაცხადა.
„მათი ბუნებაა ასეთი – წინააღმდეგობებით, ბოროტებით აღსავსე, ის, რომ მათი არის ყველაფერი და ის, რომ მათი პატრონები უცხოეთში არიან და საქართველოს სუვერენიტეტი მნიშვნელოვანი არ არის – ეს არის მათი ბუნება, მათი ბუნების გამოჩენა. გგონიათ, შემთხვევით თქვა ბარამიძემ ის, რაც თქვა? ის შინაგანად იყო ასეთი მოწოდების და იმდენი ადამიანობაც არ ეყო, რომ გამოსულიყო, ეთქვა, წამომცდაო და ბოდიში მოეხადა. ან სააკაშვილმა თქვა, გგონიათ, შემთხვევით, შავაძე რომ დავხვრიტეთ, სწორი გავაკეთეთო? რა უფლება გაქვს, შენ დახვრიტო ადამიანი, თეორიულადაც კი აგენტი რომ იყოს – სასამართლოა ქვეყანაში და ის დასჯის შესაბამისად. გამოვარდებოდა ის და მისი დამქაშები და იტყოდნენ: ეს უნდა მოვკლათ, ეს დავხვრიტოთ, ეს გავაუპატიუროთ, ამას ბიზნესი ჩამოვართვათ – ეს ყველაფერი გაფორმდებოდა პროკურატურაში და შემდგომ უკვე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდებოდა და ა.შ.
შესაბამისად, ასეთი მუქარები – მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, მოსამართლისთვის – გვარამიას მხრიდან იქნება ეს თუ რომელიმე სხვისი მხრიდან, ეს არის მათი ბუნება. სხვათა შორის, ესეც ერთ-ერთ მტკიცებულებად აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ბუნებრივად შეიქმნა ეს რეჟიმი – „ნაცმოძრაობა“, როგორც ბოროტების სათავე.
საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციით უნდა ისარგებლოს, რა თქმა უნდა და კონსტიტუციაში წერია, რომ ასეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ეწევა გაცხადებულად, არ უნდა არსებობდეს და უნდა აიკრძალოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
