ქართველების დაპირისპირება ქელეხში, იტალიაში - საქმეში ფიგურირებს მინდია ლავასოღლიც
ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების დაპირისპირების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. კრიმინალური თემატიკის რუსული გამოცემა „პრაიმ კრაიმის“ ცნობით, იტალიაში, სამძიმრის სუფრაზე, ვაჟა სულამანიძესა და თემურ ჭურაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
გამოცემის ცნობით, შეკრებას მინდია გორაძე, მეტსახელად „ლავასოღლიც“ ესწრებოდა.
გამოცემა წერს, რომ ინციდენტი ქუთაისელი „კანონიერი ქურდის“, ჯონდო ესებუას მამის გარდაცვალების გამო გამართულ ქელეხზე მოხდა. შეკრებას თავად ჯონი ესებუა, თემურ ჭურაძე, მინდია გორაძე და კრიმინალურ წრეებში ცნობილი სხვა პირებიც ესწრებოდნენ.
„პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, თავდაპირველად ყველაფერი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა სუფრაზე ალკოჰოლის მიღების შემდეგ ვაჟა სულამანიძემ თემურ ჭურაძეს პრეტენზიები წაუყენა. ჭურაძემ კი ეჭვქვეშ დააყენა სულამანიძის, როგორც „კანონიერი ქურდის“, ავტორიტეტი და მისი პრეტენზიების საფუძვლიანობა.
გამოცემა წერს, რომ მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა, თუმცა ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე საქმე არ მისულა. საბოლოოდ, მონაწილეები შერიგდნენ და ერთმანეთი კრიმინალური სტატუსის მქონე პირებად აღიარეს.
„პრაიმ კრაიმი“ მომხდარს ქართველი ახალბედა „კანონიერი ქურდების“ სტატუსის ლეგიტიმაციის მცდელობას უკავშირებს. გამოცემის შეფასებით, ამ პროცესის უკან ტარიელ ონიანის ინტერესებიც იკვეთება.
