როგორ უნდა გადაუფორმოთ შვილს ბინა, რომ მომავალში სადავო არ გახდეს - სპეციალისტის რჩევები
როდესაც მშობელი უძრავი ქონების შვილზე გადაფორმებას გადაწყვეტს, ხშირად უჩნდება კითხვა, სამართლებრივად რომელი ფორმაა უფრო საიმედო – ჩუქება თუ ნასყიდობა? ან რა განსხვავებაა ჩუქებასა და გადაფორმებას შორის. ამ საკითხებზე ადვოკატი თათია ქაჯაია საუბრობს:
ჩუქებაც და ნასყიდობაც არის ეგრეთ წოდებული „გადაფორმების“, ანუ საკუთრების უფლების რეგისტრაციის სახეები. და როცა ხარ მესაკუთრე, გაქვს უფლება ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ დროს განკარგო შენი ქონება და გაასხვისო ნებისმიერ პირზე. ანუ ჩუქებას გააკეთებ, მაგალითად, თუ ნასყიდობას, ორივე შემთხვევაში - ან ჩუქების საფუძველზე გახდება პირი მესაკუთრე, ან ნასყიდობის საფუძველზე. ორივე არის ეგრეთ წოდებული გადაფორმება, რასაც ეძახიან.
განსხვავება იმაშია, რომ ნასყიდობა არის, როცა თანხის სანაცვლოდ ხდება საკუთრების უფლების გადაცემა, ანუ როცა ვყიდით ან ვყიდულობთ რამეს, ხოლო ჩუქება არის, როცა უსასყიდლოდ ხდება საკუთრების უფლების გადაცემა, ანუ როცა ვჩუქნით ან გვჩუქნიან ყოველგვარი თანხის გარეშე.
ორივე შემთხვევაში ერთნაირად წარმოიშობა საკუთრების უფლება და ორივე შემთხვევაში ერთნაირი უფლებები აქვს მესაკუთრეს- გინდა ნასყიდობის საფუძველზე გქონდეს საკუთრების უფლება მიღებული და გინდა ჩუქების საფუძველზე. მაგრამ როცა ვყიდით რაღაცას ან ვყიდულობთ, უნდა დაიდოს ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო როცა უსასყიდლოდ ხდება ქონების გადაცემა, ანუ უსასყიდლოდ გვჩუქნიან რამეს, უნდა დაიდოს ჩუქების ხელშეკრულება“, - განმარტავს თათია ქაჯაია.
