40-ზე მეტი ორგანიზაცია ეუთოს ხელმძღვანელობაზე აზერბაიჯანის კანდიდატურას ეწინააღმდეგება
ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი
40-ზე მეტმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, უარყონ აზერბაიჯანის განაცხადი 2027 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარეობის შესახებ. ორგანიზაციებმა განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც 19 ნოემბერს ვენაში გამართულ ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ბაქომ ამ პოზიციის დაკავების სურვილი გამოთქვა.
ერთობლივ მიმართვას, რომელიც 23 ნოემბერს გამოქვეყნდა, ხელი 46-მა ორგანიზაციამ მოაწერა. მათ შორის არიან წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაცია, აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაცია Freedom Now, აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა ცენტრი და დამოუკიდებელ იურისტთა ქსელი, ბელარუსის ჰელსინკის კომიტეტი და ადამიანის უფლებათა ცენტრი „ვიასნა“.
ორგანიზაციების შეფასებით, აზერბაიჯანის მთავრობა „არ არის სანდო პარტნიორი უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა თუ ადამიანის უფლებების საკითხებში და არ არის შესაფერისი, უხელმძღვანელოს ორგანიზაციას“.
მიმართვის ხელმომწერები ყურადღებას ამახვილებენ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ 2013 წლიდან დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან რეპრესიებზე. მათი სამიზნე გახდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები და იურისტები.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2026 წლის მაისის ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანში 328 პოლიტიკური პატიმარი იყო, მათ შორის 31 ჟურნალისტი, რვა უფლებადამცველი და ოპოზიციური და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 44 წევრი.
მიმართვაში ასევე აღნიშნულია დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დაკავებების ახალი ტალღა. 2023 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მედია „აბზას მედიას“ (Abzas Media) ჟურნალისტები კონტრაბანდის ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით რეპრესიები სხვა დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზეც გავრცელდა, მათ შორის Toplum TV-ზე, Kanal 13-სა და Meydan TV-ზე. შედეგად, ათობით ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დააკავეს.
ხელმომწერი ორგანიზაციების განცხადებით, ავტორიტარული მთავრობები, მათ შორის აზერბაიჯანის ხელისუფლება, ევროპულ უსაფრთხოებას სულ უფრო დიდ საფრთხეს უქმნიან დეზინფორმაციის, კორუფციის, პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის, ტრანსნაციონალური რეპრესიებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტების მცდელობების გზით.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანი იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მიმართვაში ყურადღება გამახვილებულია თავად ეუთოს განცხადებებზეც. კერძოდ, ორგანიზაციის წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, ტერეზა რიბეირომ, დაგმო აზერბაიჯანში მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლა.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) და ვენეციის კომისიამ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება აზერბაიჯანის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნებს, მედიას, პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ეხება. მათი შეფასებით, ეს კანონმდებლობა ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე აზერბაიჯანის მიერ ეუთოსა და ევროპის საბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს.
მასალის გამოქვეყნების დროისთვის აზერბაიჯანის ხელისუფლებას არც ეუთოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან და არც არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.
ასევე იხილეთ Rapporteur: საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა ევროკავშირი მის კანდიდატურას ეწინააღმდეგება 30 სექტემბერი, 2026

ასევე იხილეთ საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს — „მთავარია, ნოემბრის ბოლომდე გადაწყდეს“ 16 ოქტომბერი, 2026

