Firebird სომხეთში AI მონაცემთა ცენტრში დაგეგმილ ინვესტიციას $8 მილიარდამდე ზრდის
ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
აშშ-ში დაფუძნებული კომპანია Firebird AI სომხეთში მონაცემთა ცენტრების კომპლექსის მეორე ეტაპზე დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ეს მანამდე დაანონსებულ 4 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას მნიშვნელოვნად აღემატება. მეორე კომპლექსი პირველზე დაახლოებით 15-ჯერ დიდი იქნება. ეს ინფორმაცია კომპანიის თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ალექსანდრ ესაიანმა 20-22 ნოემბერს გამართულ კონფერენციაზე DigiTec დაადასტურა.
ხელოვნური ინტელექტის ღრუბლოვანი სერვისების კომპანია Firebird-მა პირველი მონაცემთა ცენტრი სომხეთში, კოტაიქის რეგიონში, ქალაქ ჰრაზდანში 2026 წლის 8 აგვისტოს გახსნა. პროექტში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ცენტრში 6 000-ზე მეტი გრაფიკული პროცესორია (GPU) განთავსებული. კომპანიის განცხადებით, ეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) რეგიონში ხელოვნური ინტელექტის ყველაზე დიდი მონაცემთა ცენტრია.
ხელოვნური ინტელექტის საწარმო სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაღრმავების ფონზე შეიქმნა. მისი გახსნა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირების პირველ წლისთავს დაემთხვა. შეთანხმებას მხარეებმა ვაშინგტონში მოაწერეს ხელი. იმავე პერიოდში, 2025 წლის აგვისტოში, სომხეთმა და აშშ-მა ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმიც გააფორმეს.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტისგან ქვეყნის ეკონომიკაზე დადებით გავლენას ელიან, კრიტიკოსები შეშფოთებას გამოთქვამენ გარემოზე მისი შესაძლო ზემოქმედების, განსაკუთრებით წყლის რესურსებზე ზეწოლისა და ელექტროენერგიის ქსელის დამატებითი დატვირთვის გამო.
კომპანია ამ შეშფოთებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ სომხეთს ელექტროენერგიის ჭარბი რესურსი აქვს. ამასთან, მონაცემთა ცენტრის გასაგრილებლად გამოიყენება დახურული ცირკულაციის სისტემა, რომელიც, სხვა მონაცემთა ცენტრების სისტემებისგან განსხვავებით, წყალს არ მოიხმარს.
ნოემბერში გამართულ კონფერენციაზე ესაიანმა განაცხადა, რომ მეორე კომპლექსის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მისი დასრულება 2027 წლის მარტისთვის იგეგმება. ცენტრი ფუნქციონირებას ამავე წლის ბოლოს დაიწყებს.
მისი ინფორმაციით, კომპლექსში 45 000 გრაფიკული პროცესორი (GPU) და დამატებით 25 000 გამოთვლითი ელემენტი განთავსდება.
„ეს ქვეყანაში დაახლოებით 8 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციაა, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა. გარდა ამისა, მოგების გადასახადი და სხვა გადასახადები სრულად ქვეყანაში გადაიხდება. მშპ-სთან მიმართებით, ამ პროექტის წილი შესაძლოა 5-7%-ზე მეტი იყოს, ხოლო 2028 წლიდან, როდესაც [საწარმო] სრულად ამოქმედდება, მისი გავლენა ქვეყნის მშპ-ზე შესაძლოა 8-10%-ს მიაღწიოს“, – განაცხადა ესაიანმა.
საწარმოს განვითარების მესამე ეტაპიც არის დაგეგმილი. ესაიანის თქმით, სამივე ეტაპის დასრულების შემდეგ Firebird-ის გამოთვლითი ინფრასტრუქტურა სომხეთში 100 000-ზე მეტ მაღალი წარმადობის გრაფიკულ პროცესორს (GPU) გააერთიანებს.
მისი განცხადებით, ასეთი სიმძლავრე სომხეთს გამოთვლითი რესურსების თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვან ათ ქვეყანას შორის მოხვედრისა და რეგიონული ლიდერის პოზიციის დაკავების შესაძლებლობას მისცემს.
სომხეთის მთავრობას ინვესტიციის გაზრდისა და ინფრასტრუქტურის გაფართოების შესახებ საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.
ასევე იხილეთ უმხვილესი ტექკომპანიები, NVIDIA და Firebird სომხეთში $500-მილიონიანი AI ქარხნის პროექტს იწყებენ 12 ივნისი, 2025

ასევე იხილეთ ეს ქარხანა დაეხმარება სომხეთს, გადაიქცეს AI ინოვაციების რეგიონულ ჰაბად – სომხეთში აშშ-ის საელჩო Firebird AI-ის საწარმოს გახსნაზე 10 აგვისტო, 2026

