ფაშინიანი იცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც მოქალაქეობის ჩამორთმევას დაუშვებს
ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაიცვა ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტში გათვალისწინებული დებულება, რომლის თანახმადაც, გარკვეულ პირობებში, მოქალაქეებს შესაძლოა სომხეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ. მისი თქმით, ეს შესაძლოა „დამატებითი შემაკავებელი ფაქტორი“ გახდეს სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის წინააღმდეგ.
23 ნოემბერს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული კონსტიტუციის პროექტის თანახმად, პირს სომხეთის მოქალაქეობა სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება ჩამოერთვას კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის. ასეთ შემთხვევებს შორისაა, მაგალითად, მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეები, ასევე ივნისის საარჩევნო კამპანიის პერიოდში გამოვლენილი შემთხვევები.
ფაშინიანის განცხადებით, ეს ცვლილება ჯაშუშობის პრევენციას შეუწყობს ხელს.
„მაგალითად, რატომ უნდა შევუნარჩუნოთ მოქალაქეობა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, რომელიც ჯაშუშობისთვის არის მსჯავრდებული […] და ამასთანავე, რატომ უნდა მივანიჭოთ მას სამოქალაქო უფლებები? სახელმწიფოს საკუთარი თავის დაცვის საშუალებები უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
26 ნოემბერს, ყოველკვირეული პრესკონფერენციის დროს, ფაშინიანს ჰკითხეს, რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომ აღნიშნული დებულება ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, მათ შორის, საარჩევნო პერიოდში გამოიყენონ და მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკური მოტივებით მოხდეს.
ფაშინიანის თქმით, ამისგან დაცვის „ყველაზე საიმედო“ გარანტია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა იქნება.
თუმცა მოსამართლეთა შემოწმების (ვეტინგის) საკითხმა, როგორც ეს კონსტიტუციის ახალ პროექტშია გათვალისწინებული, ასევე გამოიწვია კრიტიკა. მოსამართლეთა კავშირი აცხადებს, რომ აღნიშნული მექანიზმი „სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის“.
24 ნოემბერს სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა არპინე სარგსიანმა განაცხადა, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დებულებასთან დაკავშირებით დამატებითი განხილვებია საჭირო. მისი თქმით, საკითხს ორი ასპექტი აქვს: ერთი ეხება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, მეორე კი – მათ, ვისაც მხოლოდ სომხეთის მოქალაქეობა აქვს.ფ
„ამასთანავე, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მსოფლიოში მოქალაქეობის არმქონე პირები არ არსებობდნენ. გარწმუნებთ, არ იქნება გათვალისწინებული არც ერთი დებულება, რომელიც შემდგომში არაკონსტიტუციური ან ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებთან შეუსაბამო აღმოჩნდება“, – განაცხადა სარგსიანმა.
დაპირისპირება ყარაბაღელი ლტოლვილების დაბადების ადგილის მითითების საკითხზე
იმავე პრესკონფერენციაზე ფაშინიანს ასევე ჰკითხეს ნოემბრის შუა რიცხვებში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც მან ოპოზიციურად განწყობილ სომეხ ჟურნალისტს, ჰრიფსიმე ჯებეჯიანს შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტმა მას სამხედრო სასაფლაო „იერაბლურის“ შესახებ დაუსვა კითხვა და აღნიშნა, რომ ფაშინიანის მთავრობის პერიოდში სამხედრო პანთეონი გაფართოვდა.
„იერაბლურში“ დაკრძალულნი არიან სომეხი ჯარისკაცები, რომლებიც პირველი და მეორე ყარაბაღის ომების, ასევე აზერბაიჯანთან შემდგომი შეიარაღებული დაპირისპირებების დროს დაიღუპნენ.
26 ნოემბერს, ამ ინციდენტზე მითითებით, სხვა ჟურნალისტმა ფაშინიანს ჰკითხა, აწუხებს თუ არა სინდისი „იერაბლურის“ საკითხის გამო, ასევე იმის გამო, რომ ახალი ბიომეტრიული პასპორტების მიხედვით, მთიანი ყარაბაღიდან დევნილი სომხების დაბადების ადგილად აზერბაიჯანი უნდა მიეთითოს.
ფაშინიანმა ეს ორი საკითხი ერთმანეთთან დააკავშირა.
„[იერაბლურის საკითხი] სინდისს ნამდვილად ძალიან, საშინლად მაწუხებს. დიახ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვამბობთ, რომ ჩვენი თანამემამულეების პასპორტებში, ყარაბაღიდან მათი წარმოშობის ადგილის მითითებისას, უნდა ვიხელმძღვანელოთ პარაფირებული სამშვიდობო შეთანხმების საწყისი დებულებებით, რათა „იერაბლური“ არ გაფართოვდეს, რადგან ეს ორი რამ ერთმანეთთან შეუთავსებელია. ან „იერაბლური“ უნდა გაფართოვდეს, ან პარაფირებული სამშვიდობო შეთანხმების პრინციპების ფარგლებში უნდა დავრჩეთ. ეს ძალიან მარტივი პოლიტიკური არჩევანია“, – თქვა ფაშინიანმა.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი 2025 წლის აგვისტოში, ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში შეათანხმეს და პარაფირება მოახდინეს, თუმცა დოკუმენტს ხელი ჯერ არ აქვს მოწერილი.
ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში იყო ორი წელი და რვა თვე, როდესაც „იერაბლური“ არ გაფართოებულა.
„ეს გამორჩეული და უპრეცედენტო შემთხვევაა“, – თქვა მან.
ნოემბრის დასაწყისში შს მინისტრმა არპინე სარგსიანმა ლტოლვილთა პასპორტებთან დაკავშირებულ საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, სომხეთმა იხელმძღვანელა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებით. ეს გაეროს სააგენტოა, რომელიც სამოქალაქო ავიაციისა და სამგზავრო დოკუმენტების რეგულირებაზეა პასუხისმგებელი. ასევე, გამოყენებული იყო სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) წესები, რომელიც გეოგრაფიული სახელწოდებების საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ფორმებს ადგენს.
სარგსიანის განმარტებით, ხელისუფლებამ ქალაქის ნაცვლად პასპორტებში ქვეყნის მითითება გადაწყვიტა, რათა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე შესაძლო პრობლემები თავიდან აეცილებინა. მინისტრმა მაგალითად მოიყვანა ურუგვაის შემთხვევა, რომელსაც 2025 წელს გერმანიასა და საფრანგეთთან მსგავსი პრობლემები შეექმნა.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ დასახლებული პუნქტის მითითებას გადავწყვეტდით, ISO-ს სტანდარტით უნდა გვეხელმძღვანელა. თუმცა ამ სტანდარტში ვერ იპოვით იმ ადგილების სახელწოდებებს, რომლებსაც ჩვენი თანამემამულეები ყარაბაღიდან თავიანთ პასპორტებში ხედვის სურვილს გამოთქვამენ“, – თქვა სარგსიანმა.
ნოემბრის დასაწყისში მთიანი ყარაბაღიდან დევნილი სომხების უფლებადამცველმა ორგანიზაცია „არწახის კავშირმა“ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ლტოლვილების დაბადების ადგილად აზერბაიჯანის მითითებას არც ICAO-ს და არც ISO-ს საერთაშორისო სტანდარტები არ მოითხოვს. ორგანიზაციის შეფასებით, ეს სომხეთის ხელისუფლების „პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“ და უკავშირდება 2026 წლის 11 მაისს მიღებულ ახალ კანონს, რომელიც ძალაში 30 ოქტომბერს შევიდა.
„იძულებით გადაადგილებული პირისთვის დოკუმენტში იმ სახელმწიფოს სახელწოდების მითითების მოთხოვნა, რომლის ქმედებებმაც მას დაბადების ადგილის დატოვება აიძულა, არაპროპორციულ ჩარევას წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ნეიტრალური ალტერნატივები“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციას ასევე მიუთითა ICAO-ს რეკომენდაციაზე, რომლის თანახმადაც, დაბადების ადგილის მითითებისას დოკუმენტის გამცემმა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს შესაბამის ქვეყანასთან ან ტერიტორიასთან დაკავშირებული სენსიტიური გარემოებები.
ფაშინიანის 26 ნოემბრის განცხადების შემდეგ მთიანი ყარაბაღის რამდენიმე მაღალჩინოსნის ყოფილი თანამდებობის პირმა, „არწახის კავშირის“ ხელმძღვანელმა არტაკ ბეგლარიანმა Facebook-ზე დაწერა, რომ პრემიერ-მინისტრის განმარტებამ დაადასტურა, რომ „აზერბაიჯანის“ მითითება „წმინდად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, რომლის მიზანიც ხელისუფლების მიერ გავრცელებული ცრუ „მშვიდობის“ ნარატივის გამართლებაა.

ბეგლარიანმა დაბადების ადგილის აღრიცხვის სამი ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა.
პირველი ვარიანტის მიხედვით, უნდა გამოიყენონ ინფორმაცია, რომელიც მოქალაქეთა დაბადების მოწმობებშია მითითებული. მათთვის კი, ვინც საბჭოთა პერიოდში დაიბადა, დაბადების ადგილად „სსრკ“ ჩაიწეროს. სხვა შესაძლო ვარიანტებია „სომხეთი“ ან „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ – ეს უკანასკნელი, ბეგლარიანის თქმით, მართალია, ISO-ს სტანდარტს არ შეესაბამება, თუმცა ალტერნატივად უნდა განიხილებოდეს.
„თუ არ გყოფნით გამბედაობა ან პოლიტიკური ნება, რომ აზერბაიჯანის გარდა სხვა სახელმწიფოს სახელი ჩაწეროთ, მაშინ უბრალოდ დასახლებული პუნქტის სახელწოდება მიუთითეთ. თანაც, ის ზუსტად ისე უნდა ჩაიწეროს, როგორც დაბადების მოწმობაშია მითითებული და არა აზერბაიჯანული ოკუპაციის პერიოდში დამკვიდრებული სახელწოდებით“, – დაწერა ბეგლარიანმა.
მის მიერ შეთავაზებული მესამე ვარიანტია, პასპორტში დაბადების ადგილის ველი საერთოდ ცარიელი დარჩეს.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.
კითხვის გამარტივების მიზნით, აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღისა და სამხრეთ ოსეთის ინსტიტუტებისა თუ პოლიტიკური თანამდებობების განხილვისას OC Medა არ იყენებს ისეთ განმარტებებს, როგორიცაა „დე ფაქტო“, „არაღიარებული“ ან „ნაწილობრივ აღიარებული“. ეს არ გულისხმობს ამ ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით რაიმე პოზიციის გამოხატვას.
ასევე იხილეთ რა არის განსხვავებული სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტში? — ახსნილი 26 ნოემბერი, 2026

ასევე იხილეთ სომხეთში ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოქვეყნდა — ოპოზიციამ მას „ფიურერის კონსტიტუცია“ უწოდა 24 ნოემბერი, 2026

