RES: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RES ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ქართულმა მხარემ „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელს პოსტკონფლიქტური მოწესრიგების საკითხებში“ მიაწოდა.
ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქართული მხარის მიერ გოლოვევის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები „სრულიად აბსურდულია და ყოველგვარ კრიტიკას ვერ უძლებს”.
„ე.წ. გამოძიების მიმდინარეობისას ქართული მხარე ყველანაირად აფერხებდა ინფორმაციის მიღებას გოლოვევის ადგილსამყოფლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მასზე, უდავოდ, ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რადგან მასთან არც კანონიერი წარმომადგენლების და არც ადვოკატების დაშვება არ ხდებოდა. არც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიუღია რაიმე ქმედითი ზომები, მიუხედავად მისი უახლოესი ნათესავების არაერთი მიმართვისა. ნათელია, რომ ეს ფაქტი საქართველოში ეთნიკური ოსების მიმართ არსებული რეალური დამოკიდებულებისა და იმ პოლიტიკის უტყუარი დასტურია, რომელიც არ შეცვლილა ჟორდანიას, გამსახურდიასა და სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების დროიდან. კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ოსების მიმართ მტრულად განწყობილ ტერიტორიაზე ვიზიტებისგან“ – ავრცელებს უწყების განცხადებას სააგენტო RES-ი.
27 წლის სტუდენტი, მამით ოსი და დედით ქართველი, თამაზ გოლოევი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 22 აპრილს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.
სუსის თქმით, საქართველოს მოქალაქეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი გარკვეული ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ავალებდა სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ. ასევე, მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება; – საქართველოში სტრატეგიული ობიექტების – მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა.
თამაზ გოლოევის დაკავებას რამდენიმე დღეში გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიც. ამის თაობაზე განცხადება 25 აპრილს გავრცელეს, სადაც გოლოევის ბრალდებას „მოგონილი“ უწოდეს.
გოლოევი, მეტსახელად გოლოთი, წარმოშობით ახალგორიდან არის. ის ცხინვალში სწავლობდა და ხშირად ჩადიოდა თბილისში.
როგორც დაკავებულის დედამ მედიას განუცხადა, მისი შვილი თბილისში ახალგორიდან 2026 წლის 22 აპრილს, დილით ჩავიდა და ჩასვლისთანავე დააკავეს, რის შესახებაც მან ტელევიზორიდან გაიგო. მოგვიანებით, თბილისში თვითონაც ჩავიდა, თუმცა შვილთან შეხვედრა ვერ მოახერხა.
„მგონია, რომ ტყუილად აბრალებენ“, „ ეგეთი რამე [თვალთვალი] რომ ყოფილიყო, ასე თავისუფლად არ ივლიდა“ – თქვა მაშინ „რადიო თავისუფლებასთან” გოლოევის დედამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის მუხლით გოლოევთან ერთად ბრალი წარუდგინა კიდევ 2 პირს, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.
სამივე პირს ბრალდება 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც 8-12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუსს განცხადებაში არ დაუსახელებია ქვეყანა, რომლის სასარგებლოდაც აღნიშნული პირები მოქმედებდნენ, მოგვიანებით, სახელისუფლებო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ.
ასევე იხილეთ ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ ღრმად შეშფოთებული არიან თამაზ გოლოევის ბედით 03 ივნისი, 2026

ასევე იხილეთ ვინ არის ჯაშუშობისთვის დაკავებული 27 წლის მამაკაცი 24 აპრილი, 2026

