
სპორტის მინისტრი 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის ევროპის ჩემპიონატის დახურვის ცერემონიას დაესწრო
თელავში 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის (Men’s 18 EHF Championship II 2026) ევროპის პირველობა გაიმართა.
ჩემპიონატის დახურვის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის (Men’s 18 EHF Championship II 2026) ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის დროს საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი მეტოქის გამარჯვებით, ანგარიშით 35:28, დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე მოპოვებული ოთხი გამარჯვების შედეგად 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის ევროპის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში გადაინაცვლა.
საქართველოს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნიკოლოზ მამულაშვილი დასახელდა, რომელიც შალვა გოგოლაძემ დააჯილდოვა.
ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 31:24 დაამარცხა, მეორე მატჩში ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ ანგარიშით 35:32 გაიმარჯვა, მესამე მატჩში კვიპროსის ნაკრები ანგარიშით 29:19 დაამარცხა, ხოლო მეოთხე გამარჯვება კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოიპოვა, რომელშიც მეტოქეს ანგარიშით 35:30 სძლია.
18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის ჩემპიონატში, საქართველოს გარდა, ბელგიის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, კოსოვოსა და კვიპროსის გუნდები მონაწილეობდნენ. კონტინენტის პირველობა 2 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით თელავის სპორტის სასახლეში იმართებოდა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge