
სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი - გიორგი ბარამიძის განცხადებაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობა ლიკლიკაძე, რომელიც აფხაზეთის ომის დროს სამხედრო მოქმედებებს აშუქებდა და კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა, ამბობს, რომ ქართველი სამხედროების მიერ აფხაზი ტყვეების დახვრეტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია. უფრო მეტიც, დღეს გაიხსენა ერთ-ერთ აფხაზ ტყვესთან ჩაწერილი ინტერვიუც, რომელიც ამბობდა, რომ ქართველი მებრძოლები მას კარგად ექცეოდნენ. გიორგი ბარამიძეს კი, რომელმაც ქართველი მებრძოლები სამხედრო ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა, ბოდიშის მოხდას ურჩევს.
მძიმე ისტორია გაიხსენა მედიასთან აფხაზეთის ომის ვეტერანმა, მალხაზ ჩემიამ. თქვა, რომ გიორგი ბარამიძემ აფხაზეთი მასთან, რამდენიმე სხვა დაჭრილ მებრძოლთან ერთად კოდორის გავლით დატოვა. იმ დღეების განმავლობაში კი, ჩემიას ინფორმაციით, ყველა მშიერი იყო ბარამიძის გარდა – მიზეზები ვეტერანმა ჟურნალისტებთან გაამხილა.
უფრო მწვავეა აფხაზეთის ომის სხვა ვეტერანების შეფასებები ბარამიძის განცხადებაზე. მალხაზ თოფურია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ქმედებებს ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლასა და ბოროტებას უწოდებს.
აფხაზეთის ომი დეტალურად გაიხსენა გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულმა გოგა ხაინდრავამაც და ბარამიძის განცხადება სამშობლოს ღალატად შეაფასა.
გიორგი ბარამიძემ თავდაპირველად იაგო ხვიჩიას გადაცემაში თქვა, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები სამხედრო ტყვეებს ხვრეტდნენ. შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა და ტყვეების დახოცვა ხალხს დააბრალა. დღეს სოციალურ ქსელში კიდევ ერთი სტატუსი დაწერა და ყველა ისევ მისი სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა.
ბარამიძის განცხადების შეფასებისგან მეხუთე დღეა თავს იკავებენ მისი თანაპარტიელები. "ნაციონალურ მოძრაობაში" ისევ ამბობენ, რომ განმარტება თავად ბარამიძემ უკვე გააკეთა და მის სიტყვებში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველს ვერ ხედავენ.
გია ბარამიძის განცხადება შემთხვევით ნათქვამი ფრაზა არ არის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ "ხალხის ძალისთვის". "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ გიორგი ბარამიძე და მისი თანაგუნდელები სხვა ქვეყნის დავალებებს ასრულებენ და სამშობლოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.
გიორგი ბარამიძის განცხადებაში მოღალატეობრივ ქმედებას ხედავს დედაქალაქის მერი. კახა კალაძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა და ქართველი ხალხის იმიჯი დააზიანოს.
გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე, სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო. საგამოძიებო უწყებას უკვე აქვს აფხაზეთის ომის ვეტერანების, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გენერალ-მაიორ გია ყარყარაშვილისა და აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლის სამთავრობო კომისიის წევრის – პაატა ზაქარეიშვილის ჩვენებები.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge