
ეს იყო მტრული განცხადება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ - თენგიზ შარმანაშვილი ბარამიძის განცხადებაზე | Rustavi2
აფხაზეთთან დაკავშირებით გიორგი ბარამიძის ანტი სახელმწიფოებრივ განცხადებას კიდევ ერთხელ ეხმაურებიან როგორც ომის ვეტერანები, ასევე პოლიტიკოსები.
გიორგი ბარამიძემ, რამდენიმე დღის წინ, ქართველი მებრძოლები აფხაზეთის ომში ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა, შემდეგ კი იგივე ხალხს დააბრალა.
ამ განცხადების გამო პროკურატურამ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმე საბოტაჟის და ქვეყნის ღალატის მუხლით დაიწყო.
საკითხს აფასებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეც. თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ბარამიძემ აღნიშნული განცხადება გარე ძალების დავალებით გააკეთა.
"ეს იყო მტრული განცხადება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.
ომის დროს თავდაცვის მინისტრმა, ყარყარაშვილმა მიუთითა - ერთადერთი, რაც ახლა შეგიძლია გააკეთო არის ის, რომ გამოხვიდე და ხმამაღლა განაცხადო, რომ დაუშვი უზარმაზარი შეცდომა და ბოდიში მოიხადოო. ამას არ აკეთებს, ამას არ აკეთებინებენ.
აღარ დარჩა აღარანაირი სეგმენტი საქართველოში, ვინც აფხაზეთის ამ ცნობილ ომთან იყო დაკავშირებული, რომელმაც არ თქვა, რომ ეს არის მოღალატეობრივი განცხადება. პირდაპირ მიუთითეს ამის თაობაზე მას.
ის მაინც ურცხვად ამართლებს და რითაც ამართლებს, ხან და ხან, ის კიდევ უფრო უარესია, ვიდრე თავიდან რაც განაცხადა. ხან ხალხს დააბრალა ეს დანაშაული, ხამ ვის დააბრალა, ხან ვის.
თუ ეს ასე არ არის, უნდა გამოვიდეს და თქვას, ამ სიტყვებით - ყველა სიტყვა ტყუილია, რაც მე ვთქვი და ამის გამო ბოდიშს ვიხდი. სხვა დანარჩენი განმარტებები, იმის დადასტურებაა, რომ ეს იყო დაკვეთით ნათქვამი", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge