ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
მისი განცხადებით, ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობისაა და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, ეს ვიზიტი საუკეთესო შესაძლებლობაა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ინტერესის და ურთიერთობების განვითარებისთვის.
"ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის ისტორიული იმ თვალსაზრისით, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტები არასდროს განხორციელებულა და გაცვლილა.
ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ვიმსჯელოთ. საქართველო გეგმავს საელჩოს გახსნას ვიეტნამში, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, ქვეყანა არის მზარდი ეკონომიკით, აზიაში ერთ-ერთი შთამბეჭდავი პროგრესით და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ განვავითაროთ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანია სტრატეგიული მდებარეობა ორივე ქვეყნის, ამ შემთხვევაში ორმხრივი ინტერესის და ურთიერთობების განვითარებისთვის", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge