ბოჭორიშვილი თბილისში ან მოსკოში მოლაპარაკებებზე: ასეთი არც შემოთავაზებაა, არც გადაწყვეტილება და არც დღის წესრიგში დგას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების თბილისში ან მოსკოვში შესაძლო გამართვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე აცხადებს, რომ „ასეთი არც შემოთავაზებაა, არც გადაწყვეტილება და არც დღის წესრიგში დგას“. ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„არც შემოთავაზებაა, არც გადაწყვეტილება და არც დღის წესრიგში დგას. ასე რომ, წინასწარ ამ თემებზე საუბარი სწორი არ მგონია“, – თქვა მან.
მაკა ბოჭორიშვილმა შეაფასა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც, რომელმაც გუშინ, 25 ნოემბერს თქვა, რომ მინსკის შეხვედრამ ძალიან კარგი პროგრესი აჩვენა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის, ნდობის თვალსაზრისით, რამაც შემდგომი მოლაპარაკებების უკვე ორი ქვეყნის დედაქალაქებში გადატანა გახადა შესაძლებელი.
„ბელარუსის მხარე ამ შეხვედრების მხარე არ არის და არ აქვს ამ შეხვედრების შინაარსზე და შედეგებზე ინფორმაცია, არც შედეგების შეფასება შეუძლია ვინმეს, თუ ამას ჩვენ არ გავაკეთებთ ან რუსეთი, თუ რა შედეგით დასრულდა ეს შეხვედრა და რა შედეგები მოჰყვა. შესაბამისად, შეხვედრების საჭიროება თუ გაგრძელება მხარეების გადასაწყვეტია და არა იმათი, ვისაც არ აქვს არანაირი როლი ამ შემთხვევაში ამ შეხვედრების შინაარსში და შეხვედრების გამართვაში. ბელარუსის მხარის მიერ გადადგმული იყო ის ნაბიჯები, რაც სჭირდებოდა მინსკში შეხვედრის ჩატარებას და მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა ორგანიზებული ყოფილიყო შეხვედრა ყოველგვარი შეფერხების გარეშე და, რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ, თუმცა შეხვედრების გაგრძელებაზე, შემდგომ ნაბიჯებზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს და თუკი იქნება შემდგომი შეხვედრის საჭიროება, მხარეები განიხილავენ, სად ჯობია იმ კონკრეტულ მოცემულობაში და კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით, სად იქნება შეხვედრა“, – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით და მიესალმა მის განცხადებას, რომ საქართველოს არ უნდა ეშინოდეს რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთს თუკი სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, აქ არც დასამალია არაფერი და ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯებია გადასადგმელი და ვისი მხრიდან, რომ რამე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციასთან.
„ასე რომ, მხოლოდ სურვილის გაჟღერება საკმარისი არ არის, თუკი სურვილია, მაშინ კონკრეტული ქმედებებიც უნდა ვნახოთ და კონკრეტული ნაბიჯებიც უნდა ვნახოთ, თუ რა იგულისხმება ამ სურვილის განხორციელებაში. ეს სურვილი ვერ იქნება ჩვენი მხრიდან განხორციელებული, ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც აქვს გადასადგმელი რამე ნაბიჯი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
19 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი და სერგეი ლავროვის მოადგილე, მიხეილ გალუზინი შეხვდნენ. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ისინი „ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით კონტაქტების გაძლიერებაზე“ შეთანხმდნენ. მათივე თქმით, შეხვედრა რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გაიმართა.
გალუზინმა რუსული მედიისთვის 22 ნოემბერს მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხარე მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილია.
რა უძღოდა წინ მინსკში შეხვედრას
21 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი წარადგინა.
წარდგინებას მოჰყვა საკანონმდებლო ცვლილებაც. 28 ოქტომბერს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც შესაძლებელი გახდა, მინისტრის მოადგილეს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქციაც მიენიჭოს.
მთავრობის წარმომადგენელმა პარლამენტში განაცხადა, რომ ეს ცვლილება უკავშირდება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისა და რუსეთთან სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობების შეთავსებასაც.
21 ოქტომბერს ბრიფინგზე კობახიძემ სპეციალური წარმომადგენლის ამოცანები შემდეგნაირად აღწერა:
რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება; არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება; ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგი.
„რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა კობახიძემ.
გაფართოვდა თუ არა სპეციალური წარმომადგენლის მანდატი?
რუსეთთან სპეციალური წარმომადგენლის პოზიცია 2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არსებობს.
ამ ფორმატით „ოცნებამ“ რუსეთთან არაფორმალური პირდაპირი დიალოგი წამოიწყო, რომელიც საზოგადოებაში „აბაშიძე-კარასინის ფორმატის“ სახელით იყო ცნობილი.
რუსეთთან სპეციალური წარმომადგენელი 2012 წლიდან 2024 წლამდე იყო ზურაბ აბაშიძე; ხოლო რუსეთის მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი წარმოადგენდა. შეხვედრები პრაღაში იმართებოდა.
ზურაბ აბაშიძის პრაღაში მივლინების შესახებ დოკუმენტებსა და გავრცელებულ ინფორმაციებში აღნიშნულია, რომ შეხვედრებზე განიხილავდნენ შემდეგ საკითხებს:
სავაჭრო ურთიერთობები; სატრანსპორტო კავშირები; ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობები; თანამშრომლობის სხვა შესაძლო სფეროები.
ამ საკითხებს შორის „რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება“ ნახსენები არაა.
თავად ზურაბ აბაშიძე აცხადებდა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიები, უსაფრთხოების საკითხები ჟენევის ფორმატის პრეროგატივაა“, მაგრამ ის პირადი ინიციატივით ყოველთვის ცდილობდა დევნილების საკითხის წამოწევას.
ზურაბ აბაშიძის შემდეგ რუსეთთან წარმომადგენელი 2025 წლის დეკემბრამდე გიორგი ქაჯაია იყო.
რუსეთთან მოლაპარაკების ერთადერთი საერთაშორისო ოფიციალური ფორმატი ე.წ. ჟენევის ფორმატია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.
ფორმატის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირი, გაერო და ეუთო, შეხვედრებში კი მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები, ასევე ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილნი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები. მოლაპარაკებები ორ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს:
უსაფრთხოება და სტაბილურობა – მათ შორის ძალის გამოუყენებლობის საკითხი და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები. ჰუმანიტარული საკითხები – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება, გადაადგილების თავისუფლება, დოკუმენტაცია და სხვა პრობლემები.
„ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ზურაბაშვილის წარდგენის დროს განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით რუსეთთან ურთიერთობაში „რამე ახალი ეტაპი არ იწყება“.
„ჟენევის ფორმატი არსებობს და გრძელდება მუშაობა, შვეიცარიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საქართველოს ინტერესების სექცია აგრძელებს მუშაობას, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროება და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი,“- განაცხადა მან.
კობახიძისგან განსხვავებით, ამ გადაწყვეტილებაში რუსეთთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა დაინახეს ქართველმა დიპლომატებმა.
მათი შეფასებით, სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია როგორც რუსეთთან წარმომადგენლად მინისტრის პირველი მოადგილის დანიშვნა, ასევე – მისი მანდატის გაფართოება.
დიპლომატები აცხადებენ, რომ მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილისთვის ამ სტატუსის მინიჭება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად ან ამისთვის საფუძვლის მომზადებად შეიძლება ჩაითვალოს, რაც წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან.
„განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის მანდატს დაემატა „რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება“, რაც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისთვის პირდაპირი ალტერნატივის შექმნას ნიშნავს. ქართული დიპლომატიის მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა საქართველო-რუსეთის კონფლიქტი გამხდარიყო საერთაშორისო ფორმატში განხილვის საგანი და ამ მოლაპარაკებებში საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო არ დარჩენილიყო. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი… მიღებული გადაწყვეტილება, წინააღმდეგობაში მოდის როგორც დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან, ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს ჟენევის ფორმატს და აზიანებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას“, – აცხადებენ ისინი.
პრორუსი პოლიტიკოსი, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული მამუკა ფიფია ასევე აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დანიშვნა „ფაქტობრივად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა“.
„სპეციალური წარმომადგენლები ადრეც იყვნენ. თუმცა ამ შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია: ზურაბაშვილი არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლად დაინიშნა, არამედ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასაც ინარჩუნებს. ეს მას საშუალებას აძლევს, მაღალი დონის შეხვედრები გამართოს მიხაილ გალუზინთან, ასევე სერგეი ლავროვთან. სწორედ ამიტომ ვანიჭებ ამ დანიშვნას ასეთ მნიშვნელობას. ეს ახალ დონეზე გადასვლაა, პრაქტიკულად, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ვიმედოვნებთ, რომ ახლა მოსკოვშიც შედგება ვიზიტები და თბილისშიც. კარგია, რომ ეს ნაბიჯი თბილისმა გადადგა“, – ამბობს ფიფია და ირწმუნება, რომ „ქართულმა საზოგადოებამ ეს ნაბიჯი ძალიან დადებითად მიიღო“.
მამუკა ფიფიას განცხადებით, ნაბიჯი, რომელიც თბილისმა ახლა გადადგა, რეალური წინსვლაა და დაახლოების შესაძლებლობას ქმნის. მან იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები მალე დაიწყება.
ასევე იხილეთ ზურაბაშვილი მინსკში განხილულ საკითხებს (არ) ასახელებს 26 ნოემბერი, 2026

ასევე იხილეთ მინსკი: საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვში გაგრძელდეს 25 ნოემბერი, 2026

