
"ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ცენტრალური აზიის რესპუბლიკებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, ეკონომიკური კავშირები" - დავით მათიკაშვილი ყირგიზეთში ვიზიტზე
პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთშია - ბიშკეკში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ყირგიზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შალვა პაპუაშვილი გაფართოებულ ფორმატში, ეროვნული დელეგაციების მონაწილეობით, უკვე შეხვდა ყირგიზ კოლეგას. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ყირგიზეთის პრეზიდენტთან.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი თქმით, საქართველო და ყირგიზეთი შუა დერეფნის ფარგლებში თანამშრომლობას აძლიერებენ, იზრდება ყირგიზი ტურისტების რაოდენობაც.
"ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ცენტრალური აზიის რესპუბლიკებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, ეკონომიკური კავშირები. იგეგმება რამდენიმე ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის. ცოტა ხნის წინ იყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში, რა დროსაც ხელი მოეწერა უამრავ შეთანხმებას.
ვაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნები არიან და საქართველოს ეკონომიკური კავშირი, ურთიერთობა ამ ქვეყნებთან კიდევ და კიდევ ღრმავდება.
იზრდება ყირგიზი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. სასურველია, რომ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ასევე, ბიშკეკსა და თბილისს შორის პირდაპირი საჰაერო დაკავშირებადობის საკითხიც განიხილეს დღეს პარლამენტის თავმჯდომარეებმა.
ვფიქრობთ, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება პარლამენტის თავმჯდომარის ამ ისტორიული ვიზიტის შემდგომ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge