
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთის და ევროპის დასაკავშირებლად საქართველოს გავლით მიმავალი მარშრუტი ერთადერთი რეალური და სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა. ვფიქრობ, ამ საკითხში ჩვენი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება | Rustavi2
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან, CGTN -თან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა.
სამხარაძემ ქვეყნებს შორის გაზრდილ ტურისტულ ნაკადზე, სავაჭრო ბრუნვასა და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წელი გვქონდა. მიმდინარე წლის ივნისში ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე გაიზარდა. ამ ახალმა სტატუსმა უკვე მოიტანა პირველი ხელშესახები შედეგები როგორც ჩინეთის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის. მაგალითად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა. ამასთან, დღეს ჩინეთსა და საქართველოს შორის იმაზე მეტი პირდაპირი ფრენებია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ სტუმრობა შეუძლიათ, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ჩინეთში უვიზოდ გამგზავრება. ეს, ცხადია, ხელს უწყობს არა მხოლოდ ხალხთა შორის, არამედ ბიზნესებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასაც. შედეგად, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში ჩვენ უკვე გადავაჭარბეთ ორ მილიარდ დოლარს და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა სამ მილიარდ დოლარს მიუახლოვდება. ცხადია, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ტრანსპორტის სფეროშიც, რადგან ჩინეთიც და საქართველოც დიდ ინტერესს იჩენენ შუა დერეფნის მიმართ, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. დღეს ეს ჩინეთიდან ევროპამდე მიმავალი ყველაზე მოკლე, სწრაფი და იაფი მარშრუტია", - აღნიშნა სამხარაძემ.
მან ასევე, ხაზი გაუსვა რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს როლი ჩინეთის და ევროპის დასაკავშირებლად.
"ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტებისა და საომარი ვითარების, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ე.წ. მარშრუტები დღეს დახურულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის და ევროპის დასაკავშირებლად საქართველოს გავლით მიმავალი მარშრუტი ერთადერთი რეალური და სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა. ვფიქრობ, ამ საკითხში ჩვენი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.თუმცა, ამასთან ერთად, მე ვახსენე ორ ხალხს შორის ურთიერთობებიც. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების სფეროში ჩვენი თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი გამოთქვამს ჩინური ენის სწავლის სურვილს, ისევე როგორც ბევრი ჩინელი სტუდენტი დაინტერესებულია ქართული ენის შესწავლით. ჩვენ უკვე დავიწყეთ საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გააქტიურება. და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია კულტურა. საქართველო და ჩინეთი უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნები არიან. სწორედ ამიტომ, კულტურასა და ტრადიციებში ბევრი მსგავსებაა. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე გაზრდა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და განვითარებას. შედეგად, ორივე ქვეყნის მოსახლეობას მეტი შესაძლებლობა ექნება, უკეთ გაიცნოს ერთმანეთის კულტურა და აღმოაჩინოს მათ შორის არსებული მრავალი მსგავსება", - აღნიშნა სამხარაძემ.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge