
ნიკოლოზ სამხარაძე: შუა დერეფანი და საქართველოს მარშრუტი, ჩინეთის ევროპასთან დასაკავშირებლად ერთადერთი რეალური ვარიანტია - ამ საკითხში ჩვენი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა
მიმდინარე წელს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა, რამაც ორ ქვეყნას შორის ხალხთაშორისი, სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული კავშირები კიდევ უფრო გააქტიურა - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჩინურ ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ორ ქვეყნას შორის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის ბოლოსთვის 3 მილიარდ დოლარს მიუახლოვდება, განსაკუთრებული ყურადღება კი ეთმობა „შუა დერეფნის“ სატრანსპორტო მარშრუტს, რომელიც რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელ ერთადერთ რეალურ და მოკლე გზას წარმოადგენს. გარდა ეკონომიკისა, მხარეები აქტიურად ავითარებენ თანამშრომლობას საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლების მიმართულებითაც."ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი წელი ორმხრივ ურთიერთობებში, მიმდინარე წლის ივნისში ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა. და ამან უკვე მოიტანა პირველი, ასე ვთქვათ, მატერიალური და ხელშესახები შედეგები ჩვენი ხალხისთვის - როგორც ჩინეთში, ისე საქართველოში. მაგალითად, ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა ბოლო ორი წლის განმავლობაში ოთხჯერ გაიზარდა. ჩვენ ახლა უფრო მეტი პირდაპირი ფრენა გვაქვს ჩინეთსა და საქართველოს შორის, ვიდრე ოდესმე. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოვიდნენ, საქართველოს მოქალაქეებს კი შეუძლიათ ჩინეთს უვიზოდ ეწვიონ. ეს აშკარად აადვილებს არა მხოლოდ ხალხთაშორის კონტაქტებს, არამედ ბიზნეს-კონტაქტებსაც. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ვაჭრობა წლიდან წლამდე იზრდება. მიმდინარე წელს, პირველი ცხრა თვის განმავლობაში, ჩვენ უკვე გადავკვეთეთ 2 მილიარდიანი ზღვარი და ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოსთვის საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა 3 მილიარდ დოლარს მიუახლოვდება. ცხადია, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ტრანსპორტის სფეროში, რადგან როგორც ჩინეთი, ისე საქართველო ძალზე დაინტერესებულნი არიან ე.წ. „შუა დერეფნით“, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. და ეს არის დღეს ყველაზე მოკლე, ყველაზე სწრაფი და ყველაზე იაფი კავშირი ჩინეთიდან ევროპამდე. და იმის გათვალისწინებით, რომ ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში კონფლიქტები და საომარი ვითარებაა, ე.წ. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტები დღეს დაკეტილია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს გავლით გამავალი მარშრუტი ჩინეთის ევროპასთან დასაკავშირებლად ერთადერთ რეალურ ვარიანტს წარმოადგენს. ასე რომ, აქ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება. მაგრამ ამის მიღმა, ვახსენე ხალხთაშორისი კონტაქტები და აქ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში იზრდება. უფრო და უფრო მეტი ქართველი სტუდენტია, რომელსაც ჩინური ენის შესწავლა სურს, და ასევე ბევრი ჩინელი სტუდენტია, რომელსაც ქართული ენის შესწავლა სურს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩვენი საგანმანათლებლო გაცვლების გააქტიურება. და ბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი - კულტურული გაცვლები. როგორც საქართველო, ისე ჩინეთი უძველესი ცივილიზაციის მქონე ერები არიან და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უამრავი მსგავსება კულტურასა და ტრადიციებშიც. ვფიქრობ, ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლებით, საქართველო-ჩინეთის კულტურული გაცვლებიც გააქტიურდება, გახდება უფრო დინამიური და ორი ქვეყნის ხალხი ბევრად მეტს შეიტყობს ერთმანეთის კულტურის შესახებ და მრავალ მსგავსებას აღმოაჩენს მათში", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge