
ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: პროცესმა დაგვანახა, რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია აგენტურა
საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები ხვალ განახლდება. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე 24 ნოემბერს პროცესი ისევ პაექრობის ეტაპით გაგრძელდება.
მოსარჩელეებს შეკითხვებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაუსვამენ, რომელთა კითხვების უდიდესი ნაწილი პლენუმმა წინა 2 სხდომაზე უკვე მოხსნა. მიზეზი მათი პოლიტიკური შინაარსი იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ სააკაშვილის პარტია, პროცესის გაჭიანურებას მიზანმიმართულად ცდილობს, სწორედ ამიტომ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთი გაფრთხილებაც.
მიმდინარე განხილვები მოსარჩელეებს არწმუნებს, რომ ოპოზიციას საკუთარი პოზიციების დასაცავად მტკიცებულებები არ გააჩნია და ამიტომაც იყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციის ქმედებები არაკონსტიტუციურია და იმედი აქვს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ყველა მიმართულებით დაკმაყოფილდება.
"პროცესმა დაგვანახა, როგორ უსუსურ მდგომარეობაშია აგენტურა - ჩვენი სარჩელი ძალიან მყარია მტკიცებულებებით და შეგვიძლია საკითხი ორადაც დავყოთ. ერთი - წლები, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და მეორე - 2012 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ოპოზიციაში არიან... მათი ქმედებები თავიდან ბოლომდე არაკონსტიტუციურია - ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მართავდნენ ქვეყანას, როგორი სისხლიანი რეჟიმი იყო, თუმცა რაც ოპოზიციაში არიან და რამდენი კონფიგურაციაც შემოგვთავაზეს მათი სახით გარე პატრონებმა, იმავეს ემსახურებიან - მათი მიზანია, ქვეყანა იყოს რყევის პროცესში, მუდმივი საბოტაჟირება, პროცესების ქუჩაში გადატანა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფაქტებით არის გამყარებული. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი სარჩელი ყველა მიმართულებით დაკმაყოფილდება", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge